თუ გლინტვეინი, ცხელი შოკოლადი, დარიჩინის სურნელი და ხელნაკეთი ნივთები გიყვართ, მაშინ სწორ ადგილას მოხვდით. უფრო ზუსტად კი, "სწორი ადგილი" თქვენთვის ახლა საახალწლო ბაზრობებია, რომლებიც იმ ადამიანებშიც კი აღძრავს სასიამოვნო შეგრძნებებს, ვისაც წინასადღესასწაულო ჟრიამული დიდად არ უყვარს.

ორბელიანის მოედანზე თუ დედაენის ბაღში პატარ-პატარა, ლამაზად მორთულ ჯიხურებში თითქმის ყველაფერს შეხვდებით — სათამაშოებს, ტანსაცმელს, აქსესუარებს, თავის მოვლის საშუალებებს, გემრიელ კერძებს და სასმელს. ეს სია, რა თქმა უნდა, უსასრულოა, რადგან ბაზრობებზე თითქმის ყველა მოქმედი სტარტაპია წარმოდგენილი. მათი ნაწილი თიბისის პროგრამა სტარტაპერის პარტნიორი მცირე ბიზნესებია, თუმცა, ბაზრობაზე მათთვისაც არის სივრცე, ვინც ამ პროგრამის გარეშე ცდილობს, რაიმე საინტერესო შექმნას.

უკვე 5 წელია, რაც თიბისის პროგრამა სტარტაპერი ახალბედა ბიზნესების მხარდაჭერასა და ბიზნესსაქმიანობის წამოწყების წახალისებას ცდილობს. ფინანსური და არაფინანსური დახმარებით პროგრამა საინტერესო და ინოვაციურ წამოწყებებს პოპულარიზებაში უწყობს ხელს. პოპულარიზებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი ბიზნესების გამოჩენა მასშტაბურ ღონისძიებებზე — რასაც ასევე თიბისი იღებს საკუთარ თავზე.

წელს სტარტაპერი და თიბისი Z ფაბრიკასთან, ქარავანთან და Stall-თან ერთად, ახალბედა ბიზნესების მხარდასაჭერად, წინასაახალწლო ფუსფუსში ჩაერთო და ასე გაჩნდა მრავალფეროვანი სადღესასწაულო გამოფენა-გაყიდვა თბილისის სამ სხვადასხვა ლოკაციაზე.

და მაინც, რას შეხვდებით საახალწლო ბაზრობებზე? ჩვენ მხოლოდ კომპანიების მცირე ნაწილს გაგაცნობთ. დანარჩენი თავად უნდა ნახოთ, რადგან ატმოსფერო, რომელიც ამ ბაზრობებზე დაგხვდებათ, სულ ცოტა ხნით მაინც გაგრძნობინებთ თავს საშობაო ფილმის პერსონაჟად.

საახალწლო ქარავანი ორბელიანზე

ფოტო: თორნიკე ზიზიაშვილი / On.ge

თუ ორბელიანზე მოხვდებით, აუცილებლად დაინახავთ მოსიარულე სასულე ორკესტრს, რომლის წევრები, სანტას ფორმებში გამოწყობილები, საშობაო სიმღერებს ასრულებენ. თუმცა, ეს ყველაფერი არაა. ქარავანი ორბელიანზე 24 დეკემბრიდან 14 იანვრამდე ნებისმიერი გემოვნებისა და ასაკის ადამიანს საინტერესო გასართობს, პროდუქტებსა და კვების ობიექტებს სთავაზობს.

აქ ბავშვებისთვის ცალკე სივრცეა გამოყოფილი, სადაც სანტა კლაუსი ბინადრობს. ყოველდღიურად ეწყობა კონცერტები როგორც პატარებისთვის, ისე, დღის მეორე ნახევარში, ქართველი მუსიკოსების შესრულებით — უფროსებისთვის.

ფოტო: თორნიკე ზიზიაშვილი / On.ge

"ქარავანი სარეკლამო სააგენტო Windfor's-ის პროექტია, რომელიც ორბელიანის მოედანზე გასართობი გარე ბაზრობის მოწყობის და მომხმარებელზე ზრუნვის იდეას ემსახურება. ის ხელს უწყობს მეწარმეებს, ქართველ არტისტებს, ხელოვანებს და მათ უთმობს სივრცეს, რათა საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინონ.

აქ, ძირითადად, ახალბედა კომპანიებია წარმოდგენილი და ეს კარგი შესაძლებლობაა მათთვის, რომ პირისპირ შეხვდნენ მომხმარებლებს. ვფიქრობ, მეტი ასეთი ადგილი უნდა გაჩნდეს ქალაქში. ჩვენი მთავარი მიმართულება მეწარმეთა და სტარტაპერთა ხელშეწყობაა, რაშიც ჩვენი მუდმივი პარტნიორი სტარტაპერი ძალიან გვეხმარება", — გვიამბობს ანანო გომართელი, ქარავანის წარმომადგენელი.

ოტიას ეზო

ოტიას ეზო

ფოტო: თორნიკე ზიზიაშვილი / On.ge

"აქ ყოფნა ძალიან დიდი შესაძლებლობაა", — ამბობს ოტიას ეზოს წარმომადგენელი, ნუცა ცისკარიშვილი, — "ჩვენს ქვეყანას ახლა სწორედ ასეთი მცირე მეწარმეები თუ გადაარჩენენ, რომლებიც აქვე აწარმოებენ პროდუქციას. კარგი იქნება, თუ მსგავსი შესაძლებლობები გაჩნდება და ხელოვანი ადამიანები ჩვენს ქვეყანაშივე შეძლებენ განვითარებას.

ოტიას ეზო არის ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში არსებული მარანი და ტურისტული ცენტრი. აქ მოსულ სტუმრებს, რომელთაც მწერლის წიგნების ყიდვაც შეუძლიათ, ცენტრის მიერ წარმოებული სასმელითა და თაფლით უმასპინძლდებიან.

მანდილი

ფოტო: თორნიკე ზიზიაშვილი / On.ge

მანდილი ძველი ქართული ორნამენტებით გაფორმებულ ჩანთებსა და შარფებს აწარმოებს. ბრენდის მიზანი ქართული ორნამენტების პოპულარიზაციაა, თუმცა, მათ ასევე ჰყავთ მომხმარებლები გერმანიიდან და აშშ-დან.

"ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მიზანიც ის იყო, ქართული პროდუქცია საზღვარგარეთ გაგვეტანა", — ამბობს მანდილის წარმომადგენელი, გიორგი ჭიკაძე, — "რაც შეეხება საშობაო ბაზრობებს, ეს ჩვენთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა. მესამე წელია, ვიღებთ მონაწილეობას და ვფიქრობ, ყველასთვის კარგი საშუალებაა, შეხვდეს თავის მომხმარებლებს და მეტ ადამიანს გააცნოს ბრენდი".

ფოტო: LoveStars / Facebook

LoveStars

LoveStars-ის ისტორია 2019 წლიდან იწყება. კონცეფცია სიმარტივისა და ჰარმონიულობის ერთობლიობას გულისხმობს, რომლის მეშვეობითაც ბრენდი მომხმარებელს პრაქტიკულ და გამორჩეული დიზაინის კოლექციებს სთავაზობს.

"LoveStars განუყოფელი ნაწილი არის ჩვენი პატერნები. მათი საშუალებით იქმნება სხვადასხვა მოდელის ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, ჩანთები და მრავალი აქსესუარი, რომელიც ჩვენს ბრენდს უფრო მრავალფეროვანს და საინტერესოს ხდის", — აღნიშნავს ბრენდის წარმომადგენელი, ნიტა ტრაპაიძე.

ფოტო: თორნიკე ზიზიაშვილი / On.ge

ფოტო: თორნიკე ზიზიაშვილი / On.ge

ფოტო: თორნიკე ზიზიაშვილი / On.ge

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს ბაზრობაზე წარმოდგენილი სტარტაპების ძალიან მცირე ნაწილია. მეტის გასაგებად კი შეგიძლიათ გადახვიდეთ ღონისძიების ბმულზე და, რაც მთავარია, ესტუმროთ ორბელიანის მოედანს.

თბილისის საშობაო ბაზარი დედაენის ბაღში — Taste Tbilisi

ფოტო: თორნიკე ზიზიაშვილი / On.ge

დედაენის ბაღში მოსული სტუმრები ჯადოსნურ საახალწლო გარემოში მოხვდებიან, სადაც შეეძლებენ, ცეცხლის გარშემო მეგობრებთან თუ ოჯახებთან ერთად ცხელი გლინტვეინის ჭიქით ხელში შემოიკრიბონ, მიირთვან მრავალფეროვანი სტრიტ ფუდ საჭმელი, შეიძინონ საჩუქრები, დაესწრონ კონცერტს და გაითბონ ახალი წლის ცივი დღეები ჯადოსნური ამბებით.

