მეცნიერებმა ინგლისში გიგანტური მრავალფეხიანი ცხოველის უდიდესი ნამარხი აღმოაჩინეს
კემბრიჯის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა ინგლისის სანაპიროზე გიგანტური მრავალფეხიანი ცხოველის ნამარხი აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენს ხელთ არსებულ მსგავს ნიმუშებს შორის ყველაზე დიდი ზომისაა.
სპეციალისტები მას ნორტამბერლენდის საგრაფოს პლაჟზე სრულიად შემთხვევით, 2018 წელს გადააწყდნენ, როცა ის ქვიშაქვის ჩამოშლის შემდეგ გამოჩნდა. კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ საქმე უზარმაზარ ართროპლევრასთან ჰქონდათ, ფეხსახსრიანთან, რომელიც დედამიწაზე 326 მილიონი წლის წინ ბინადრობდა. მაშინ აღნიშნულ რეგიონში მეტად ტროპიკული კლიმატი იყო.
გამოცემაში Journal of the Geological Society გამოქვეყნებული ნაშრომის თანახმად, თავად ნიმუშის სიგრძე 75 სანტიმეტრია, თუმცა ამ არსების ზომა რეალურად 2.5 მეტრს აჭარბებდა, წონა კი დაახლოებით 50 კილოგრამს შეადგენდა.
"მრავალფეხიანთა ნაშთებს იშვიათად ვპოულობთ, რადგან სიკვდილის შემდეგ მათი სხეული ნაწევრდება. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ ნამარხი სინამდვილეში ჯავშანია, რომელიც ცხოველმა ზრდის პროცესში შემოიცალა. მისი თავისთვის ჯერჯერობით არ მიგვიგნია, ამიტომ ყველა დეტალის გაგება გვიჭირს", — ამბობენ ავტორები.
მათი განცხადებით, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ამ არსებას არა 1 000, არამედ მინიმუმ 32 და მაქსიმუმ 64 ფეხი ჰქონდა. ის გერმანიაში აღმოჩენილ დანარჩენ 2 ნაშთთან შედარებით, ძველი და დიდია, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ სიცოცხლეში ის კარგად იკვებებოდა.
ნამარხს სულ მალე სეჯვიკის სახელობის მუზეუმში განათავსებენ, სადაც დამთვალიერებლებს მისი ხილვის შესაძლებლობა ექნებათ.
კომენტარები