ხის იატაკი, რომელზე სიარულისასაც ელექტროენერგიას გამოიმუშავებთ
როცა ჩვენ მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი ენერგიის წყაროდ იქცევა.
შვეიცარიაში მდებარე ციურიხის ფედერალურ ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მოღვაწე მეცნიერებმა შექმნეს ხის ახალი იატაკი, რომელიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. ამისთვის საკმარისია, მასზე გავიაროთ, რა დროსაც ჩვენ მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი ენერგიის წყაროდ იქცევა. აღნიშნული მიგნების შესახებ დეტალური ინფორმაციის გაცნობა გამოცემაში Matter ახლახან გამოქვეყნებულ ნაშრომშია შესაძლებელი.
მკვლევრებმა ინოვაციური ნანოგენერატორის დამზადება სპეციალურად დამუშავებული ხის ორი ნაჭრის ელექტროდებს შორის მოთავსების გზით მოახერხეს. მასზე პერიოდულად დაბიჯებისას, ის ელექტრულად იმუხტებოდა, რასაც ტრიბოელექტრულ ეფექტს უწოდებენ. ამ დროს ელექტრონები ერთი ობიექტიდან მეორეში გადადიან და ენერგიას გამოიმუშავებენ. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ხე ტრიბონეიტრალურია, მას მსგავსი ნაწილაკების მიზიდვა ან დაკარგვა ნაკლებად ახასიათებს.
ამ დაბრკოლების გადასალახად, მეცნიერებმა ხის ერთი ნაჭერი პოლიდიმეტილსილოკსანით დაფარეს. ეს გახლავთ სილიკონი, რომელიც შეხებისას ელექტრონებს იზიდავს. მეორეს კი ZIF-8-ის სახელით ცნობილი ნანოკრისტალების გარსი გაუკეთეს. ლითონის იონებისა და ორგანული მოლეკულებისგან შედგენილი ეს მატერია ელექტრონების დაკარგვისკენაა მიდრეკილი. სპეციალისტებმა, ასევე, დაადგინეს, რომ ამგვარი ნანოგენერატორის შესაქმნელად ყველაზე კარგი მასალა ნაძვია.
შედეგად მიღებულმა ხის იატაკმა პირვანდელზე 80-ჯერ მეტი ენერგია გამოიმუშავა. ნაშრომის ავტორთა განცხადებით, მისი მცირე მონაკვეთის მიერ გენერირებული ელექტროენერგია საკმარისია იმისთვის, რომ დიოდური ნათურა ავანთოთ ან კალკულატორის მსგავსი მცირე ზომის მოწყობილობები ავამუშაოთ. რაც მთავარია, მისი დამზადება საკმაოდ იაფი ჯდება, გარემოსთვის საზიანო არაა და ინტერიერის დიზაინშიც გამოყენებადია.
კომენტარები