ასტრონომებმა ჩვენი გალაქტიკის ცენტრში ამოუცნობი სტრუქტურები დააფიქსირეს
ასტრონომებმა ირმის ნახტომის გალაქტიკის ცენტრის ახალი გამოსახულება მოიპოვეს, რომელზეც იქ არსებული ამოუცნობი სტრუქტურებია აღბეჭდილი. სურათი სამხრეთ აფრიკაში მდებარე რადიოტელესკოპით MeerKAT არის გადაღებული და 1 000-მდე მაგნიტურ წარმონაქმნს გვიჩვენებს, რომლის სიგრძეც 150 სინათლის წელს აღწევს.
ეს ერთგვარი "ძაფები" გასაოცრად მწყობრად, თანაბარზომიერადაა განლაგებული. ისინი მეცნიერებმა 1980-იან წლებში აღმოაჩინეს, ახლა კი 10-ჯერ მეტი მსგავსი ნიმუში გამოავლინეს, რომლის შესახებაც ბევრი არაფერი ვიცით. ზემოხსენებული გამოსახულების შესადგენად მათ 3 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩატარებული 200-საათიანი დაკვირვების შედეგად შეგროვებული მონაცემები გამოიყენეს.
სპეციალისტებმა გალაქტიკის ამ რეგიონში მდებარე სხვა ობიექტების კვალი წაშალეს და ერთად შეჯგუფებული უჩვეულო, მკაფიო სტრუქტურების მრავალი წყება მიიღეს. მათი წარმომავლობა ჩვენთვის ბუნდოვანია, თუმცა ვიცით, რომ თითოეული მათგანი კოსმოსური სხივების ელექტრონებს შეიცავს, რომლებიც მაგნიტურ ველში თითქმის სინათლის სიჩქარით მოძრაობს.
მკვლევრებმა დაადგინეს ისიც, რომ ამ უცნაური "ძაფების" მთელ სიგრძეზე მაგნიტური ველი უფრო მძლავრია. იქვე შენიშნეს ზეახალი ვარსკვლავის ნარჩენიც, რომელსაც მათგან განსხვავებული გამოსხივება აქვს. შესაბამისად, ვარაუდობენ, რომ ის აღნიშნული წარმონაქმნების წყარო ვერ იქნება.
პოტენციურ წყაროდ განიხილება რამდენიმე წლის წინ ირმის ნახტომში დაფიქსირებული გიგანტური "ბუშტები", რომლებიც რადიოტალღებს უშვებს, მაგრამ ამის დაზუსტებით თქმა სიღრმისეულ კვლევას საჭიროებს.
arXiv-ში გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორები გეგმავენ, რომ ყოველი ასეთი სტრუქტურა შეისწავლონ და სტატისტიკური ანალიზის გზით მათ საერთო მახასიათებლებზე შეჯერდნენ.
კომენტარები