რა ხდება ათლეტის ორგანიზმში — რას ცვლის სპორტი და მეცნიერება

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

სპორტი და მეცნიერება

2021 წლის ოლიმპიური თამაშები ტოკიოში უკვე დაიწყო. ათლეტები ერთმანეთს სპორტის მრავალ სახეობაში შეეჯიბრებიან, რაც, ცალსახად, საინტერესო სანახავი იქნება, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ თითოეული მორბენალის, მოცურავისა თუ ტანმოვარჯიშის პერფორმანსის უკან ინტერდისციპლინარულ მეცნიერთა გუნდი დგას, რომლებიც შეჯიბრში მონაწილეთა ფიზიკური თუ ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე და მათი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენაზე ზრუნავენ.

მეცნიერთა ნაწილი იკვლევს, თუ რა კავშირშია ათლეტის ფიზიოლოგია მათ პერფორმანსთან და როგორ შეიძლება ადამიანში ამ ადაპტაციების წახალისება. მეორე ნაწილი იმას სწავლობს, თუ რა ნეიროპროცესები დგას ბურთის დაუჯერებელი სიჩქარით სროლის უკან ისეთ სპორტში, როგორიც ბეისბოლი ან კრიკეტია. მკვლევართა ნაწილი იმასაც ამბობს, რომ ათლეტის პერფორმანსში ნაწლავის ბაქტერიებს მიუძღვით დიდი წვლილი.

დროთა განმავლობაში ხდება წვრთნების ახალი მეთოდების შემუშავება და ძველი მეთოდების განახლება, რომელთა მიზანი ათლეტების უნარების გაუმჯობესება და მათ მიერ სიცხის ამტანობის გაზრდაა. მეცნიერება ასევე გარკვეულ როლს თამაშობს სამართლიანი შეჯიბრების უზრუნველყოფაში, ვინაიდან მედიკამენტები, რომლებსაც ათლეტები პერფორმანსის გასაუმჯობესებლად იყენებენ, სულ უფრო დიდ ყურადღებას იქცევს.

პრიორიტეტს წარმოადგენს ათლეტების როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური ჯანმრთელობა, რაც, ერთი შეხედვით, ახალ პრობლემას წარმოადგენს, თუმცა, სავარაუდოდ, ეს იმას ნიშნავს, რომ აქამდე მასზე არ საუბრობდნენ.

ამ სტატიაში სწორედ ზემოთ მოყვანილ თემებზე გესაუბრებით და მოგიყვებით, თუ რას ამბობს მეცნიერება სპორტსმენების პერფორმანსზე, მათ გამძლეობაზე, ისევე, როგორც მათ ფიზიკურ თუ მენტალურ ჯანმრთელობაზე.

მიტოქონდრიების როლი ათლეტების გამძლეობაში

2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე უსეინ ბოლტმა 100 მეტრი სულ რაღაც 9.58 წამში გაირბინა და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. იმავე წელს, რამდენიმე დღის შემდეგ, ელიუდ კიპჩოგემ 42 კილომეტრი 2 საათსა და 8 წუთში გაირბინა და მარათონში გაიმარჯვა. საინტერესოა, რომ ეს უჩვეულო შედეგები ერთმანეთისგან განსხვავებულ გამოწვევებს უყენებს ადამიანის სხეულს, თუმცა, დასაწყისში ისინი, დაახლოებით, ერთი და იმავე პროცესებს გადიან.

სირბილის დაწყებისას ორივე მორბენალის სხეული, ატფ მოლეკულის (რომელიც უჯრედებს უშუალოდ ამარაგებს ენერგიით) დაგროვებისთვის, კუნთის ქსოვილში არსებული ენერგიით მდიდარი მოლეკულის, კრეატინის ფოსფატის გამოყენებას იწყებს. რამდენიმე წამში, როდესაც კრეატინის ფოსფატის მარაგი იწურება, მათი სხეული, უჯრედების ატფ-ით უზრუნველსაყოფად, გლუკოზის დაშლას იწყებს და კიდევ რამდენიმე წუთით ახერხებს კუნთის უჯრედების შეკუმშვას.

