Oppo-მ ახალი თაობის ეკრანქვეშა წინა კამერა დააანონსა
Oppo-მ ეკრანქვეშა კამერის ახალი ტექნოლოგია წარადგინა და მათი თქმით, წინა კამერის ეკრანში მოთავსება ისეა შესაძლებელი, რომ "ის ხელს არ შეუშლის ეკრანის ერთიანობას". ამ ტექნოლოგიის პირველ ვერსიაში კომპანიები ეკრანის იმ ნაწილში, რომლის ქვეშაც კამერა იყო მოთავსებული, პიქსელების სიმჭიდროვეს ამცირებდნენ.
ამ შემთხვევაში კი Oppo-მ ეს მიდგომა შეცვალა და ახლა ისინი უფრო პატარა პიქსელებს იყენებენ, თუმცა პიქსელების რაოდენობა თითოეულ ინჩზე მაინც 400 იქნება, ანუ იმდენივე, რამდენიც OLED ეკრანის სხვა ნაწილებში.
Oppo-ს თქმით, მომხმარებელმა ყოველდღიურ მოხმარებაში ვერ უნდა შენიშნოს ვიზუალური სხვაობა ეკრანქვეშა კამერის ადგილსა და დანარჩენ ეკრანს შორის, რაც ბევრად უფრო სასიამოვნო ვიზუალურ გამოცდილებას მოგვცემს. კომპანიამ სატესტო სმარტფონი და მასზე გაშვებული ტექსტი გვანახა. პირველი თაობის ეკრანქვეშა კამერების შემთხვევაში, თეთრ ფონზე და მითუმეტეს ტექსტთან ერთად, სელფის კამერა გამაღიზიანებლად ჩნდებოდა პანელის უკანა ნაწილიდან.
Oppo-მ კამერით გადაღებული სატესტო ფოტოც გვანახა
ეს მხოლოდ ერთი ფოტოა და ისიც კარგ განათებაში გადაღებული. მიუხედავად ამისა, აქაც ვხედავთ, რომ ფოტოზე, გარკვეულ ადგილებში, არტეფაქტები შეინიშნება. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ის ბევრად უფრო კარგად გამოიყურება ვიდრე პირველი თაობის ეკრანქვეშა სელფის კამერებით გადაღებული ფოტოები გამოდიოდა.
კომენტარები