თბილისში აზერბაიჯანელი ბლოგერი გარდაცვლილი იპოვეს — რა ვიცით
წუხელ გვიან ღამით აზერბაიჯანელმა გამომძიებელმა ჟურნალისტმა, აფგან მუხთარლიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელი მიგრანტი, ჰუსეინ ბაკიხანოვი თბილისში გარდაცვლილი იპოვეს. მუხთარლი წერდა, რომ ბაკიხანოვი იმ მაღალსართულიანი შენობიდან გადმოაგდეს, სადაც ის ცხოვრობდა. არსებული ინფორმაციით, ჰუსეინს აზერბაიჯანში პოლიცია დევნიდა, ამიტომ ბოლო პერიოდში ის თბილისში ცხოვრობდა და თავშესაფარს ითხოვდა.
On.ge-სთან საუბრისას მუხთარლიმ განმარტა, რომ გარდაცვლილის ცხედარი თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ნაწილში, Rooms Hotel-ის წინ ნახეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ შემთხვევა 14 ივლისს მოხდა.
"ერთი კვირის განმავლობაში არ იყო სიახლე ჰუსეინისგან... თბილისში ყოფნისას, აზერბაიჯანულ მედიაში და საკუთარ არხზე, ის მუდმივად აკრიტიკებდა აზერბაიჯანის მთავრობას", — წერს აფგან მუხთარლი და ყვება, რომ გარდაცვალებამდე მასზე იძალადეს.
გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, 12 ივლისს ჰუსეინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მანქანაში გადაღებულ ვიდეოში ყვება, რომ მას თავს ხუთი ადამიანი დაესხა. ვიდეოში ბაკიხანოვი ამბობს, რომ თავდამსხმელებმა მას შეურაცხყოფა მიაყენეს და თბილისის ცენტრში ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მუხთარლის ინფორმაციით, აზერბაიჯანელ ბლოგერს ცემის შემდეგ შინაგანი ორგანოების გამოკვლევაზე უარი უთხრეს.
დაღუპულის ახლობელი, ავთანდლი მამედოვი წერს, რომ ჰუსეინს მასთან კომუნიკაცია ბოლოს 14 ივლისს ჰქონდა, რა დროსაც თავდასხმელების აზერბაიჯანის მთავრობასთან კავშირზე უამბო. მისივე თქმით, მოგვიანებით ბლოგერმა სახალხო დამცველის აპარატსაც მიმართა.
"კვირების განმავლობაში ვურეკავდი, მაგრამ პასუხს ვერ ვიღებდი, არც ვიცოდი სად იმყოფებოდა", — წერს მამედოვი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, რომ შემთხვევა ორი კვირის წინ, 14 ივლისს ვერაზე მოხდა და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. აფგან მუხთარლიმ დღეს On.ge-სთან განმარტა, რომ მომხდარის შესახებ აქამდე ინფორმაცია არ ჰქონდათ და ამის შესახებ გუშინ შეიტყვეს და გაავრცელე
ჰუსეინ ბაკიხანოვი 7 მაისს ბაქოში გამართული საპროტესტო აქციის დროს დააკავეს და 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 13 ივლისს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ის ამბობდა, რომ 7 მაისიდან მისთვის ჯოჯოხეთი — ფსიქოლოგიური და ფიზიკური წამება დაიწყო. ბლოგერი, ასევე, ამბობს, რომ მას პოლიცია გაუპატიურებით ემუქრებოდა.
"როდესაც ფიზიკურად მაწამებდნენ ნაწილი მგუდავდა, ნაწილი ფეხებს შორის მირტყამდა", — ამბობდა აზერბაიჯანელი ბლოგერი.
კომენტარები