ბოლტისთვის და სხვა მოკლე დისტანციაზე მორბენლებისთვის რამდენიმე წუთი, შესაძლოა, მთელ საუკუნედ გაიწელოს, მარათონის მორბენლებს კი კიდევ დიდი ხნის მანძილზე უწევთ სირბილი. ფინიშის ხაზამდე მისაღწევად, ეს ათლეტები ზემოთ აღწერილთან შედარებით უფრო ნელ, თუმცა ეფექტიან გზას მიმართავენ — ამ დროს მათი სხეული, ცხიმისა და ნახშირწყლების წვისთვის ჟანგბადს იყენებს და ატფ-ს უჯრედის შიგნით არსებულ სტრუქტურაში — მიტოქონდრიაში აგროვებს.

კიპჩოგეს მსგავსი გამძლეობის ათლეტების კუნთოვან უჯრედებში იმაზე უფრო მეტი მიტოქონდრიაა, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანებში თუ ბოლტის მსგავს ათლეტებში. აღსანიშნავია, რომ მათ მიტოქონდრიებში ატფ-ის დაგროვების მექანიზმი სწრაფად, ვარჯიშის დაწყებიდან რამდენიმე წუთში აქტივირდება. ვარჯიში არამხოლოდ ხელს უწყობს მიტოქონდრიების რაოდენობის გაზრდას, ასევე ცვლის უკვე არსებული მიტოქონდრიების სტრუქტურასა და ფუნქციებს, რაც ათლეტების ფიზიკური გამძლეობის ზრდას უწყობს ხელს.

აღსანიშნავია, რომ ადამიანის ორგანიზმში მსგავსი შემგუებლური მექანიზმების განვითარებას დრო სჭირდება. მიტოქონდრიების რაოდენობასა და ხარისხს განსაზღვრავს ვარჯიშის დრო და ინტენსივობაც. კუნთის უჯრედის მიტოქონდრიების ნახევარდაშლის პერიოდი სულ რაღაც ორ კვირას შეადგენს, ამიტომ, მუდმივი აქტივობის გარეშე კუნთში არსებული მიტოქონდრიების რიცხვი სწრაფად ეცემა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ათლეტები თითქმის უწყვეტად განაგრძობენ ვარჯიშს, მათი სხეული შეეგუება მოცემულ აქტივობას და მიტოქონდრიების რაოდენობის გასაზრდელად უფრო ინტენსიური ვარჯიში გახდება საჭირო.

ათლეტებში ამტანობის მატებისა და შემგუებლური მექანიზმების ჩამოყალიბების კიდევ ერთ გზას ზღვის დონიდან დიდ სიმაღლეზე ვარჯიში წარმოადგენს. ეს პრაქტიკა განსაკუთრებით პოპულარული 1968 წლის ოლიმპიური თამაშების შემდეგ გახდა — მონაწილეებს მექსიკოში, ზღვის დონიდან 2 300 მეტრზე უწევდათ საუკეთესოს ტიტულისთვის ბრძოლა. თვით ჩემპიონ მორბენლებსაც კი უჭირდათ სისხლში ჟანგბადის დაბალი კონცენტრაციის ატანა, რაც ამ სიმაღლეზე ჰაერში გაიშვიათებულ ჟანგბადთან იყო დაკავშირებული.

ათლეტის სხეული ზღვის დონიდან მაღლა ვარჯიშს სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობისა და სისხლის მოცულობის გაზრდით ეგუება, რაც კუნთებს საჭირო რაოდენობის ჟანგბადის მიღების საშუალებას მიტოქონდრიების რაოდენობის ზრდის შედეგად აძლევს. გარდა ამისა, შესაძლოა ეფექტიანი იყოს სიცხეში ვარჯიში, ვინაიდან გამძლეობის ათლეტების შეჯიბრებისას ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას სიცხე წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ როდესაც ატმოსფერული ტემპერატურა 12 °C-ს აჭარბებს, მორბენალთა სიჩქარე ეცემა. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ უჯრედებში მიტოქონდრიების რაოდენობა და ხარისხი ათლეტის ორგანიზმში სხვადასხვა სახის წვრთნების ეფექტიანობის ამაღლებას და ჯანმრთელობის შენარჩუნებას უკავშირდება.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გამძლეობის სპორტსმენების მოღვაწეობის პერიოდში ერთმანეთს ცვლის ინტენსიური ფიზიკური წვრთნის, დასვენებისა და ძალების აღდგენის პერიოდები. ზედმეტად ინტენსიურ წვრთნასა და შემდეგ ძალების აღდგენას შორის დისბალანსი ხშირად ქსოვილის რეპარაციული მექანიზმის მოშლასა და მისი დაზიანების გადამეტებას იწვევს.

