პროფესიონალური კამერა სმარტფონში — Sony-მ Xperia Pro-I $1800-ად გამოუშვა
2021 წლის დასაწყისში Sony-მ Xperia Pro წარადგინა, რომელიც 2500 დოლარი ღირდა. ეს იყო ფუტურისტული სმარტფონი, რომელიც სონიმ პროფესიონალი ოპერატორებისთვის გამოუშვა. დღეს Sony-მ Xperia Pro განაახლა და მისი ახალი ვერსია Xperia Pro-I წარმოგვიდგინა, რომელმაც 1 ინჩიანი კამერის სენსორი პირდაპირ RX100 VII-სგან მიიღო. ასეთი ზომის სენსორს სმარტფონებში ხშირად ნამდვილად ვერ შეხვდებით.
უფრო ნათელი რომ იყოს, Pixel 6 Pro-ს მთავარი კამერის პიქსელების სიმჭიდროვე 1.2 მიკრონია. Sony-ს ახალ Xperia Pro I-ს კი 2.4 მიკრონის ზომის პიქსელები ექნება, რაც დაბალ განათებაში უკეთეს ხარისხს ნიშნავს. სმარტფონი 12-bit RAW ფორმატში გადაღებასა და 4K ვიდეოს 120 კადრი წამში დაფიქსირებასაც შეძლებს. სმარტფონს იდეალური ავტოფოკუსი ექნება, რომელიც 315 წერტილს და კადრის 90 პროცენტს მოიცავს.
Xperia Pro I-ს სონის BIONZ X პროცესორიც ექნება, რომლის მეშვეობითაც სმარტფონს წამში 20 ფოტოს გადაღება შეუძლია და ამას ავტოფოკუსსთან ერთად ახერხებს. 1 ინჩიანი სენსორი 24მმ-იანი ლინზითაა აღჭურვილი, რომელსაც დიაფრაგმა 2.0-დან 4.0-მდე ეცვლება.
მთავარი კამერის გარდა სმარტფონს კიდევ ორი სენსორი აქვს. 12 მეგაპიქსელიანი 16mm-იანი ულტრაფართო ლინზა f/2.2-ით და 50მმ-იანი ტელეფოტო f/2.4-ითა და 2x ზუმით.
გარდა კამერებისა სმარტფონმა სხვა ფლაგმანური მახასიათებლებიც მიიღო. Xperia Pro I-ის პროცესორი Snapdragon 888 იქნება, ოპერატიული მეხსიერება 12GB-ს ხოლო შიდა მეხსიერება 512GB-ს შეადგენს. სმარტფონს მიკრო SD ბარათის ჩასადებიც აქვთ, ამიტომ მეხსიერების გაზრდა დამატებით 1 ტერებაიტითაა შესაძლებელი. ელემენტის მოცულობა 4 500 მილიამპერი იქნება. სმარტფონს ყუთიდანვე მოჰყვება 30W-იანი სწრაფი დამტენი, რომელიც მას 50 პროცენტამდე 30 წუთში დატენის.
Pro I განსაკუთრებულ ეკრანსაც მიიღებს. იმისათვის, რომ მთავარი კამერით გადაღებული 4K ვიდეოები სრული სისავსით შეიგრძნოთ, სმარტფონს 6.5 ინჩიანი 4K OLED ეკრანი ექნება 120 ჰერციანი განახლების სიხშირითა და 21:9 თანაფარდობით. ასევე აღსანიშნია, რომ სმარტფონში ისევ შევხვდებით 3.5მმ-იან ყურსასმენის შესაერთებელ პორტს, რომელსაც Sony-ს LDAC და DSEE ტექნოლოგიების მხარდაჭერა ექნება.
ეს ყველაფერი ნამდვილად კარგია, მაგრამ იგივეს ვერ ვიტყვით სმარტფონის ფასზე. Sony აცხადებს, რომ ეს სმარტფონი ყველასთვის ნამდვილად არ არის, მას პროფესიონალი ვიდეოგრაფები უკეთ გამოიყენებენ და ალბათ ფასიც სწორედ მათზეა გათვლილი. თუ თქვენ Xperia Pro I-ის ყიდვას გადაწყვეტთ მაშინ 1 800 დოლარის გადახდა მოგიწევთ. Sony ამბობს, რომ ამ სმარტფონის შეძენის შემთხვევაში ჩვენ ვიყიდით RX100 VII-ის დონის კამერასა და ფლაგმანურ სმარტფონს ერთად. ამ უკანასკნელი კამერის ფასი 1 300 დოლარია.
Xperia Pro I-ის წინასწარი გაყიდვები 28 ოქტომბრიდან იწყება და ყველასათვის ხელმისაწვდომი დეკემბრიდან იქნება.
კომენტარები