აზერბაიჯანის პროკურატურამ ტოფიგ იაგუბლუს ცემის საქმეზე გამოძიება არ დაიწყო
ადგილობრივმა პროკურატურამ ოპოზიციონერი აქტივისტის, ტოფიგ იაგუბლუს მოთხოვნა სისხლის სამართლის გამოძიების ჩატარების შესახებ არ დააკმაყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ფოტოები, სადაც აქტივისტი მძიმე დაზიანებებითაა აღბეჭდილი, პროკურატურამ განაცხადა, რომ ის ცემის ფაქტს ვერ ამტკიცებდა.
ოპოზიციური პარტიის, მუსავეთის თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ, ტოფიგ იაგუბლუმ დაზიანებები მას შემდეგ მიიღო, რაც პირველ დეკემბერს პოლიციამ დაკავებული ოპოზიციონერის, სალეჰ რუსტამოვის მხარდასაჭერ აქციაზე დააპატიმრა — რუსტამლის იმ დროისთვის შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული.
იაგუბლუს ფოტოები, დალურჯებული სახითა და დასიებული თვალებით, აქციიდან რამდენიმე საათის შემდეგ გავრცელდა. იმავე დღეს, იაგუბლუმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა პოლიციელებმა ბაქოდან 70 კილომეტრში, ალათის დასახლებაში წაიყვანეს, სცემეს და შემდეგ გამოუშვეს.
2 დეკემბერს სისხლის სამართლის გამოძიების დაწყების მოთხოვნით მან ბაქოში, სბაილის რაიონულ პროკურატურას მიმართა.
პროკურატურის გადაწყვეტილებას ის Facebook-ზე გამოეხმაურა. მისი თქმით, საჩივრის არდაკმაყოფილებით დადასტურდა, რომ მისი ცემა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა დაუკვეთა. აქტივისტმა აღნიშნა, რომ პოლიციას "შეეძლო ტოფიგ იაგუბლუს მოეკლა კიდეც, რადგან ისინი არ დაისჯებოდნენ".
მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები