ნახეთ — გვირაბში 44-წამიანმა ფრენამ იტალიელი პილოტი რეკორდსმენად აქცია
ეს გვირაბში ყველაზე ხანგრძლივი ფრენა იყო.
იტალიელმა პილოტმა, დარიო კოსტამ მიმდინარე წლის 4 სექტემბერს გინესის მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მან თურქეთის ქალაქ სტამბოლში მდებარე ორ გვირაბში 44 წამი იფრინა და საერთო ჯამში 2.26 კილომეტრი დაფარა, რაც ისტორიაში პირველი მსგავსი პრეცედენტია.
პროფესიონალმა საჰაერო მრბოლელმა თურქეთის მარმარილოს ზღვის რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილში არსებულ ავტომაგისტრალზე გაყვანილ გვირაბებში Zivko Edge 540 ტიპის აპარატით გაიარა, რომელიც სპეციალურად იყო სახეცვლილი. Red Bull-ის მიერ დაფინანსებულმა 40-კაციანმა გუნდმა მასში ფორმულა 1-ის სავარძელი ჩაამონტაჟა და წონის შემცირებაზეც იზრუნა.
თვითმფრინავი ჰაერში ადგილობრივი დროით 6:43 საათზე აიჭრა, რადგან დღის ამ მონაკვეთში ცაზე მზის მდებარეობა და ჰაერის წნევა პილოტს ხელს არ შეუშლიდა. მას რთული მისია ჰქონდა დაკისრებული. აპარატს ასფალტისგან 70 სანტიმეტრიდან მაქსიმუმ 1.6 მეტრამდე სიმაღლეზე უნდა ეფრინა, კედლებსა და ფრთებს შორის დისტანცია კი 4 მეტრი უნდა ყოფილიყო, რაც დარიო კოსტამ ზედმიწევნით შეასრულა.
მან პირველად შედარებით მოკლე გვირაბში იფრინა, შემდეგ კი მეორე, უფრო გრძელ გვირაბში გადაინაცვლა. მოდიფიცირებულმა Zivko Edge 540-მა ამ დროს 245 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ იტალიელ პილოტს შემხვედრ ქართან გამკლავებაც მოუწია, რომელმაც მისი ტრაექტორია ოდნავ შეცვალა.
კომენტარები