ჭიანჭველები სოციალური კავშირების დასამყარებლად ერთმანეთის პირებში აღებინებენ
ადამიანების მსგავსად "სოციალური ქსელები" ჭიანჭველებსაც აქვთ, თუმცა ინფორმაციის კომენტარებისა თუ პოსტების სახით გაცვლის ნაცვლად ისინი ერთმანეთის პირებში აღებინებენ.
მწერების დიდ ნაწილს წინა, შუა და უკანა ნაწლავი გააჩნია. ფრიბურგის უნივერსიტეტის (შვეიცარია) ასისტენტ-პროფესორისა და კვლევის ავტორის, ადრია ლებოუფის თქმით, საზოგადოებრივ მწერებში წინა ნაწლავს "საზოგადოებრივი კუჭის" ფუნქცია აქვს. შუა და უკანა ნაწლავის შიგთავსი მონელებას ექვემდებარება, წინა ნაწლავისას კი მწერები ერთმანეთს უზიარებენ. მიგნებები ჟურნალ eLife-ში გამოქვეყნდა 2 ნოემბერს.
ტროფალაქსისი, ანუ კუჭიდან საკვების სხვა ორგანიზმის პირში ამონთხევა, ძალიან ხშირია ისეთ საზოგადოებრივ სახეობებში, როგორებიც ჭიანჭველები არიან. ლებოუფის თქმით, ტროფალაქსისის დროს საკვები ნივთიერებები და ცილები ერთი ორგანიზმის კუჭიდან მეორეს გადაეცემა, ამ დროს კი ჭიანჭველები "საზოგადოებრივ მიმოქცევის სისტემას" ქმნიან, რომელიც კოლონიის თითოეულ წევრს დანარჩენებთან აკავშირებს.
როგორც კვლევის ავტორმა Live Science-სთან საუბრისას განაცხადა, მერქნიჭამია ჭიანჭველები (Camponotus) საკვების გადასაცემად ამ მეთოდს მუდმივად მიმართავენ, კოლონიაში (ჩვეულებრივ, მასში მინიმუმ ათასი ჭიანჭველა მაინც იყრის თავს) შეხედვისას კი წუთში ალბათ ტროფალაქსისის 20 შემთხვევასაც კი წააწყდებით.
"დაახლოებით, ხუთი წლის წინ გამოვაქვეყნეთ ნაშრომი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ტროფალაქსისის დროს ჭიანჭველები მხოლოდ საკვებს კი არ გადასცემენ ერთმანეთს, არამედ ჰორმონებს, ბუდეში მცხოვრები თანამოძმის ამოსაცნობ სიგნალებს, მცირე რნმ-ებსა და არაერთ სხვა რამეს", — ამბობს ადრია ლებოუფი.
შესაბამისად, ერთმანეთის პირში საკვების ნთხევით ჭიანჭველები უბრალოდ საკვებ ნივთიერებებს კი არ ცვლიან, არამედ საზოგადოებრივ მონელების სისტემას ქმნიან, რომელშიც ენერგია და ინფორმაცია კოლონიის წევრებს შორის მუდმივად ბრუნავს, რათა ინდივიდებმა მათთვის საჭირო რესურსები შეაგროვონ. ეს, დაახლოებით, იმ პროცესს წააგავს, როდესაც ჩვენი ტვინი ჰორმონებს გამოყოფს და მიმოქცევის სისტემას აწვდის, რომლის მეშვეობითაც იგი თანდათანობით ღვიძლამდე აღწევს.
ლებოუფის აზრით, ჭიანჭველათა კოლონია არა ცალკეულ ჭიანჭველათა ერთობა, არამედ "კოლონიალური სუპერორგანიზმია", სადაც კოლონია არსებითად სხეულის პრინციპით ფუნქციონირებს — დაახლოებით ისე, როგორც სხეულის ქსოვილები და ორგანოები ასრულებენ სხვადასხვა სამუშაოს საერთო მიზნის მისაღწევად.
სწორედ ამ პრინციპით, შეგვიძლია, განსხვავებული საქმიანობის მქონე ჭიანჭველათა ჯგუფები სუპერორგანიზმის ქსოვილებსა და ორგანოებთან გავაიგივოთ: ზოგი საკვებს აგროვებს, ზოგი პატარა ჭიანჭველებზე ზრუნავს, ზოგი კი გვირაბებს თხრის და ა.შ. ორგანოები მიმოქცევის სისტემას მხოლოდ საკვები ნივთიერებების გადასატანად არ იყენებს, ამ ლოგიკით კი ისიც შესაძლებელია, რომ საზოგადოებრივი მიმოქცევის სისტემაც რაღაც უფრო მეტის გადაცემას ემსახურებოდეს.
