ილონ მასკის თქმით, ის გადასახადებში $11 მილიარდზე მეტს დახარჯავს
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ილონ მასკი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასახადების ყველაზე მსხვილი გადამხდელი გახდებოდა. თუ მასკი წელს ამას მართლაც გადაწყვეტს, მას დაახლოებით 12 მილიარდი დოლარის გაიღება მოუწევს, თუ რაღა თქმა უნდა, ამ თანხის ნაწილს საქველმოქმედო ფონდებში არ ჩარიცხავს.
მასკმა ამ ამბის დასადასტურებლად თავის ფავორიტი სოციალურ ქსელი, ტვიტერი გამოიყენა.
ტვიტი, სავარაუდოდ, სენატორ ელიზაბეტ ვორენს მიემართებოდა. ეს უკანასკნელი გასულ კვირას Time Magazine-ის მიერ მასკის წლის ადამიანად დასახელებას გამოეხმაურა და მილიარდერი გადასახადების გადაუხდელობის გამო გააკრიტიკა.
როგორც Reuters ყვება, მასკმა ამ ნაბიჯის გადადგმა სწორედ სენატორის განცხადების შემდეგ გადაწყვიტა.
ამ ნაბიჯით მასკი ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდი გადასახადის გადამხდელის სახელით შევა.
რადგან მასკს ამ კუთხით ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა, Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ორი კვირის წინ კომპანიის აქციების გაყიდვის შესახებ ტვიტერზე გამოკითხვა ჩაატარა. მომხმარებელთა დიდმა ნაწილმა ხმა აქციების გაყიდვას დაუჭირა. მასკმა ამ დროის განმავლობაში ტესლას აქციების 3.2%-ის გაყიდვა მოასწრო, თუმცა ახალი გადაწყვეტილების შემდეგ ნაკლებსავარაუდოა, რომ დარჩენილი ნაწილს ილონი ისევ გაყიდის.
Business Insider აღნიშნავს, რომ მასკი Tesla-ში ხელფასს არ იღებს, თუმცა მას მუდმივად აქვს შესაძლებლობა შეიძინოს ტესლას აქციები 6.24 დოლარად, მაშინ როდესაც ერთი აქციის საბაზრო ღირებულება შესაძლოა 900 დოლარზე მეტი იყოს. თუმცა, იმისათვის რომ მასკმა აქციების შეძენა შეძლოს, მან 11 მილიარდზე მეტი გადასახადი უნდა გადაიხადოს.
მასკის გამომწერებისა და მხარდამჭერების დიდი ნაწილი თვლის, რომ ჯობია ეს ფული ისევ მასკისა და მისი კომპანიების მიერ დაიხარჯოს, რადგან, მათი თქმით, მთავრობა ხშირად არაეფექტური მხარჯველია და გადასახადების გადამხდელთა ფულს არამიზნობრივად იყენებს. მასკს აქამდეც არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ამ თანხების სახელმწიფოსთვის შეწირვას ურჩევნია ის ადამიანების მარსზე დასახლებას მოახმაროს.
კომენტარები