ხურმის ქარვისფერი ფარდები — ნახეთ საოცარი ფოტოები სამეგრელოდან
შემოდგომაზე საქართველოში ბევრგან სულ მარტივად გადააწყდები ნაირფერ, წითელ-ყვითელ პეიზაჟებს, თუმცა ზოგიერთ მხარეში კიდევ უფრო ზღაპრული სანახაობის მომსწრეც კი შეიძლება გახდე.
მაგალითად, სამეგრელოში, უფრო კონკრეტულად კი მარტვილის მუნიციპალიტეტში, ყოველწლიურად ხურმის ფარდებს "ქსოვენ" და აივნებზე ფენენ, რითაც შემოდგომის ფერადოვნებასაც კი თამამად უწევენ კონკურენციას.
ამის გამო ადგილობრივების ისედაც გამორჩეული იერის მქონე სახლები კიდევ უფრო განსაკუთრებულ ხიბლს იძენს და იქაურობას ჯადოსნურ გარემოდ გადააქცევს.
როგორც თავად აღნიშნავს, სწორედ ასეთი ნარინჯისფერი მარგალიტებით მორთული აივნები ფოტოგრაფმა გიორგი ნიკოლავამ აღბეჭდა და მის მიერ გადაღებულ რამდენიმე შთამბეჭდავ ფოტოსურათს ამ სტატიაში წარმოგიდგენთ.
გიორგი ნიკოლავამ ფოტოები მარტვილის მუნიციპალიტეტის ისეთ სოფლებში გადაიღო, როგორებიცაა აბედათი, სერგიეთი, ლეხაიდრავო, ნაგვაზაო და ონოღია.
ხურმის ჩირი სანამ ტრადიციულ საახალწლო სუფრაზე აღმოჩნდება, იქამდე დიდ გზას გადის ხოლმე: მისი სათითაოდ მოკრეფა, გათლა, ასხმა და გაშრობაა საჭირო, რაც საკმაოდ შრომატევადი პროცესია.
ხურმის გასაშრობად კარგი ამინდია საჭირო, რადგან წვიმამ, შესაძლოა, გაწეული შრომა წყალში ჩაყაროს და ჩირი გააფუჭოს.
ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ რამდენადაც ტკბილი და გემრიელია ხურმის ჩირი, ორმაგად უფრო ლამაზი და თვალწარმტაცია მისი დამზადების პროცესი.
კომენტარები