დედამიწის ტროპოსფერო საგანგაშო ტემპით ფართოვდება — კვლევა
ჩინეთში მდებარე ნანკინის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერები კოლეგებთან ერთად აცხადებენ, რომ დედამიწის ტროპოსფერო საგანგაშო ტემპით ფართოვდება, რაც კლიმატის ცვლილებით არის გამოწვეული. ამის შესახებ ისინი გამოცემაში Science Advances გამოქვეყნებულ ნაშრომში საუბრობენ.
უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში ჩვენი პლანეტის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მეტეოზონდით ჩატარებული კვლევები მოწმობს, რომ ტროპოსფეროს ზედა ზღვარი ყოველ დეკადაში დაახლოებით 50 მეტრით მაღლა იწევს. ამის მთავარი მიზეზი ჰაერში სათბურის აირების ემისიაა, რაც ადამიანთა სამრეწველო საქმიანობით არის განპირობებული.
ტროპოსფერო დედამიწის ატმოსფეროს ქვედა ფენაა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვცხოვრობთ და ვსუნთქავთ. ის პოლუსებისა და ტროპიკების მიმდებარედ სხვადასხვა სიმაღლეზე ვრცელდება და ყველაზე მეტ სითბოსა თუ ტენს შეიცავს. შესაბამისად, ის ყოველ სეზონზე, ტემპერატურის ცვლილების პარალელურად, ბუნებრივად იკუმშება და ფართოვდება.
სპეციალისტთა მიერ მოპოვებული მონაცემების თანახმად, მავნე აირების მზარდი კონცენტრაცია იქ უფრო და უფრო მეტად აკავებს სითბოს, რაც ტროპოსფეროსა და სტრატოსფეროს საზღვარზე განლაგებული ტროპოპაუზის მაღლა გადანაცვლებას იწვევს. თანაც, აღნიშნული პროცესი ნელ-ნელა ჩქარდება. მაგალითად, ატმოსფეროს ეს ფენა 1980-დან 2000 წლამდე ყოველ დეკადაში თითქმის 50 მეტრით ფართოვდებოდა, ხოლო 2001-დან 2020 წლამდე იმავე მაჩვენებელმა 53.3 მეტრს მიაღწია. ამის მიღმა ესა თუ ის ბუნებრივი მოვლენაც დგას, თუმცა 80 პროცენტზე სწორედ ჩვენ ვართ პასუხისმგებელნი.
ზემოხსენებულ პრობლემას სტრატოსფეროს შემჭიდროებაც ემატება, რაც იქ არსებული ისეთი აირების ჭარბი რაოდენობის შედეგია, რომლებიც ოზონს ანადგურებენ. მკვლევრებისთვის ჯერჯერობით უცნობია, როგორ აისახება ეს ყველაფერი ამინდსა და გლობალურ კლიმატზე, მაგრამ ამან, შესაძლოა, თვითმფრინავების უფრო მაღლა ფრენის საჭიროება წამოჭრას, რათა მათ ტურბულენტობა აიცილონ თავიდან.
კომენტარები