დეა ავალიანი, Stall-ის წარმომადგენელი

Taste Tbilisi, ანუ "გაუსინჯე თბილისს გემო" არის პირველი სტრიტ ფუდ ბაზარი საქართველოში — სივრცე გასტრონომიული აღმოჩენებისთვის, ახალი რესტორნებისა და მზარეულების პოპულარიზაციისა და სტრიტ ფუდ კულტურის განვითარებისთვის.

ფოტო: თორნიკე ზიზიაშვილი / On.ge

რაც შეეხება Stall-ს, ის უკვე ოთხი წელია, დამწყები მეწარმეების ბაზრობებს მართავს საქართველოს მაშტაბით. აქამდე მათ უკვე 700-მდე მეწარმეს მისცეს მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობის შესაძლებლობა. ამასთან, თბილისის მერიის მხარდაჭერით, დააარსეს ტრადიციული თბილისური ბაზარი, რომელიც აერთიანებს ყველა გამორჩეულ თბილისელ მეწარმეს და აძლევს ვაჭრობის შესაძლებლობას.

აი, ნაწილი იმ ობიექტებისა, რომლებსაც დედაენის ბაღში ნახავთ:

ეზო

ფოტო: თორნიკე ზიზიაშვილი / On.ge

დედაენის ბაღში უფრო მეტად კვების ობიექტებს შეხვდებით. ერთ-ერთი მათგანი ეზოა, რომელიც "ქალაქში ყველაზე გემრიელ" ფალაფელს ამზადებს. შეფმზარეული თამაზ დავარაშვილი აქ მოსვლას ყველა იმ ადამიანს ურჩევს, ვისაც საინტერესო გემოები და დადებითი ენერგია იზიდავს.

"აკლია ქალაქს ეს ენერგეტიკა, ამიტომ, მგონია, რომ კარგ საქმეს ვაკეთებთ ყველანი ერთად; სასიამოვნო გემოებს ვახვედრებთ აქ მოსულ ადამიანებს. გემო და არომატი წარსულზე მეტყველებს და, იმედია, ეს ყველაფერიც სასიამოვნო მოგონებებს აღძრავს".

ჯეკუნა

ფოტო: თორნიკე ზიზიაშვილი / On.ge

გინახავთ ოდესმე ვეგანი ვამპირი? თუ არა, ჯეკუნა აუცილებლად უნდა მოინახულოთ ბაზრობაზე. ის ჯერ ვამპირი იყო, მერე ტროპიკულ ქვეყნებში იმოგზაურა, სადაც გასინჯა ჯეკფრუტი და ისე მოეწონა, ხორცს დაემშვიდობა, ვეგანი გახდა და სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობით საინტერესო გემოების ძიება განაგრძო.

"ჯეკფრუტი მეგობრებმა აზიაში მოგზაურობისას გავსინჯეთ და ისე მოვიხიბლეთ ამ ხილით, გადავწყვიტეთ აქაც ჩამოგვეტანა", — ამბობს ბრენდის თანადამფუძნებელი, დათუნა დევდარიანი.

ჯეკფრუტი ყველაზე დიდი ხის ნაყოფია და ჯეკუნაში მას კერძების ძირითად ინგრედიენტად იყენებენ. მისი შეზავებით შესაძლებელია ნებისმიერი ხორცის ჩანაცვლებაც.

ქიაჩელზე მდებარე ჯეკუნას კაფეში მომხმარებელს უგემრიელესი ვეგანური კერძებით უმასპინძლდებიან და ასე ცდილობენ, ხორცის მოხმარება შეამცირონ და ადამიანებს კვების მსგავს სტილზე გადასვლაში დაეხმარონ.

ფოტო: თორნიკე ზიზიაშვილი / On.ge

ფოტო: თორნიკე ზიზიაშვილი / On.ge

ფოტო: თორნიკე ზიზიაშვილი / On.ge

თბილისის საშობაო ბაზრის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს ან დედაენის ბაღს.

საშობაო ბაზრობა ფაბრიკაში

ფოტო: თორნიკე ზიზიაშვილი / On.ge

სტარტაპერთან და თიბისი Z-სთან პარტნიორობით, ფაბრიკაში საშობაო ბაზრობა გასულ უქმეებზე, 25-26 დეკემბერს გაიმართა. იგი აერთიანებდა როგორც საკვებ მიმართულებას, ისე სხვადასხვა საწარმოებს. აქ შეხვდებოდით აქსესუარებს, ხელნაკეთ ნივთებს, ტანსაცმელს, სათამაშოებს, წიგნებს და სხვა მრავალ პროდუქტს.

