რა ხდება საქართველოს სამკერვალო ქარხნებში: ძალადობა
ორი წლის შემდეგ, რაც OC Media-მ თბილისის ქარხანაში ფარულად იმუშავა, ყოფილი თანამშრომელი მათ ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის შემზარავი ისტორიით დაუკავშირდა.
როცა 46 წლის ელეონორამ თბილისში, Eurotex-ის ხელმძღვანელობაში მყოფ სამკერვალო ქარხანაში მუშაობა დაიწყო, ძალიან აღელვებული იყო. ვერ იფიქრებდა, რომ სულ რამდენიმე წელში, სწორედ ამ ქარხანაში მთელი ცხოვრება თვალწინ ჩაუვლიდა იმ დროს, როცა ვიღაც ხელებით კისერზე მაგრად მოუჭერდა.
Eurotex-ში მუშაობიდან ერთ წელში ელეონორა ტერ-პოღოსიანი ხარისხის კონტროლის განყოფილებაში დაწინაურდა. ის მჭიდროდ მუშაობდა იმ კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებმაც Eurotex-თან საკუთარი ტანსაცმლის წარმოებაზე კონტრაქტი გააფორმეს. ტექნიკურად, მას ევალებოდა, რომ ქურთუკები, რომლებიც ქარხნიდან გადიოდა არ ყოფილიყო გახეული, არ ჰქონოდა შეუთავსებელი ნაკერები ან სხვა დეფექტი, რაც მდიდრული სამოსისთვის შეუფერებელია.
ბევრი დრო არ დასჭირვებია იმის გასააზრებლად, რომ მათ მიერ წარმოებული ტანსაცმლის ფასის მიუხედავად, ხარისხი რაოდენობასთან შედარებით ყოველთვის პრიორიტეტი არ იყო — ამ დროს მისი სამსახური ბევრს არაფერს ითხოვდა, გარდა იმისა, რომ ენაზე კბილი დაეჭირა.
ამ სქემის მთავარი ელემენტი დიდი რაოდენობის ხარისხის კონტროლის პერსონალი იყო. ისინი ამა თუ იმ მიზეზის გამო, "უსიამოვნებაში ეხვეოდნენ" და მანამ ანაცვლებდნენ, სანამ გაიგებდნენ, რა სახის პროდუქციას აწარმოებდა ქარხანა.
იგივე ქურთუკი, სხვა კომპანია
შპს Eurotex, რომელიც ოფიციალურად ეგერია ჯგუფს ეკუთვნოდა, კვიპროსშია რეგისტრირებული და მას მარინა ბლაკუნოვა ხელმძღვანელობს. ბლაკუნოვა ქარხანაში ეგერია ჯგუფის წარმომადგენელია, ყოველ შემთხვევაში, ასეა დოკუმენტების მიხედვით. 2015 წელს მან სამკერვალო ქარხანაში, Geo-M-Tex-ში წარმოება გადაიბარა — ზუსტად იმ წელს, როცა Eurotex დაფუძნდა. ქარხნის ფუნქციონირების ზედამხედველობის დროს, Eurotex-მა გარიგებები გააფორმა ისეთ ძვირადღირებულ ბრენდებთან, როგორებიცაა Equiline, Dainese, Uvex და Moncler.
2019 წელს ფარული გამოძიებით OC Media-მ Eurotex-ის მართულ ქარხანაში მიმდინარე დარღვევების მთელი წყობა გამოააშკარავა, რაც მოიცავდა მკაცრ და ხშირად სახიფათო სამუშაო პირობებს, გადაუხდელ ხელფასებსა და სიტყვიერი შეურაცხყოფის უწყვეტ ნაკადს — მათგან უმეტესობა, სწორედ ბლაკუნოვას მხრიდან იყო.