"იმის გასაგებად, თუ რატომ აზიარებენ ჭიანჭველები ამ სითხეებს, გამოვიკვლიეთ, მათი გაცვლილი ცილები კოლონიაში ინდივიდის როლს უკავშირდება თუ კოლონიის სასიცოცხლო ციკლს", — განაცხადა კვლევის ავტორმა სანჯა ჰაკალამ ფრიბურგის უნივერსიტეტიდან.
თავიანთი უახლესი ექსპერიმენტის ფარგლებში ლებოუფმა და ჰაკალამ ველურ და ლაბორატორიაში შექმნილ კოლონიებში მერქნიჭამია ჭიანჭველათა საზოგადოებრივი კუჭის შიგთავსები შეისწავლეს. ნიმუშებში 519 ისეთი ცილა ამოიცნეს, რომელიც ჭიანჭველათა კოლონიებში გადაიცემოდა; 27 მათგანი ყველა ნიმუშში იყო, კოლონიის ასაკის, ადგილმდებარეობისა თუ ცალკეული ჭიანჭველას სტატუსისდა მიუხედავად.
ლებოუფის თქმით, როგორც ჩანს, ზოგიერთი ჭიანჭველა საკვებს ეძებს, მათ კონკრეტულ ცილებში აშენებს, შემდეგ კი ამ ცილებს სხვებს გადასცემს. კოლონიის მომწიფებასთან ერთად, მიმოქცევაში საკვები ნივთიერებების შემცველი მეტი ცილა ერთვება, ამიტომაც ხნიერ კოლონიებს ახალგაზრდებთან შედარებით ჯამში მეტი ცილა აქვთ.
"ხშირად ჭიანჭველათა კოლონიებში ზრდასრულებს ჭამაც კი არ სჭირდებათ. ამის ნაცვლად ისინი საკვები ნივთიერებების შემცველ ცილებს ნელ-ნელა შლიან", — განაცხადა ლებოუფმა.
"მიგნებები მიანიშნებს იმაზე, რომ ზოგიერთ წევრს შეუძლია, სხვათა სასარგებლოდ მეტაბოლური შრომა გასწიოს", — განაცხადა ჰაკალამ.
იმის გაანალიზებით, თუ სად რა ცილები აღმოაჩინეს, მეცნიერებმა შედარებით ახალგაზრდა და მომწიფებული, ასევე ველურ ბუნებასა და ლაბორატორიაში გაზრდილი კოლონიების ერთმანეთისაგან გარჩევა მოახერხეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ხელოვნურ გარემოში აღმოცენებულ კოლონიათა ჭიანჭველების საზოგადოებრივ კუჭებში ცილები იმაზე გაცილებით ერთფეროვანი გახლდათ, ვიდრე მათ ველურ ორეულებში.
საზოგადოებრივი კუჭის შიგთავსის მიხედვით შესაძლებელია, კოლონიაში ცალკეული ჭიანჭველას როლი განისაზღვროს. ჭიანჭველებს, რომელთაც ახალ თაობაზე ზრუნვა ევალებათ, კოლონიის სხვა წევრებთან შედარებით დაბერების საწინააღმდეგო უფრო მეტი ცილა აქვთ — სავარაუდოდ იმისათვის, რომ საკუთარი გადარჩენა უზრუნველყონ და მომავალ თაობებზე იზრუნონ.
"ახლა უკვე ვიცით, რომ ნივთიერებები კონკრეტულ ინდივიდებში წარმოიქმნება და შემდეგ სხვა ინდივიდებს გადაეცემათ, რაც ნამდვილად ძალიან ამაღელვებელია", — განაცხადა ლებოუფმა და ისიც დაამატა, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით კვლავაც ბევრი უპასუხო კითხვა რჩება.
გუნდმა აღმოაჩინა, რომ საკვაბის მომპოვებელ ჭიანჭველებს "ძიძებთან" შედარებით საკვები ნივთიერებების შემცველი მეტი ცილა აქვთ, თუმცა, "ძიძები" ამ ცილებს უფრო სწრაფად წარმოქმნიან, მკვლევრებმა კი ამის მიზეზები ზუსტად არ იციან.
ლებოუფის აზრით, საკვებ ნივთიერებათა მიმოცვლის მსგავსი სისტემების შესწავლა შესაძლოა, მეცნიერებს იმის უკეთ გაგებაში დაეხმაროს, თუ როგორ ნაწილდება მეტაბოლური შრომა ცალკეულ ორგანიზმებს შორის, როგორც სხეულში არსებულ უჯრედებში ხდება ხოლმე.
"რთული განსასაზღვრია, როგორ ნაწილდება უჯრედებში მეტაბოლური შრომა. ამ შემთხვევაში ჭიანჭველები ერთმანეთს ისე გადასცემენ ნივთიერებებს, რომ მათზე წვდომა მარტივად გვაქვს", — განაცხადა კვლევის ავტორმა.
კომენტარები