როგორი იქნებოდა ცხოვრება მათემატიკის გარეშე — 12 რამ, რასაც ვერ შევძლებდით
მათემატიკით ადამიანი უძველესი დროიდან სარგებლობს, გამოყენებითი გეომეტრიის უძველესი ნიმუში კი 3 700 წლისაა. დღეს დროის აღქმა, ფული, ამინდის პროგნოზი, ინტერნეტი ჩვენთვის იმდენად ყოველდღიური და ორგანული რამაა, რომ ერთგვარ მოცემულობად ვიღებთ. ასეთ დროს, ხშირად გვავიწყდება, თუ რას უნდა ვუმადლოდეთ ჩვენს მოწესრიგებულ და ინფორმირებულ ყოველდღიურობას.
მეცნიერების ყველა დარგი, იქნება ეს ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ასტრონომია, პალეონტოლოგია, კოსმოლოგია თუ ნაკლებ ზუსტ მეცნიერებად მიჩნეული ფსიქოლოგიაც კი მათემატიკას ეფუძნება. მათემატიკა უნივერსალური ენაა ნებისმიერ ენაზე მოსაუბრე მეცნიერისთვის. შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე სამეცნიერო დარგები უძველესი დროის ორი მიმართულების — მათემატიკისა და ფილოსოფიის საფუძველზე დაშენდა. ამ სტატიაში კი წარმოგიდგენთ რამდენიმე ფუტურისტულ სცენარს იმის შესახებ, თუ როგორი იქნებოდა სამყარო მათემატიკის გარეშე.
არ გვექნებოდა მედიცინა და არც რამენაირი წამალი
ცუდი წარმოსადგენია, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ კენჭის გავლა გაქვთ და რა თქმა უნდა, არ იცით, რომ ეს კენჭია (გგონიათ, რამე ავი სული გებრძვით, რადგან მათემატიკა თუ არ არსებობს, არც მედიცინა ახერხებს განვითარებას). ამ დროს, თქვენი ტომის შამანი რაღაც ბალახს უკიდებს, რომლის სუნიც თვითონ ძალიან მოსწონს და თქვენ გარშემო ცეკვას იწყებს (ავი სულის განდევნის მიზნით, რა თქმა უნდა). არ არსებობს არც გამაყუჩებელი, არც სპაზმის მომხსნელი, არც ლაპაროსკოპია (რა თქმა უნდა), რომელიც თირკმლიდან კენჭს უსისხლო ოპერაციის გზით მოგაშორებდათ.
შეგახსენებთ, რომ ყველა მედიკამენტი თუ მეთოდი პრეკლინიკურ და კლინიკურ ცდებს გადის, რომლის შემდეგაც სტატისტიკურად დგინდება და ზუსტდება უკუჩვენებები, უსაფრთხოება, მიღების/გამოყენების ჩვენებები, ეფექტიანობა და ა.შ. იგივე მოხდებოდა ვაქცინის შემთხვევაში და მილიონობით ბავშვსა თუ ადამიანს გასულ საუკუნეში ყვავილით, ახლა კი უკვე კორონავირუსით სიკვდილისგან ვერ ვიხსნიდით.
დედამიწის მოსახლეობა ახლა 7 მილიარდი ნამდვილად არ იქნებოდა
პანდემიები, ომები, ჰიგიენის დაცვის შეუძლებლობა, ბავშვთა სიკვდილიანობა, ჯანდაცვის სერვისების არარსებობა — ეს ის ფაქტორებია, რომლებიც დედამიწის მოსახლეობის ზრდას დღევანდელთან შედარებით შეაფერხებდა. ადამიანის ცხოვრების ხარისხისა და ხანგრძლივობის ზრდა სწორედ რომ მეცნიერების დახმარებით ხერხდება. მეცნიერება და მისი ყველა მიმართულება კი მთლიანად დამოკიდებულია მათემატიკაზე. თუ მათემატიკა არ გვექნებოდა, მეომრებსაც ვერ დავითვლიდით, ვერც საპონს გამოვიგონებდით, ვერც ვირუსული ინფექციებით გამოწვეულ ბავშვთა სიკვდილიანობას აღვუდგებოდით წინ და ვინ იცის, იქნებ უკვე გადავშენებულიყავით კიდევაც. ესეც რომ არა, რამდენიც არ უნდა ვყოფილიყავით, მაინც არ გვეცოდინებოდა, რადგან ვერაფრით დავითვლიდით. არც მონაცემთა ბაზები გვექნებოდა, რომელთა დამუშავების გზითაც ზემოთ მოცემული ვიზუალიზაციის მიღება გახდა შესაძლებელი.
