Opera-ში საიტებზე მხოლოდ ემოჯების ჩაწერითაც მოხვდებით — ინოვაცია დომენების სამყაროში
ორშაბათს კომპანია Opera-ში განაცხადეს, რომ ბრაუზერზე მხოლოდ ემოჯების შემცველ ვებმისამართებსაც დაუშვებენ. მათი მიზანია, ინტერნეტი უფრო შემოქმედებითი გახადონ, ამგვარი ინტეგრაცია კი კომპანია Yat-თან პარტნიორობის ნაწილია. იგი ემოჯების მქონე ვებმისამართებს ყიდის.
"საზოგადოებისათვის მსოფლიო კომპიუტერული ქსელის გაცნობიდან უკვე თითქმის 30 წელი გავიდა, თუმცა ვებ-ბმულების კუთხით ინოვაციებს ნაკლებად ვხვდებით: ხალხი ვებმისამართებს კვლავაც .com-ით აბოლოებს", — განაცხადა იორგენ არნესენმა, Opera-ს წარმომადგენელმა.
Yat გვერდები უნიკალური დომენებია, რომლებიც სტიკერების მწკრივის შეძენისას იქმნება. Yat-ის მფლობელს შეუძლია, სტიკერების წყების NFT შექმნას, კომპანია კი მომხმარებლებს თანდათან Yat-ების ელექტრონულ გადახდებთან დაკავშირების საშუალებას მისცემს. სტარტაპს თუ დავუჯერებთ, მუსიკოსები Yat-ების ერთ-ერთი პირველი მყიდველები არიან. მაგალითად: მომღერალ კეშას Yat გვერდი, რომელსაც მის ვებსაიტზე გადავყავართ, ცისარტყელას, რაკეტისა და უცხოპლანეტელის სტიკერებისაგან შედგება და "y.at" ნაწილს შეიცავს.
Yat-ის თანადამფუძნებელი ნავინ ჯეინი ფიქრობს, რომ ემოჯების მქონე დომენები მომხმარებლებს ინტერნეტ-იდენტობის გამოხატვის საშუალებას აძლევს, შემოქმედებს, ხელოვანებსა და სხვებს კი ონლაინ სივრცეში უფრო შესამჩნევს ხდის. კომპანიამ Yat-ის გვერდები პირველ თებერვალს წარადგინა.
Opera-ში ინტეგრაციის წყალობით, ვებ-მისამართში y.at ნაწილის დაწერა აღარ მოგიწევთ, როგორც სხვა ბრაუზერებშია საჭირო. შესაბამისად, Opera-ში კეშას Yat გვერდზე გადასასვლელად მხოლოდ ცისარტყელას, რაკეტისა და უცხოპლანეტელის ემოჯების ჩაწერა გმართებთ.
კომენტარები