ფაბრიკაში საშობაო ბაზრობას ყოველწლიური სახე აქვს. ის განაგრძობს გაფართოებას და უფრო და უფრო მასშტაბური ხდება. რაც ყველაზე მეტად მახარებს, ისაა, რომ აქ უმეტესად ადგილობრივ წარმოებას შეხვდებით — ქართველ სტარტაპერებს, რომლებიც დიდწილად საკუთარი ხელით ქმნიან პროდუქციას.

თინა დონაძე, ფაბრიკის ბრენდ მენეჯერი

Your Toy

ფოტო: თორნიკე ზიზიაშვილი / On.ge

ბრენდი ბამბის ნაჭრისა და ჰიპოალერგიული მასალისგან რბილ სათამაშოებს ამზადებს. ძაღლები, თაგუნიები, ბაჭიები და სხვა საყვარელი სათამაშოები — მოულოდნელად დაფუძნებული კომპანიის პროდუქცია უკვე საზღვარგარეთ, გერმანიასა და საბერძნეთშიც იყიდება.

"ყველა მოდელი, რომელიც Your Toy-ზეა წარმოდგენილი, ჩემი მოფიქრებულია. ყველა ინდივიდუალური ესკიზებით და დიდი სიყვარულით", — ჰყვება ბრენდის დამფუძნებელი, ნატა ჩუბინიძე, — "ექვსი წლის წინ დაიწყო ყველაფერი. იმ პერიოდში არც ვხატავდი და არც კერვა ვიცოდი. იმის გამო, რომ პირადად ჩემთვის ერთი სათამაშო შემეკერა, ყველაფერი ვისწავლე. ძალიან მოეწონათ ჩემს მეგობრებს და მითხრეს, შენი ბრენდი შექმენიო. ამის შემდეგ პროდუქცია ფლიმარკეტზეც გავიტანე. ეს იყო პირველი გამოფენა, რომელმაც ძალიან გაამართლა. როცა ვნახე, რომ ხალხი ყიდულობდა, გადავწყვიტე საქმეს სერიოზულად მივდგომოდი".

ესენი

ფოტო: თორნიკე ზიზიაშვილი / On.ge

ბრენდის დამფუძნებელს, რუსუდან ქაქუთიას, მეგობარი კერამიკოსი ჰყავს და როცა ბათუმში ისვენებდა, მას სახელოსნოში ყოველდღე სტუმრობდა. შემდეგ თავადაც გადაწყვიტა, რაღაცის გაკეთება ეცადა და ასე შემოეძერწა ერთი კაცუნა. დადებითი გამოხმაურების მიღების შემდეგ, კაცუნების, უფრო სწორად, პიროვნებების მთელი არმია შეიქმნა.

"ესენი არ არიან არც სამარილეები, არც საპილპილეები, არც მაგნიტები, არც სხვა რამე — ესენი არიან პი-რო-ვნე-ბე-ბი", — ვკითხულობთ სტენდზე.

აქ ნახავთ მინიატურულ კერამიკის სახლებსაც და სხვა ხელნაკეთ ნივთებს. მალე ბრენდი სხვა ფიგურების წარმოებასაც დაიწყებს.

"ესენი შემთხვევით გაჩნდნენ", — დასძენს რუსუდანი, — "მათი სახის გაკეთების მომენტი არის ძალიან საინტერესო. ამ ყველაფრისგან დადებით ენერგიას ვიღებ, რომელიც მინდა, მომხმარებელმაც გაიზიაროს. ამიტომ, ემოცია, რომელსაც ჩვენს დახლთან ყველაზე ხშირად ნახავთ, სიცილია".

ფოტო: თორნიკე ზიზიაშვილი / On.ge

ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ უამრავი ბრენდისა, რომელიც თბილისის საახალწლო ბაზრობებზე 14 იანვრამდე დაგხვდებათ. დარწმუნებული იყავით, რომ საახალწლო ბაზრობებზე თქვენთვის საინტერესო ნივთს, სანახაობას, ანდაც გემრიელობას წააწყდებით და სადღესასწაულო განწყობას შეიქმნით.

ფოტო: თორნიკე ზიზიაშვილი / On.ge

ფოტო: თორნიკე ზიზიაშვილი / On.ge

ფოტო: თორნიკე ზიზიაშვილი / On.ge