ვერ გავიგებდით, რომელი რიცხვი, თვე, წელი და საათი იყო, არის თუ იქნება
ჰოდა ვერც იმას გაიგებდით, რომ დედამიწის ღერძული ბრუნვის პერიოდი 24 საათიანია. როგორც უძველეს ადამიანებს, მოქმედების (მაგალითად ჭამის დროის) განსასაზღვრად მხოლოდ მზის ამოსვლისა და ჩასვლის იმედად ყოფნა მოგვიწევდა და ისიც არ გვეცოდინებოდა, იყო თუ არა შანსი, რომ მზე ისევ ამოსულიყო. ამინდის პროგნოზიც არ გვექნებოდა, რა თქმა უნდა, შესაბამისად, ვერ დავგეგმავდით ვერანაირ გარე სამუშაოს. არ გვეცოდინებოდა, რა დროა ახლა, რა დრო იყო, ან იქნება. მოკლედ, სერიოზულ გაუგებრობასა და დაბნეულობაში ვიქნებოდით.
ინდუსტრიული რევოლუცია? — ძალიან ხმამაღალი ნათქვამია
მათემატიკის გარეშე, მოსახლეობის უმეტესობა ჯერ კიდევ მზის გულზე იმუშავებდა, რადგან ინდუსტრიული რევოლუციის მთავარი მახასიათებლის — ქარხნების გაჩენა წარმოუდგენელი იქნებოდა. დღეს ნებისმიერი პროდუქტის წარმოება, სულ რომ ყურის ჩხირი იყოს, მთლიანად მათემატიკაზეა დამოკიდებული. მათემატიკა რომ არა, საწარმოო პროცესის მექანიზაციის საჭიროებას ვერაფრით დავაკმაყოფილებდით და ვერც მენტალური არითმეტიკით დავიკვეხნიდით დანადგარებთან მუშაობისას. ადამიანს მძიმე სამუშაოს შესრულებისას დანადგარები ვერ ჩაანაცვლებდნენ, შესაბამისად, გონებრივი რესურსი შემოქმედებითი სამუშაოსთვის ვერ გამოთავისუფლდებოდა. შესაძლოა, მსოფლიო ლიტერატურის შედევრებიც ვერ გვეხილა ამ ფორმით, კლასობრივი უთანასწორობა კი ძალიან მწვავედ იდგებოდა, მიწათმფლობელებსა და მუშებს შორის. მოკლედ, მე-19 საუკუნეში ბატონ-ყმობას ვერ გადავაგდებდით. ან, ვინ იცის, იქნებ მომთაბარეობისთვისაც არ მიგვენებებინა თავი და ნეოლითური რევოლუციაც არ მომხდარიყო (10 000 წლის წინ).
გემრიელ საჭმელსაც ვერ შევჭამდით და აი, რატომ
წარმოიდგინეთ კულინარია დოზირების გარეშე... ინგრედიენტების შერევით რამე საკვების მიღება კი შესაძლებელია, მაგრამ კულინარიაში დიდი მნიშვნელობა აქვს დოზირებას, ტემპერატურას და ა.შ. მოკლედ, თუ ტკბილი მოგინდებოდათ და ერთი კოვზის ნაცვლად 5 კოვზის რაოდენობის საფუარს გამოიყენებდით, საქმე გამოცხობამდეც ვერ მივიდოდა. ნუ, ისედაც ვერ მივიდოდა, რადგან სავარაუდოდ, საფუარს ვერ აწარმოებდნენ, ვერც ნამცხვრისთვის გამოსადეგ ფქვილს (რითი დაფქვავდნენ ხორბალს?).
