Intel-მა Apple-ს აჯობა — i9-12900HK ლეპტოპის პროცესორი Apple M1 Max-ზე სწრაფია
როგორც ირკვევა, Intel-ის უახლესი, Alder Lake არქიტექტურით შექმნილი ფლაგმანური პროცესორი i9-12900HK, რომელიც სატესტოდ MSI GE76 Raider ლეპტოპში იყო მოთავსებული, 14 ინჩიანი MacBook Pro-ს M1 Max-სა და M1 Pro-ზე სწრაფია. ტესტები Macworld-მა ჩაატარა.
Geekbench-ში ჩატარებული ტესტებში Alder Lake წინ გაიჭრა, მრავალბირთვიან ტესტში მან 13 235 ქულის მოგროვება შეძლო, M1 Max-მა კი 12 590-ის. ეს 5%-იანი უპირატესობაა. ერთი ბირთვის შემთხვევაშიც უპირატესობა ინტელმა მოიპოვა და 1 838 ქულა დააგროვა 1 774-ის წინააღმდეგ. როგორც Macworld აღნიშნავს, ეს ის სხვაობა არ არის, რომლის შემჩნევაც ყოველდღიურ მოხმარებაშია შესაძლებელი, თუმცა Intel-ისთვის ეს მაინც გამარჯვებაა.
Cinebench R23-ში შედეგი კიდევ უკეთესია. ამ შემთხვევაში Macworld-მა ინტელის უახლესი პროცესორი M1 Pro-ს შეადარა და სხვობა განსაცვიფრებელია. მრავალბირთვიან ტესტში i9-მ 15 981 ქულა აიღო, ხოლო M1 Pro-მ 12 381. ერთი ბირთვის შემთხვევაში შედეგი კიდევ უკეთესია. Intel-ს აქ 29%-იანი უპირატესობა აქვს და შესაბამისად 1 895 ქულის აღება შეძლო 1 531-ის წინააღმდეგ.
თუმცა, აღსანიშნია ის ფაქტი, რომ Intel-ის პროცესორი გაცილებით მეტ დენს მოიხმარს, ვიდრე Apple-ის სილიკონი. Macworld-ის ინფორმაციით, Alder Lake პროცესორით აღჭურვილი MSI-ს ლეპტოპი Cinebench R23-ის მრავალბირთვიანი ტესტისას 100W დენს მოიხმარდა, თუმცა პიკური მაჩვენებელი 140W-საც აღწევდა. ამ დროს კი Apple-ის M1 Max-ის პიკური მაჩვენებელი მხოლოდ 40W-ს შეადგენდა. ეს ძალიან დიდი სხვაობაა და ლეპტოპების შემთხვევაში, კიდევ უფრო მეტად საყურადღებო დეტალია, რადგან ორჯერ მეტი ენერგიის მოხმარება ნიშნავს, რომ ლეპტოპი ელემენტსაც მეტად დატვირთავს. M1 Max-სა და Pro-ზე მომუშავე მაკბუქების ერთ-ერთი გამორჩეული მახასიათებელი სწორედ მათი ენერგოეფექტურობაა.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები