საქართველოს ბანკმა საინვესტიციო პლატფორმა შექმნა — რა უნდა ვიცოდეთ
საქართველოში ფულის დაზოგვის ყველაზე გავრცელებული ფორმა დეპოზიტებზე თანხის შენახვა და უძრავ ქონებაში ინვესტირებაა. თუმცა, დღეიდან ეს შეიძლება შეიცვალოს.
განვითარებულ ქვეყნებში ფულის დასაზოგი ერთ-ერთი საუკეთესო და მომგებიანი საშუალება საფონდო ბირჟებში ინვესტირებაა. მსოფლიოს მაშტაბით ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი იყენებს ამ ხერხს. ბოლოდროინდელი, უფრო კონკრეტულად კი 2020 წლის შემდგომი ტენდენცია გვიჩვენებს, რომ საცალო ინვესტორების რაოდენობა განსაკუთრებით გაიზარდა. დღეიდან, უკვე საქართველოშიც შეგიძლიათ ივაჭროთ ისეთი კომპანიების აქციებით, როგორიცაა Apple, Amazon, Tesla და სხვა. ეს ყველაფერი კი საქართველოს ბანკის ახალი ინიციატივის — საინვესტიციო პლატფორმის გამოყენების შედეგადაა შესაძლებელი.
"ქართველი მომხმარებლებისთვის აქამდე არ არსებობდა საშუალება შეღავათიან პირობებში ევაჭრათ ამერიკულ საფონდო ბირჟებზე. პირველად საქართველოში და რეგიონში, საქართველოს ბანკი მომხმარებელს ინვესტირებისთვის მაქსიმალურად გამარტივებულ შესაძლებლობას სთავაზობს", — ამბობს გიორგი ვახტანგიშვილი, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.
ახალი ფუნქციონალის გამოყენება და 1 დოლარიდანაც კი ინვესტირების დაწყება საქართველოს ბანკის ნებისმიერ მომხმარებელს, უკვე დღეიდან შეუძლია. ამისთვის, საინვესტიციო ანგარიშის ონლაინ გახსნა დაგჭირდებათ, ინვესტირების პროცესის წარმართვა კი პირდაპირ მობილბანკშია შესაძლებელი.
"ამჟამად, მომხმარებლებს წვდომა აქვთ, ყველაზე ლიკვიდურ ამერიკულ საფონდო ბირჟებზე, მათ შორის ისეთი კომპანიების აქციებიზე, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. პირველად საქართველოში, საქართველოს ბანკის საინვესტიციო პლატფორმით შესაძლებელი ხდება წილადობრივი (fractional) ინვესტირება და შესაბამისად არ არსებობს ინვესტიციის მოცულობის მინიმალური შეზღუდვა და ინვესტირების დაწყება 1$-ითაც კია შესაძლებელი. მომავალში იგეგმება შეთავაზებული საინვესტიციო პროდუქტების ასორტიმენტის კიდევ უფრო გაზრდა", — გვიყვება გიორგი ვახტანგიშვილი.
ახალი პლატფორმის შექმნით საქართველოს ბანკი ცდილობს გაზარდოს ინვესტირების, როგორც ფულის დაზოგვისა და მოგების მიღების საშუალების ცნობადობა. ბანკის მიზანია, რაც შეიძლება მეტმა მომხმარებელმა შეძლოს ინვესტირების დაწყება.
აღსანიშნავია, რომ სიახლე საქართველოს ბანკის, მისი ჯგუფის შვილობილი კომპანია Galt & Taggart-ისა და საერთაშრისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა Drive Wealth-ის პარტნიორობით ინერგება.
მსოფლიოს მასშტაბით წამყვანი ბანკები სულ უფრო მჭიდროდ თანამშრომლობენ ფინტექ კომპანიებთან, რათა რაც შეიძლება სწრაფად დანერგონ ტექნოლოგიური სიახლეები. ფინტექ კომპანიები ამ ტიპის სერვისების/პროდუქტების შექმნის კუთხით უფრო სწრაფები არიან და წარმატებით ახერხებენ თანამედროვე საჭიროებებს მოქნილი პროდუქტებით უპასუხონ. საქართველოს ბანკის მხრიდან ინვესტირების პლატფორმის გაშვება ასეთი თანამშრომლობის ერთ-ერთი მაგალითია.
"მსოფლიოში გაზრდილია ისეთი ბანკების რაოდენობა, რომლებიც თანამშრომლობენ ფინტექ კომპანიებთან და ნერგავენ ტექნოლოგიურ სიახლეებს. საქართველოს ბანკი რეგიონში პირველი ბანკია, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკულ აქციებში ინვესტირება პირდაპირ მობილბანკიდანვე დაიწყონ", — ამბობს გიორგი ვახტანგიშვილი.
1 დოლარიდან ინვესტირების შესაძლებლობა უამრავი მომხმარებლისთვის ახალი გზა შეიძლება აღმოჩნდეს, საკუთარი გრძელვადიანი მიზნებისთვის ფინანსების დაზოგვისა და მოგების მიღებისთვის.
"ინვესტირება მომავალში მოგების მიღების მიზნით განხორციელებული ფულის დაბანდებაა. თქვენ ახორციელებთ ინვესტიციას, იმ იმედით, რომ დროთა განმავლობაში მათი ღირებულება გაიზრდება. ინვესტირების მთავარი მიზანი გრძელვადიანი მიზნების მიღწევაა (როგორიც შეიძლება იყოს სახლის ან ავტომობილის შეძენა, სწავლის დაფინანსება, საპენსიო დანაზოგების ზრდა და სხვა). ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც სურს სწორად დააბანდოს თავისი დანაზოგები და მიაღწიოს თავის მიზნებს, ინვესტირება ამის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. ამასთან, რაც უფრო გრძელვადიანია საინვესტიციო პერიოდი, ისტორია გვიჩვენებს, რომ მით უფრო მეტია მიღებული მოგება. საქართველოს ბანკის მობილბანკით ეს უკვე შესაძლებელია", — გვიყვება გალტ & თაგგარტის მმართველი დირექტორი, ოთარ შარიქაძე.
კომენტარები