ყველაფერი მზად არის — ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი რაკეტაში მოათავსეს
სამეცნიერო საზოგადოება წელს ძალიან ნანატრ საშობაო საჩუქარს მიიღებს — ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის გაშვებას!
კოსმოსურ ტელესკოპზე მუშაობა 2004 წელს დაიწყო და მისი გაშვება პირველად 2007 წელს იგეგმებოდა. მას შემდეგ ტელესკოპის გაშვება ბევრჯერ გადაიდო. თუმცა, ახლა, 14 წლის შემდეგ, ყველა სისტემა საბოლოოდ მზად არის და ის ხვალ, 25 დეკემბერს გაეშვება.
ქვემოთ ფოტოზე ეს ყველაფერი კარგად ჩანს:
ფოტოზე უშუალოდ კოსმოსურ ტელესკოპს ვერ ვხედავთ, მაგრამ NASA გვარწმუნებს, რომ ის უსაფრთხოდ არის მოთავსებული Ariane 5 რაკეტის შიგნით, რომლითაც ის კოსმოსში გაფრინდება.
"NASA-ს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი გასაშვებად საბოლოოდ მზად არის. ის Arianespace ELA-3-ის გაშვების კომპლექსზე, ევროპის კოსმოსურ პორტშია, რომელიც მდებარეობს კურუსთან, საფრანგეთის გვიანაში", — განაცხადეს NASA-ში დღეს.
ტელესკოპი 25 დეკემბერს, შაბათს, თბილისის დროით 16:20-ზე გაეშვება.
ლაივისთვის თვალის დევნება ჩვენთან ერთად აქ შეგეძლებათ.
ასევე: კაცობრიობის ახალი თვალი კოსმოსში — ყველაფერი ჯეიმს ვების ტელესკოპზე
რა არის შემდეგი ეტაპი?
შემდეგი ნაბიჯი იქნება ყველა ელექტრული დიაგნოსტიკა, რათა მეცნიერები დარწმუნდნენ, რომ ყველაფერი კარგად არის. უკვე ამის შემდეგ დაიწყება გაშვება.
რაც შეეხება თავად ტელესკოპს, მისი ცენტრალური ნაწილია უზარმაზარი ძირითადი სარკე, ჩაზნექილი სტრუქტურა, რომელიც 6,5 მეტრის სიგანისაა და შედგება 18 პატარა ექვსკუთხა სარკისგან. ისინი დამზადებულია ოქროთი დაფარული ბერილიუმისგან, რომელიც ოპტიმიზებულია სამყაროს შორეული მონაკვეთებიდან ინფრაწითელი სინათლის ასახვისთვის.
29-დღიანი მოგზაურობის შემდეგ, Ariane5-ის რაკეტა ტელესკოპს თავის ორბიტაზე, პლანეტიდან დაახლოებით 2 მილიონი კილომეტრის დაშორებით გაიყვანს. ეს ტელესკოპს მისცემს საშუალებას დაინახოს უფრო მეტი, ვიდრეს ჰაბლის კოსმოსურ ტელესკოპს შეეძლო, რომელიც დედამიწისგან სულ რაღაც 500 კილომეტრით იყო დაშორებული.
ვების ტელესკოპი დაკვირვებას ძირითადად ინფრაწითელში აწარმოებს, რაც მას კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს. ცნობისთვის, ჰაბლი ძირითადად ოპტიკურ და ულტრაიისფერ ტალღებზე მუშაობს.
ის, რასაც კაცობრიობა ვების ტელესკოპსიგან ისწავლის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ვების ტელესკოპის მისია ისეთივე ფართოა როგორც სამყარო. მეცნიერების თქმით, ის ასტრონომიაში სრულ რევოლუციას მოახდენს და შეიძლება სამყაროს აღქმაც კი შეგვიცვალოს.
ასევე: 5 რამ, რაც ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის შესახებ უნდა ვიცოდეთ
კომენტარები