სახლები თუ გვექნებოდა, მალე დაგვენგრეოდა
შეიძლება, მათემატიკის გარეშე გამოქვაბულიდან კი გამოვედით, მაგრამ სახლების შენება მის გარეშე ნამდვილად არ დაგვიწყია. ნუ, პროფესია არქიტექტორიც არ იარსებებდა სავარაუდოდ, ხოლო ხის სახლები, რომლებშიც ალბათ ვიცხოვრებდით, ბავშვის დახატულს ემსგავსებოდა. უსწორმასწორო და სხვადასხვა ზომის კედლები ჭერს ცუდად დაიჭერდა, შეიძლება სახლს ჩვენს სიმაღლეზე დაბალი კარებიც ჰქონოდა, რადგან ზომები სწორად ვერ შევაფასეთ. ასეთი სახლი კი უსაფრთხო თავშესაფრად ვერ გამოგვადგებოდა. იქნებ, ისევ გამოქვაბულში დავბრუნებულიყავით?
არ გვექნებოდა ფული, ხოლო "საყიდლებზე" წასვლა ნამდვილი კოშმარი იქნებოდა
ვერასდროს ვერაფრით გავიგებდით, რა რა ღირს, რადგან ფული არ გვექნებოდა. სამაგიეროდ, ხორბალს ხორცში გავცვლიდით, სიმინდს ყველში და ეს უფრო გაცვლა იქნებოდა, ვიდრე საყიდლებზე სიარული. თუმცა, მუდმივ დავაში ვიქნებოდით, რადგან არ გვეცოდინებოდა, რა წონის ხორბალს ვცვლით რა წონის ხორცში. მეორე ადამიანის "თვალის ზომა" კი შეიძლება თქვენსას სულ არ დამთხვეოდა.
ვერ გამოვიგონებდით ელექტროენერგიას, წყალსადენ მილებსა თუ მანქანას
ნებისმიერი გამოგონება დიდ მათემატიკურ ცოდნას მოითხოვს. დღეს შეიძლება იდეა გქონდეთ, ხოლო პროტოტიპის შესაქმნელად გუნდთან ერთად იმუშავოთ, თუმცა, თუ მათემატიკის გარეშე მსოფლიოს წარმოვიდგენთ, ვერ შევქმნიდით კაცობრიობისთვის გარდამტეხ ვერცერთ გამოგონებას. არ გვექნებოდა ელექტროენერგია, ნათურა, წყალსადენი მილები, მანქანები, თვითმფრინავები, ჯერ ორთქლზე მომუშავე, შემდეგ კი სწრაფი ელექტრომატარებლები. მოკლედ, ველოსიპედს ვერ გამოვიგონებდით, ვერც პირველად და ვერც ახლიდან.
ვერ ვიმოგზაურებდით და ვერც ფოტოებს გადავიღებდით
დავიწყოთ იქიდან, რომ მოგზაურობისთვის ტრანსპორტი არ გვეყოლებოდა. მათემატიკის გარეშე სამყაროში ვერ აგებენ გემებსა თუ თვითმფრინავებს, ვერც მატარებლებსა და ავტობუსებს. თუმცა, მაინც წარმოიდგინეთ, რომ ფეხით, ან ცხენით მიდიხართ თქვენი საცხოვრებლისგან მოშორებით, სხვა ადგილის მოსანახულებლად, მაგრამ მოსანახულებელი არც არაფერია. "არქიტექტურული შედევრები", რომლის აშენებასაც ცოტა ხნის წინ, მათემატიკის არსებობის გარეშე ეცადნენ, ქვების გროვებად ქცეულა, ადგილობრივებს კი ვერ აგებინებთ, რატომ უნდა გაგიცვალონ სიმინდი ვაშლში. დასათვალიერებელი არაფერია, საჭმელი არაფერია. ვერც ფოტოებს გადავიღებთ, რადგან მათემატიკის გარეშე სამყაროში ფოტოაპარატი ვერ გამოიგონეს, ვერც სმარტფონი, რა თქმა უნდა. მხოლოდ ისევ მომთაბარეები თუ ვიქნებოდით, იქნებ წყალთან სიახლოვის შემთხვევაში, ეს ახალი ადგილი გვექცია დროებით სახლად?