ტრავმების განკურნება შესაძლებელია დასვენებით და რეაბილიტაციური სავარჯიშოების კეთებით. გამძლეობის ათლეტები ასევე მგრძნობიარენი არიან ვარჯიშთან დაკავშირებული სამედიცინო მდგომარეობებით, როგორებიცაა ვარჯიშით გამოწვეული ტრავმა, კოლაფსი ან გადამეტებული წვრთნის სინდრომი, მათი პრევენცია ან განკურნება კი შესაბამისი სამედიცინო ჩარევითაა შესაძლებელი. დაზიანებების უმეტესობა გამძლეობის ათლეტებში გადაჭარბებული ვარჯიშის შედეგია, ამიტომ, საჭიროა სამედიცინო ისტორიის საფუძველზე ინფორმაციის მოძიება იმის შესახებ, თუ რა მოთხოვნებს უყენებს არჩეული ფიზიკური სპორტი ათლეტებს.

პერფორმანსი და ნაწლავური მიკრობიომა

2015 წელს ჰარვარდის სამედიცინო სკოლის პოსტდოქტორულმა მკვლევარმა, ჯონათან შეიმანმა ბოსტონის მარათონამდე მასში მონაწილე მორბენალთა და კოლეგა პოსტდოკების (რომლებიც საერთოდ არ იყვნენ მორბენლები) მონაცემები შეაგროვა. მარათონის შემდეგ მან მორბენლები კიდევ ერთხელ მოინახულა მონაცემების შესაგროვებლად, ოთხი წლის შემდეგ კი ამ თემაზე მოხსენება გამოსცა, რაც ათლეტის პერფორმანსსა და ნაწლავში მობინადრე სიმბიოტურ მიკროორგანიზმებს შორის კავშირის გამოვლენის პირველ მცდელობას წარმოადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მიკროორგანიზმები ძალიან დიდ როლს თამაშობენ ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე პროცესებში და დიდ გავლენას ახდენენ ჩვენს ჯანმრთელობაზე, მათი კავშირი ათლეტობასთან საფუძვლიანად არაა შესწავლილი, თუმცა ამ საკითხის მიმართ ინტერესი მუდმივად იზრდება და გასული წლების სამეცნიერო მიღწევები მკვლევრებს ეხმარება, გამოავლინონ, თუ რომელი მიკრობები ბინადრობენ ადამიანის ნაწლავში და როგორ ფუნქციონირებენ ისინი.

როგორც ვიცით, ნაწლავში მიკრობების უდიდესი მრავალფეროვნება გვხვდება — ეს ორგანიზმები უნიკალურები არიან და თითოეული მათგანი ფუნქციების მხოლოდ მცირე ჯგუფზეა პასუხისმგებელი. ნაწლავის მიკრობიომაზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას, მათ შორის ადამიანის დაბადების გზა, წამლების მოხმარება (განსაკუთრებით კი, ანტიბიოტიკების), მოწევა, ალკოჰოლის მიღება, სტრესი, ასაკი და, რა თქმა უნდა, კვების სტილი. ამის მიუხედავად, საკმაოდ ცოტა ვიცით იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს მათზე ვარჯიში, ან პირიქით, რა გავლენას ახდენს ათლეტის ნაწლავური მიკრობიომა მის პერფორმანსზე. ეს საკითხი ჯერ შესწავლილი არაა, თუმცა მეცნიერები უკვე იწყებენ გარკვეული კავშირებისა და პოტენციური მექანიზმების გამოვლენას.

