დედამიწის სიღრმეში შესაძლოა, პლანეტათაშორისი შეჯახების კვალი იყოს დარჩენილი
4.5 მილიარდი წლის წინ მარსის ზომის პლანეტის, თეიას დედამიწასთან შეჯახებას შესაძლოა, ამ უკანასკნელის სიღრმეში კვალი დაეტოვებინა.
მეცნიერთა აზრით, ეს ნაიარევი ჩვენი მშობლიური ციური სხეულის ბირთვისა და მანტიის მიჯნაზე განლაგებული ულტრადაბალი სიჩქარის ზონებია — უჩვეულო სტრუქტურები, რომლებშიც სეისმური ტალღები 50 პროცენტით ნელა მოძრაობს, რაც მათი სიმკვრივითაა განპირობებული.
აღნიშნულ ზონებზე რაიმეს დაზუსტებით თქმა ძნელია, რადგან მათ დედამიწის ზედაპირისგან დაახლოებით 2 900 კილომეტრი აშორებს. ასეთი წარმონაქმნების ერთ-ერთი წყება აფრიკის ქვემოთ მდებარეობს, მეორე კი წყნარი ოკეანის დაბლა. თითოეულის ზომის, ფორმისა და სხვა მახასიათებლების შესახებ ინფორმაციის მიღების ერთადერთი წყარო სეიმური მონაცემებია.
გამოცემაში Nature Geoscience გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორებმა, სწორედ მსგავსი კვლევების შედეგების გამოყენებით, კომპიუტერული მოდელი შექმნეს. სიმულაციებმა აჩვენა, რომ ზემოხსენებული სტრუქტურები ჰომოგენური არაა, არამედ სხვადასხვა შედგენილობის ფენებადაა დაყოფილი. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ციური სხეულის მრავალწლიანი ევოლუციის განმავლობაში, ქიმიურად ნაირგვაროვანი მატერია ერთმანეთს ბოლომდე ვერ შეერია.
მეცნიერთა განცხადებით, ულტრადაბალი სიჩქარის ზონების ფორმირების ჰიპოთეზური ისტორია 4 მილიარდზე მეტი წლის წინ იწყება, როცა დედამიწას თეია შეეჯახა, რასაც მთვარის გაჩენა მოჰყვა (ესეც ჰიპოთეზის ნაწილია). შედეგად, ქვები, აირები და კრისტალები მაგმის უზარმაზარ ოკეანეში გაიფანტებოდა, მძიმე ელემენტები კი მანტიის ფსკერზე ჩაიძირებოდა. მათ შემდეგ იმავე გზას გაივლიდა შედარებით მსუბუქი ნივთიერებებიც, რაც მჭიდრო ფენების ჩამოყალიბებას შეუწყობდა ხელს. ბოლოს, ისინი ნაწილებად დაიშლებოდა და სხვადასხვა ადგილზე გადანაწილდებოდა.
რა თქმა უნდა, ეს ყოველი ასეთი ზონის წარმომავლობას არ ხსნის. მკვლევრები არ გამორიცხავენ, რომ მათი გაჩენის მიზეზი ოკეანის გამდნარი ქერქის მანტიაში ჩადინებაც იყოს, თუმცა ახალი ჰიპოთეზა ლოგიკისგან შორს ნამდვილად არაა.
კომენტარები