როგორც Moncler-ის ხარისხის ტექნიკოსმა, სანდრა დი ჯაკომომ OC Media-ს წყაროს განუცხადა, 2019 წლის აგვისტოში "ბიუროკრატიული სირთულეების" გამო Eurotex-ს კონტრაქტი შეუწყვიტეს. შემოდგომა-ზამთრის კოლექციის დასრულებისა და გაზაფხული-ზაფხულისთვის კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, რომელიც იანვარში უნდა დაწყებულიყო, Moncler-ის წარმომადგენლებმა ქარხანა დატოვეს.
2018 წელს მარინა ბლაკუნოვას შვილმა, ვერონიკა ბლაკუნოვამ საკუთარი ტანსაცმლის ხაზი, Movi გახსნა. მისი პროდუქცია Eurotex-ის ქარხანაში იწარმოება და საქართველოში იყიდება.
Moncler-ის ქარხნიდან გამოსვლა Movi-სთვის აყვავებას ნიშნავდა. OC Media-ს Eurotex-დან წყარომ უთხრა, რომ Movi საკუთარი პროდუქციისთვის Moncler-ის ნარჩენ ქსოვილებს იყენებდა, რომელთა ნაწილი არა მხოლოდ იმავე მასალისაა, არამედ შესამჩნევ მსგავსებებსაც იზიარებს.
Moncler-ის ქურთუკების ფასები ასობითა და ათასობით დოლარს შორის მერყეობს, მაშინ როცა Movi-ს თითქმის იდენტური ქურთუკები და სავარაუდოდ, იგივე მასალისგან დამზადებული, 150-დან 200 ლარად იყიდება.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მარინა ბლაკუნოვა მფლობელობაში მყოფი ბიზნესი Moncler-ის პროდუქციისგან დატოვებული მასალებით სარგებლობს. Eurotex-ზე OC Media-ს წინა მასალაში საწყობის ყოფილმა მენეჯერმა, მადონა თარხნიშვილმა გაიხსენა, რომ Moncler-ის ქურთუკები ქარხნიდან ჩუმად გაჰქონდათ ან აჩუქებდნენ — ბრენდის ცოდნის გარეშე.
OC Media კომენტარისთვის Moncler-ს დაუკავშირდა. მათი თქმით, შიდა გამოძიებას ჩაატარებენ, რადგან "საკუთარ ორიგინალურობას ძალიან სერიოზულად უდგებიან".
ელეონორა და "მოღალატე"
2019 წლის თებერვალში ზამთრის სპორტული ტანსაცმლის ძვირადღირებულმა გერმანულმა ბრენდმა და Eurotex-ის ახალმა პარტნიორმა, Uvex-მა ქარხანაში სამუშაოდ ერთ-ერთი ქალი, ევგენია პრისმაიერი გააგზავნა. კომპანიის სხვა უცხოელი წარმომადგენლებისგან განსხვავებით, პრიუსმაიერი რუსულად საუბრობდა და ქარხნის დირექტორს, მარინა ბლაკუნოვას ელეონორასთან ერთად მუშაობა სთხოვა, ვინაიდან ეს ენა ელეონორამაც იცოდა.
როგორც ელეონორა იხსენებს, მათ კარგი სამსახურებრივი ურთიერთობა ჰქონდათ.
"მეგობრები არ ვყოფილვართ, თუმცა ერთმანეთს კარგად ვუგებდით. მის მუშაობას ვაკვირდებოდი და შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ საკუთარ საქმეს პატიოსნად ასრულებდა", — უთხრა მან OC Media-ს.
მაგრამ მას შემდეგ, რაც ევგენიამ Eurotex-ის მიერ წარმოებული ტანსაცმლის ხარვეზების შესახებ დაიწყო საუბარი, ბლაკუნოვა Uvex-ის წარმომადგენელზე სულ უფრო ბრაზდებოდა. ერთხელ, ელეონორამ დაინახა, როგორ ტოვებდა ბლაკუნოვას ოფისს აშკარად შეშინებული ევგენია. ის იხსენებს, რომ მთელი დღე ქალი მუშაობას აგრძელებდა, თუმცა ყურადღება გაფანტული ჰქონდა და სივრცეში იცქირებოდა.
ელეონორას თქმით, თავი ვერ შეიკავა და ჰკითხა, რა ხდებოდა.
"მითხრა, რომ დაემუქრენ. მათ უთხრეს, რომ მოკლავდნენ და მის სხეულს ვერავინ ვერ იპოვიდა", — თქვა ელეონორამ.
შეშფოთებული და გაურკვევლობაში მყოფი, რამდენად შეიძლებოდა, ასეთი ბრალდებები სიმართლე ყოფილიყო, თავისი კოლეგა ანუგეშა, თუმცა გადაწყვიტა, რომ ეს ინციდენტი თავისთვის შეენახა.
ქარხანაში ძალადობა ელონორასთვის სიახლე არ იყო. როგორც Eurotex-ის გამოცდილმა მუშაკმა, იცოდა, რომ ლაპარაკს შეეძლო უსიამოვნებაში გაეხვიე. ბლაკუნოვას მკაცრი უფროსის რეპუტაცია ჰქონდა, ქვეშევრდომებს ხშირად ლანძღავდა და ზოგჯერ, ქარხნის კარსაც კეტავდა მანამ, სანამ თანამშრომლები მათ დღიურ კვოტას არ შეასრულებდნენ.
სიახლე კი იყო ის, რომ მარინა უცხოური კომპანიის წარმომადგენელს დაემუქრა.
ევგენიამ Eurotex-ში მუშაობა გააგრძელა, თუმცა ელეონორას თქმით, ის მზარდ დაძაბულობას გრძნობდა. ერთხელ ევგენიამ აღნიშნა, რომ აღარავის სურდა Eurotex-თან თანამშრომლობა — ეს, დაახლოებით, ის დრო იყო, როცა Moncler-მა კომპანიასთან კონტრაქტი გაწყვიტა.
"ამ სიტყვების გამო, შენ ჩემი ქარხნიდან მიგაბრძანებენ", — გაიხსენა ელეონორამ ბლაკუნოვას ნათქვამი. მან შემდეგ ევგენია შენობიდან დაცვის თანხლებით გაიყვანა.
ბლაკუნოვასთან მორიგი დაპირისპირების შემდეგ, ევგენიამ რამდენიმე დღე დასვენება აიღო. გერმანიის ხელმძღვანელობა პარტნიორობაზე ღელავდა და ამ საკითხზე პირადად ბლაკუნოვასაც დაურეკეს. სწორედ ამ დროს მარინამ თავისი ყურადღება ელეონორაზე გადაიტანა. მან დაიწყო მისი დადანაშაულება, რომ დაიმეგობრა "მოღალატე" ევგენია, რომელიც მარინას თანახმად, უცხოელ პარტნიორებთან ქარხნის დისკრედიტაციას ცდილობდა.
2019 წლის 22 ნოემბერს ელეონორამ ბლაკუნოვას მისწერა და Uvex-ის წარმომადგენლის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე ჰკითხა — ის მაშინვე მარინას ოფისში დაიბარეს.
მისი უსაფრთხოებითვის, შეხვედრის ტელეფონზე ჩაწერა გადაწყვიტა. ელეონორას ისტორიის ყველა შემდგომი დეტალი იმ ჩანაწერებით დასტურდება, რომელიც მან OC Media-ს გაუზიარა.
ფოტო: Tamuna Chkareuli/OC Media
"ჩემს დუმილს ფული ვერ იყიდის"
როცა ელეონორა მის ოფისში შევიდა, მარინა ბლაკუნოვა ორ სხვა ადამიანთან ერთად იყო: ბუღალტერ ანა ანდრონიკაშვილთან და საწყობის მენეჯერ რობერტ კვესელავასთან.
"შენ ჩემი თანამშრომელი ხარ და მე გიხდი ხელფასს. როცა გაიგე, რომ ვიღაც შენს დირექტორზე საზიზღრად საუბრობდა, ჩუმად იყავი", — ისმის ელეონორასთვის მარინას ნათქვამი.
საუბარში ანა და რობერტიც ჩაერთნენ და ბლაკუნოვას ბრალდებები თითქმის იგივე შხამით გაიმეორეს.
შემდეგ ელეონორა ცდილობს, რომ თავი დაიცვას, თავის ქმედებებს გამართლება მოუძებნოს. ენის მიტანა მისი საქმე არ არის, ეუბნება ის ბლაკუნოვას. მას უბრალოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდა უცხოელი პარტნიორის წარმომადგენელთან.
მარინამ და მისმა თანმხლებმა ეს არაფრად ჩააგდეს, ელეონორაზე ზეწოლა გააგრძელეს, მანამ, სანამ მან ოთახი საჩქაროდ არ დატოვა.
"უკვე ვეღარ ვსუნთქვადი. ვერ გამეგო, რატომ მომექცნენ ასე უხეშად. გამახსენდა ევგენიას წინააღმდეგ მუქარები და პანიკაში ჩავვარდი", — იხსენებს ის.
ელეონორა გაიქცა — მას უბრალოდ შენობიდან გასვლა უნდოდა. მხოლოდ საწყობის ოთახამდე იყო მისული, როცა მარინა და ანა წამოეწივნენ. კუთხეში მიიმწყვდიეს. მარინა ითხოვდა ახნსა-განმარტებას, რატომ არ შეატყობინა, რომ ევგენია მას მუქარის შესახებ უყვებოდა.
მაგრამ ელეონორამ უფრო ბევრი რამ იცოდა, რის შესახებაც არასდროს უსაუბრია — მათ შორის ის, რომ მარინას შვილი, ვერონიკა ბლაკუნოვა სამსახურში ნასვამი იყო ხოლმე.
წამის მეასედში, წლების განმავლობაში სიჩუმის შემდეგ, გადაწყვიტა, რომ ყველაფერი ბლაკუნოვასთვის ეთქვა.
ქარხნის გაოგნებულმა დირექტორმა რობერტს დაუძახა — ის კარიდან შემოვიდა და ელეონორას მიუვარდა, მისი თქმით, ეს ყველაფერი წამებში მოხდა. რობერტმა ხელები გაიწვდინა, ყელზე შემოჰხვია და მოუჭირა. როცა ელეონორას მხედველობის დაბინდვა დაეწყო და გრძნობდა, რომ მალე გონებას დაკარგავდა, რობერტმა კედელს მაგრად მიანარცხა.
ელეონორა შებორძიკდა და გაიქცა. ამჯერად, არავინ დადევნებია.
პოლიციამ იმავე საღამოს სავარაუდო თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
მას შემდეგ, რობერტ კვესელავას ბრალი ფიზიკური შეურაცხყოფაზე წაუყენეს. მისი სასამართლო პროცესი ჯერ არ დაწყებულა.
პანდემიის პერიოდში, Eurotex-ის ქარხანა დაიხურა — თუმცა Movi თბილისის ერთ-ერთ უბან გლდანში გადავიდა. Eurotex-თან დაკავშირებით არც ბლაკუნოვას და არც მისი შვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებული არ არის. Uvex-მა Eurotex-თან თანამშრომლობა 2020 წლის იანვარში დაასრულა.
ელეონორას თქმით, პოლიციაში მისვლის შემდეგ, ბლაკუნოვამ მასთან დაკავშირება სცადა, რათა ჩვენებაზე უარი განეცხადებინა, თუმცა ქალი მტკიცედ დადგა.
"მარინას არაერთხელ უთქვამს, რომ ყველაფრის ყიდვა შეიძლება, თუმცა ჩემს დუმილს ვერავითარი ფული ვერ იყიდის", — თქვა ელეონორამ.
წაიკითხეთ სხვა ნაწილები:
- რა ხდება საქართველოს სამკერვალო ქარხნებში: ნაწილი I — პროფესიული გაერთიანებები
- რა ხდება საქართველოს სამკერვალო ქარხნებში: ნაწილი II — ფარული გამოძიება
- რა ხდება საქართველოს სამკერვალო ქარხნებში: ნაწილი III — კონტროლი
მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები