ილონ მასკის თქმით, Tesla-ს მერჩის შეძენა DOGE-ით შეგვეძლება
ილონ მასკი დიდი ხანია Dogecoin-ს აქტიურად აპიარებს და მან, ბიტკოინისა და ეთერიუმის პარალელურად, პერსონალურადაც ჩადო ამ კრიპტოში ინვესტიცია. მეტიც, ილონმა რამდენჯერმე ისიც აღნიშნა, რომ Dogecoin იქნება საუკეთესო კრიპტოვალუტა ვაჭრობისთვის. ეს რამდენად გამართლდება უცნობია, მაგრამ თვითონ მასკს სურს, რომ დოგით ნივთების შეძენა მართლაც შევძლოთ.
სამშაბათს მასკმა დატვიტა, რომ Tesla-ს მერჩიდან გარკვეული ნივთების შეძენას Dogecoin-ით შევძლებთ.
მასკის ტვიტიდან რამდენიმე წუთშივე Dogecoin-ის ფასი 25%-ით გაიზარდა. ამით კიდევ ერთხელ დამტკიცდა თუ რამხელა გავლენა აქვს ილონ მარკეტზე.
მასკს ხუმრობით, მაგრამ უკვე ხშირად მოიხსენიებენ Dogecoin-ის CEO-დ. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ კრიპტოვალუტამ ისტორიულ მაქსიმუმს $0.73-ს მიაღწია. ეს ყველაფერი მაისში მოხდა, მას შემდეგ Doge-ს ფასი საგრძნობლად დაეცა, თუმცა მისი ღირებულება მაინც ბევრად მეტია თუ იმ პერიოდს შევადარებთ, როცა მასკი დოგეზე ასე აქტიურად არ ლაპარაკობდა.
მიმდინარე კვირის დასაწყისში Time-მა ილონ მასკი წლის პერსონად დაასახელა. მასკმა ამ ინტერვიუშიც აღნიშნა, რომ გადახდების ერთ-ერთ გზად მას DOGE ესახება, რადგან თვლის, რომ ბიტკოინი ფუნქციურად უფრო სუსტია.
"ფუნდამენტურად, ბიტკოინი არ არის კარგი ვალუტა ტრანზაქციების განსახორციელებლად. მიუხედავად იმისა, რომ DOGE ხუმრობით, მიმზე დაყრდნობით შეიქმნა, ის ასეთი საქმისთვის ბერვრად უფრო მოქნილია" — ილონ მასკი.
ბოლო განცხადების შემდეგ, შესაძლოა მასკმა DOGE-ით ავტომობილების გაყიდვაც გადაწყვიტოს. ასეთი რამ Tesla-მ ერთხელ უკვე ქნა და გადახდის საშუალებად Bitcoin მიიღო, თუმცა ეს გადაწყვეტილება მალევე შეიცვალა, რადგან მასკმა ჩათვალა, რომ ბიტკოინის გამომუშავება ბუნებას დიდ ზიანს აყენებს. თუმცა, მან ისიც აღნიშნა, რომ თუ ბიტკოინის მაინინგი ეტაპობრივად მწვანე ენერგიის მოხმარებაზე გადავა, ის მას გადახდის საშუალებად ისევ დააბრუნებს.
კომენტარები