ჯეფ ბეზოსი სიცოცხლის გასახანგრძლივებლად ახალ სტარტაპში მნიშვნელოვან ინვესტიციას დებს
დღეს ბევრი მეცნიერი სიბერეს არა თავისთავად მოცემულობად, არამედ დაავადებად აღიქვამს, რომელსაც უნდა ვუმკურნალოთ და ოდესღაც დავამარცხოთ კიდევაც
შეუძლია ფულს მარადისობის ყიდვა? როგორც ჩანს, ამაზე პასუხის მიღებასთან საკმაოდ ახლოს ვართ.
MIT Tech იტყობინება, რომ ამაზონის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა ინვესტიცია ჩადო სტარტაპში, სახელწოდებით Altos Labs, რომელიც დაბერების პროცესებთან საბრძოლველად შეიქმნა.
თანამედროვე ისტორიის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ამ საკითხით სერიოზულად ინტერესდება. თავად ბეზოსმა უკვე აქამდეც გააკეთა ინვესტიცია დაბერების საწინააღმდეგო კვლევებში. ამ მხრივ მისი განსაკუთრებული ყურადღება 2018 წელს სან-ფრანცისკოს ფირმამ, სახელწოდებით Unity Technologies-მა მიიქცია. ეს ბიოტექნოლოგიური კომპანიაა, რომლის მიზანი დაბერების საწინააღმდეგო თერაპიების შემუშავებაა.
თუმცა, ამჯერად ბეზოსი Altos Labs-ით არის დაინტერესებული და როგორც MIT Tech იტყობინება, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი საკუთარი სიცოცხლის გასახანგრძლივებლად მნიშვნელოვან ინვესტიციას დებს.
Altos Labs
Altos Labs ამ წლის დასაწყისში დაარსდა და 270 მილიონი დოლარის დაფინანსების მოპოვება მალევე შეძლო. სტარტაპი მიზნად ისახავს ლაბორატორიულად უჯრედების გაახალგაზრდავების გზების პოვნას, რაც მალე შეიძლება გამოყენებულ იქნას ცხოველებზე. წარმატების შემთხვევაში, უკვე შემდეგი იქნება ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივება.
კომპანია გეგმავს დაიქირაოს მოწინავე მეცნიერები, რომლებიც გამოიძიებენ როგორ ხდება უჯრედების დაბერება და რისი გაკეთება შეიძლება დაბერების პროცესის შესანელებლად, რათა ჩვენი ქსოვილები უფრო ნელა დაძველდეს. სტარტაპი მეცნიერებს 1 მილიონი აშშ დოლარის წლიურ ხელფასს შესთავაზებს. მნიშვნელოვანია, რომ მეცნიერებს არავინ დააჩქარებს და გავრცელებული ინფორმაციით, მათ კვლევებისთვის საკმარისი დრო ექნებათ. თუმცა, ეს მილიონები სულ მალე, შესაძლოა, მილიარდებად და უსაზღვრო შესაძლებლობებად იქცეს. ნებისმიერი დაბერების საწინააღმდეგო მკურნალობა, რომელსაც მეცნიერები აღმოაჩენენ, სრულიად რევოლუციური იქნება.
აღსანიშნავია, რომ მსგავს თემებზე სხვადასხვა მოწინავე კომპანიებიც მუშაობენ. მათ შორის არის Calico Labs, რომელშიც მნიშვნელოვანი ინვესტიცია Google-ის თანადამფუძნებელმა ლარი პეიჯმაც ჩადო.
მეცნიერები აქტიურად ეძებენ გზებს, რაც ადამიანის დაბერებას შეანელებს, და ჩვენ შეიძლება უფრო ახლოს ვიყოთ ამ პროცესებთან ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. შესაბამისად, ნუ გაგიკვირდებათ, თუ უახლოეს 40-100 წელიწადში დაბერების პრობლემაც გადალახული იქნა.
კომენტარები