ორანგუტანებს ინდივიდუალური შემოქმედებითი სტილი გააჩნიათ — კვლევა
იაპონიაში მდებარე ტამას ზოოლოგიურ პარკში მობინადრე მდედრი ორანგუტანების ასობით ნახატის შესწავლამ აჩვენა, რომ მათ ინდივიდუალური შემოქმედებითი სტილი გააჩნიათ, რომელზეც ამ პრიმატთა ხასიათი და განწყობა აისახება. გამოცემაში Animals გამოქვეყნებულ ნაშრომში მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ცხოველთა ნამუშევრებზე გავლენას სხვადასხვა სეზონიც ახდენს, ეს კი მათი შინაგანი მდგომარეობის ცვლილებით არის განპირობებული.
ტოკიოში განლაგებულ ზოოპარკში მცხოვრებმა 5-მა ორანგუტანმა 2005-დან 2016 წლამდე პერიოდში საერთო ჯამში თითქმის 1500 ნახატი შექმნა. უმეტესობა ცხოველს, სახელად მოლის ეკუთვნის, რომლის "ხელოვნების ნიმუშებიც" განსაკუთრებული კომპლექსურობით გამოირჩევა. მათი რაოდენობა 656-ს აღწევს. ამასთან, სპეციალისტებმა დანარჩენი მაიმუნების მიერ დახატული 790 გამოსახულებაც გამოიკვლიეს და ერთმანეთს შეადარეს.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მოლის ტილოები სხვადასხვა ფორმისა და ფერის მონასმებით ყველაზე მეტად იყო შევსებული. მის შემდეგ მეორე ადგილს იუკი იკავებდა. ავტორებს კიკის სიმარჯვეც არ გამოჰპარვიათ, რომლის ნამუშევრებიც მარტივია, თუმცა მკაფიო.
გამოავლინეს ისიც, რომ მოლის ნახატები სეზონების მიხედვით იცვლებოდა. მაგალითად, გაზაფხულზე ის იასამნისფერ ფანქარს ჩვეულებრივზე ხშირად იყენებდა, ხოლო მწვანეს — ზაფხულსა და ზამთარში. წითელი ფერი კი მაშინ ჭარბობდა, როცა რომელიმე ორანგუტანი ნაშიერს ბადებდა.
ამის გარდა, მოლის მიერ ზამთარში შექმნილი გამოსახულებები მეტ მარყუჟისმაგვარ ფორმას შეიცავდა, რაც შესაძლოა, ამინდით და ზოოპარკში მისული ვიზიტორების სიმრავლით გამოწვეული კარგი განწყობის ინდიკატორი იყოს.
აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებულ ცხოველთა ნახატებში შემჩნეული მონასმები მცირეწლოვანი ადამიანებისთვის და სხვა ისეთი პრიმატებისთვისაცაა დამახასიათებელი, როგორებიც შიმპანზეები არიან.
კომენტარები