ტვიტერზე წამოწყებული გამოკითხვის შემდეგ, ილონ მასკმა Tesla-ს აქციები გაყიდა
სამხრეთაფრიკული წარმოშობის ბიზნესმენმა და ელექტრომობილების უმსხვილესი მწარმოებლის Tesla თანადამფუძნებელმა, ილონ მასკმა კომპანიის აქციები გაყიდა, რომელთა ღირებულებამაც დაახლოებით 5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამას ინტერნეტში გავრცელებული ოფიციალური დოკუმენტები მოწმობს.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ტვიტერზე გამოკითხვა წამოიწყო. მის გამომწერებს თავიანთი აზრი უნდა დაეფიქსირებინათ მასკის მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე, რომელიც კომპანიის წილის 10 პროცენტის გაყიდვას გულისხმობდა. აღმოჩნდა, რომ იმ 3 519 252 ადამიანიდან, რომელმაც ხმა მისცა, დადებითი პასუხი 57.9 პროცენტმა მონიშნა.
მასკის განცხადებით, ის ნებისმიერი შედეგისთვის მზად იყო. ბიზნესმენმა თავდაპირველად საკუთარი აქციების ნაწილი 4 მილიარდ აშშ დოლარად გაყიდა, რასაც კიდევ 1.1 მილიარდი აშშ დოლარი დაემატა. ფინანსური ანგარიშების მიხედვით, უკანასკნელი ნაბიჯი დაუგეგმავი იყო, პირველი კი ჯერ კიდევ სექტემბერში იყო გაწერილი.
მილიარდერის ამგვარი გადაწყვეტილება მის მიმართ ბოლო დროს გაჟღერებულ ბრალდებას უკავშირდება, რომელიც არარეალიზებული შემოსავლის გაზრდის მიუხედავად, გადასახადების გადახდისგან თავის არიდებას გულისხმობს. განსაკუთრებულად იმის ფონზე, რომ დანარჩენი მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს უჩივის.
თუმცა, ეს მოგება ბიზნესმენის პირად ანგარიშზე არაა ხელმისაწვდომი, არამედ აქციების სახითაა წარმოდგენილი. შესაბამისად, მასკს უკმაყოფილების გადასაფარად სწორედ მათი გაყიდვა მოუწია.
მნიშვნელოვანია, რომ ილონ მასკი მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანის სტატუსს მაინც ინარჩუნებს და ჯეფ ბეზოსს უსწრებს წინ. მისი კაპიტალი ამჟამად 299 მილიარდ აშშ დოლარია.
კომენტარები