სათვალე კამერებითა და მიკროფონით — Facebook-მა და Ray-Ban-მა ჭკვიანი სათვალე გამოუშვეს
Facebook ჭკვიანი საათვალეების ბიზნესში ჩაერთო და ფაქტობრივად, ერთ-ერთ პიონერად მოგვევლინა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კოლაბორაცია სათვალეების ყველაზე ცნობილ მწარმოებელ Ray-Ban-თან შედგა.
სათვალეებს Ray-Ban Stories ჰქვია და მათი საწყისი ფასი $299 იქნება. სათვალე ორი 5 მეგაპიქსელიანი კამერით, სენსორული შეხების აღქმის ფუნქციით, სამი მიკროფონითა და სატენი ქეისითაა აღჭურვილი.
სათვალეები რეიბანის სამი კლასიკური, Wayfarer, Meteor და Round დიზაინით გამოვა. მათი მთავარი კონკურენტი Snapchat-ის Spectacles იქნება, რომელთა პირველი ვერსიაც 2016 წელს გამოვიდა, ახლა კი უკვე მესამე გენერაციის სათვალეებიც არსებობს.
Ray-Ban Stories ორი 5 მეგაპიქსელიანი კამერა აქვს და მათ, როგორც ფოტოების, ასევე 30 წამიანი ვიდეოს გადაღებაც შეუძლიათ. სათვალეს 500+ ფოტოსა და 30-მდე ვიდეოს შესანახი მეხსიერება ექნება. სამ მიკროფონს აქტიური ხმის ჩამხშობიც ექნება, რაც ხმის სუფთად ჩაწერის საშუალებას მოგვცემს.
ამ მზის სათვალეებს HDR ფოტოების გადაღების ფუნქციაც ექნება. ასევე ფეისბუქი გვპირდება, რომ მათ ღამის რეჟიმი და ვიდეოს სტაბილიზაციაც ექნებათ.
სათვალის მიერ გადაღებული ფოტოები თუ ვიდეოები Facebook View აპლიკაციაში შეინახება, სადაც მათ დამუშავებას და პირდაპირ სოციალურ ქსელებში — Instagram-ზე, Messenger-ში, Twitter-ზე, TikTok-სა, Snapchat-ში განთავსებას შეძლებთ.
სათვალეებს დამტენი ქეისიც მოჰყვება და კომპანია გვპირდება, რომ მისი მეშვეობით ის ერთ დამუხტვაზე 3 დღე გაძლებს. ამ ახალ სათვალეს საწმენდი ნაჭერი, ჩასადები ყუთი და USB მოჰყვება.
Ray-Ban Stories უკვე ხელმისაწვდომია და მისი შეძენა ონლაინ, ამ ეტაპზე ამერიკის, ავსტრალიის, კანადის, ირლანდიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის მასშტაბით, 299 დოლარად შეგიძლიათ.
კომენტარები