ქალაქი, რომელიც მიწაში ეფლობა — ხმელეთი შენობების სიმძიმეს ვეღარ უძლებს
ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური კვლევების სამსახურში მომუშავე გეოფიზიკოსის, ტომ პარსონსის განცხადებით, ქალაქი სან ფრანცისკო ნელ-ნელა მიწაში ეფლობა. ეს, სხვა ფაქტორებთან ერთად, იქ მდებარე შენობების სიმძიმით არის განპირობებული.
მეცნიერმა ქალაქში განლაგებული ყოველი ნაგებობა შეისწავლა, რისთვისაც ევროპული კოსმოსური სააგენტოს კუთვნილი ხელოვნური თანამგზავრის Sentinel 1 მიერ მოპოვებული სატელიტური სურათები გამოიყენა. მონაცემთა ანალიზმა აჩვენა, რომ ყველაზე ცუდი სიტუაცია სან ფრანცისკოს ცენტრალურ ნაწილშია, სადაც უზარმაზარი შენობები მრავლად გვხვდება.
ამის გარდა, ერთ-ერთი ცათამბჯენი, რომელიც ათასწლეულის კოშკის სახელითაა ცნობილი, დროთა განმავლობაში გვერდით იხრება, თუმცა ის 311 მილიონ კილოგრამზე მეტი წონით არა პირველ, არამედ მესამე ადგილს იკავებს. სპეციალისტები ამის მიზეზად მის მახლობლად არსებულ შენობებს ასახელებენ, რომელთა აგებისასაც მიწისქვეშა წყალი დაიკარგა. ასევე, მიიჩნევა, რომ ნაგებობის საძირკველი ქვენაფენ ქანში საკმარისად ღრმად არაა განთავსებული.
ვარაუდობენ, რომ ქალაქის ცენტრის სიმძიმეს შეუძლია, სეისმური ნასხლეტის (ქანების წყვეტითი დისლოკაციის) წარმოქმნას შეუწყოს ხელი, მაგრამ ეს უკვე გაჩენილ სან ანდრეასის ტექტონიკურ რღვევაზე გავლენას არ იქონიებს.
ტომ პარსონსის დასკვნა საყურადღებოა, რადგან სან ფრანცისკოს ხმელეთში ჩაფლობას კლიმატის ცვლილებით გამოწვეული წყლის დონის მატება უფრო საგანგაშოს ხდის. საქმე იმაშია, რომ მძლავრი შტორმების შედეგად, ის ხშირად დაიტბორება.
მეცნიერი მომდევნო ჯერზე მანჰეტენის შესწავლას გეგმავს.
კომენტარები