დეკემბრიდან გერმანიაში პირველი სრულად ავტომატიზებული მატარებელი მგზავრებს მემანქანის გარეშე გადაიყვანს
კომპანიამ Siemens Mobility გერმანიაში დაფუძნებულ რკინიგზის ოპერატორთან Deutsche Bahn ერთად მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს საზოგადოებას მათ მიერ შექმნილი, მსოფლიოში პირველი სრულად ავტომატიზებული მატარებელი წარუდგინა. სატრანსპორტო საშუალება, რომელიც მძღოლის გარეშე ივლის, ზამთარში ამოქმედდება და პირველ ეტაპზე ქალაქ ჰამბურგში იფუნქციონირებს.
კომპანიები იმედოვნებენ, რომ ამით მოქალაქეებს ბევრად სანდო და გაუმჯობესებულ სერვისს შესთავაზებენ. მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა აეროპორტსა თუ ქალაქში მონორელსური და მძღოლის გარეშე მოძრავი მატარებლებით უკვე სარგებლობენ. ამის მიუხედავად, ახალი ტრანსპორტი მათგან განსხვავებულია, რადგან მთლიანად ავტომატური სისტემა აქვს და დღესდღეობით არსებულ სარკინიგზო ინფრასტრუქტურასთან თავსებადია.
აღნიშნული მატარებლის ეფექტიანობაში დიდი წვლილი მიუძღვის ხელოვნურ ინტელექტს, რომლითაც ის არის აღჭურვილი. ამის მეშვეობით ის განრიგში ზუსტად ჯდება და მგზავრობის მსურველთა საჭიროებას იმაზე უკეთ აკმაყოფილებს, ვიდრე მისი ტრადიციული ანალოგი.
როგორც ცნობილია, 4 ასეთი ერთეული, რომელიც 60 მილიონი ევროს ღირებულების პროექტის ფარგლებშია შექმნილი, ჰამბურგის ჩრდილოეთ ნაწილში, S-Bahn-ის სარკინიგზო ქსელში ჩაერთვება და მგზავრების გადაყვანას დეკემბრიდან დაიწყებს. აღსანიშნავია ისიც, რომ მათში მემანქანეები მაინც იქნებიან, რათა ვაგონებში მყოფი ადამიანების უსაფრთხოება უზრუნველყონ. თუმცა, ავტომატიზებული სისტემა მანევრების შესრულებას თავად გაართმევს თავს.
კომპანიების წარმომადგენელთა განცხადებით, მატარებელი 30 პროცენტით მეტ ადამიანს მოემსახურება და ამავე რაოდენობის ენერგიას დაზოგავს. გეგმის მიხედვით, ამ დეკადის დასასრულს ახალი ტექნოლოგია ჰამბურგის მთლიან S-Bahn ქსელს მოიცავს, შემდეგ კი უფრო გაფართოვდება.
კომენტარები