ვერ შევისწავლიდით კოსმოსს და მით უფრო, ვერასდროს გავფრინდებოდით დედამიწიდან
ახლა კოსმოსური აღმოჩენები და მისიები საკმაოდ ხშირია, თუმცა დედამიწას გაცდენა მათემატიკის გარეშე წარმოუდგენელზე წარმოუდგენელი იქნებოდა. ობსერვატორიები, კოსმოსური ტელესკოპები, ხომალდები, რაკეტები და საერთაშორისო კოსმოსური სადგური იდეადაც ვერ გვექნებოდა მათემატიკა რომ არა. ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი ტიპის მოწყობილობის პროექტირებასა და ამუშავებას, კოსმოსურ მისიებში გამოყენებულ მარსის მოხეტიალეებსა თუ ხომალდებს ინჟინრების ხელი სჭირდებათ. ინჟინერია კი მათემატიკის გარეშე საერთოდ არ იარსებებდა. ისე, მათემატიკის გარეშე კოსმოსური აღმოჩენები კი არა, დედამიწაზეც უამრავი რამ დაგვრჩებოდა აღმოუჩენელი. მაგალითად, ამერიკის კონტინენტი.
შოთა რუსთაველი ვეფხისტყაოსანს ამ ფორმით ვერ დაწერდა
დაკვირვებიხართ, როგორაა გადანაწილებული მარცვლები ამ საოცარი პოემის თითოეულ ტაეპში (ჭარბობს ოთხჯერადი რითმები). როგორი სიზუსტითაა გაანგარიშებული თითოეული მათგანი. ჰოდა მათემატიკის გარეშე ეს არ მოხდებოდა. ვერც დიდგორის ომს მოვიგებდით, სხვათა შორის (ცოტა ბევრის წინააღმდეგ). ხელოვნების ნიმუშებსაც ვერ ვიხილავდით, რომლებიც სიმეტრიების დაცვითა და გეომეტრიის წესების მიხედვითაა შექმნილი და საერთოდ, მათემატიკის გარეშე პოეზიაც ვერ იარსებებდა.
ამ სტატიას ვერ წაიკითხავდით — არც ინტერნეტი გვექნებოდა, არც ონლაინ მედია, არც კომპიუტერი/სმარტფონი
პრინციპში, ამ სტატიას ორი რამის გამო ვერ დავწერდი — 1. მათემატიკის შესახებ არაფერი მეცოდინებოდა; 2. არც ინტერნეტი გვექნებოდა, არც ონლაინ მედია, არც კომპიუტერი, სმარტფონი, პლანშეტი თუ ნებისმიერი მოწყობილობა, რომლის შექმნაც კომპლექსურ ტექნიკურ ცოდნას მოითხოვს. მათემატიკის გარეშე არათუ ინტერნეტი, სადენზე მომუშავე საქალაქთაშორისო ტელეფონიც კი ვერ შეიქმნებოდა. კოდები, პროტოკოლები, ვებგვერდები, პაკეტები, მონაცემთა ცენტრები — ეს ყველაფერი, რისგანაც ინტერნეტი შედგება მათემატიკური აზროვნების პროდუქტებია. სამყაროში კი, რომელშიც არაფერი გვეცოდინებოდა მათემატიკის შესახებ, არცერთ თანამედროვე ტექნოლოგიურ სიკეთეზე მიგვიწვდებოდა ხელი.
ეს ყველაფერი არაა, რასაც მათემატიკის გარეშე ვერ შევძლებდით. მათემატიკა ათასწლეულების განმავლობაში იყო ის, რაც ადამიანებს სამყაროს შემეცნებასა და აღქმაში მნიშვნელოვნად ეხმარებოდა და სხვადასხვა სფეროში წინსვლას პირდაპირ განაპირობებდა. თუმცა, მისი მნიშვნელობის შესახებ სკოლაში იშვიათად გვიყვებოდნენ. მათემატიკა მოსაწყენი ამოცანების ამოხსნაზე გაცილებით მეტია. მასზე თანამედროვე სამყარო მთლიანადაა დამოკიდებული, ხოლო თუ სამყაროში, რომელსაც საბედნიეროდ, მათემატიკა აქვს, თავის დამკვიდრება გვინდა, მისი წესები კარგად უნდა გვესმოდეს.
ასევე იხილეთ: როგორ ვასწავლოთ მათემატიკა საკუთარ თავს
დასასრულს კი, მათემატიკური აზროვნება თითქოს რაღაც ძალიან სასარგებლო პროგრამაა, რომელსაც კაცობრიობა ათასწლეულებია წერს და აახლებს. შენ ის უბრალოდ უნდა "გადმოწერო" და თავში "დაიინსტალირო". ამის შემდეგ კი ის დაგეხმარება სამყაროს სწორად აღქმაში, სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღებასა და მთლიანად, ცხოვრებაში.
კომენტარები