ახლახან Netflix-მა მომხმარებლებს საშუალება მისცა, მწკრივის "Continue Watching" —"ყურების გაგრძელება" — შიგთავსი თავად მოაწესრიგონ. ახლა უკვე შეგეძლებათ, დაწყებული, თუმცა დაუსრულებელი, სერიალები თუ ფილმები ნეტფლიქსის სამომხმარებლო ინტერფეისიდან მოაშოროთ.

ახალი ფუნქცია უკვე ხელმისაწვდომია როგორც Netflix-ის ვებვერსიაზე, ასევე მობილურ და TV აპლიკაციებზე. სასურველი სერიალის ან ფილმის მოსაშორებლად მხოლოდ შესაბამისი ბარათის ამორჩევა გმართებთ, რის შემდეგაც შესაძლო ვარიანტების ჩამონათვალში "Remove from Continue Watching" ღილაკს დააჭერთ. თუკი რაიმეს შემთხვევით ამოშლით, მასზე ხელმეორედ შეხებით იგი ისევ დაბრუნდება.

ფოტო: The Verge

მართალია, ეს Netflix-ის სამომხმარებლო ინტერფეისში გრანდიოზული განახლება არ არის, თუმცა "Continue Watching" მწკრივი საიტის დიზაინში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს — ნეტფლიქსის გახსნისას ერთ-ერთი სწორედ ეს გვხვდება თვალში — შესაბამისად, ნამდვილად არ იქნება ცუდი, მწკრივის შიგთავსის მართვა უკეთ შეგვეძლოს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.