ფოტო: media.nature.com

2016 წლის კვლევამ, რომელიც 39 მოზრდილზე ჩაატარეს, აჩვენა, რომ კარდიორესპირატორული ფიტნესი მიკრობულ მრავალფეროვნებას უკავშირდება. გუნდს მიკრობების კონკრეტული ოჯახი არ გამოუვლენია, რომლებიც, შესაძლოა, მნიშვნელოვნად იყვნენ დაკავშირებულნი ფიტნესთან.

ნაწლავის ბაქტერიების ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია კომპლექსური ნახშირწყლების დაშლასა და გვერდით პროდუქტებად მოკლეჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების (SCFA) წარმოქმნაში ხელშეწყობაა. SCFA ნაწლავური მიკრობებისა და ფიტნესს შორის კავშირის პოტენციურად მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ კვლევის ფიზიკურად უფრო აქტიური მონაწილეების ექსკრემენტებში ყველაზე გავრცელებული SCFA-ებიდან ერთ-ერთის დონე, დანარჩენ მონაწილეებთან შედარებით, უფრო მაღალი იყო.

მომდევნო წელს გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა მოყვარული და პროფესიონალი ველოსიპედისტების ნაწლავური მიკრობიომები შეადარეს ერთმანეთს და ამ ორს შორის სისტემური განსხვავებები არ შეუნიშნავთ, თუმცა აღმოაჩინეს, რომ ვარჯიშის ხანგრძლივობა (ათლეტებმა თვითონვე მიაწოდეს მკვლევრებს ეს მონაცემი) გარკვეულ კორელაციაში იყო ბაქტერიების გვარ Prevotella-სთან. ამ ბაქტერიების დონე ასევე კორელაციაშია ისეთ ნაწლავურ პროცესებთან, როგორიცაა ნახშირწყლებისა და განშტოებული ჯაჭვის ამინომჟავების მეტაბოლიზმი.

2014 წელს ჩატარებულმა კიდევ ერთმა კვლევამ, რომელშიც პროფესიონალ მორაგბეებს სწავლობდნენ, აჩვენა, რომ ათლეტები, იმავე სქესის, ასაკისა და სხეულის მასის ინდექსის არასპორტსმენებთან შედარებით, ნაწლავის მიკრობიომის უფრო დიდი მრავალფეროვნებით ხასიათდებოდნენ. გუნდმა ისიც აღნიშნა, რომ ამ ორი ჯგუფის კვების სტილი მკვეთრად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, რაც განსაკუთრებით მიღებული ცილების რაოდენობას უკავშირდება. კვების სტილი მჭიდრო კავშირშია ნაწლავის მიკრობულ მრავალფეროვნებასთან, ამიტომ გაუგებარია, თუ რომელი თამაშობდა ამ შემთხვევაში წამყვან როლს — ვარჯიში თუ დიეტა.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ მოყვანილი კვლევები ფიტნესსა და ნაწლავის მიკრობულ მრავალფეროვნებას შორის აშკარა კავშირზე მიუთითებს, მათ მხოლოდ ამ კავშირების დემონსტრირება შეძლეს, რის საფუძველზეც დასკვნების გამოტანა ნაადრევია. ამიტომ, საკითხის შესასწავლად, ჯერ კიდევ მეტი ექსპერიმენტული სამუშაოს ჩატარებაა საჭირო.

ფიზიკური დატვირთვა ექსტრემალურ პირობებში

თვიქენჰაიმის წმინდა მერის უნივერსიტეტის სპორტის პროფესორის, პოლ ჰაფის თქმით, იმ გამოწვევებს, რომლებიც ექსტრემალურ გარემოში ფიზიკურ დატვირთვას უკავშირდება, მეცნიერები 1930-იანი წლებიდან სწავლობდნენ. ათლეტებს, რომლებიც არ იყვნენ მიჩვეულნი მაღალ ატმოსფერულ ტემპერატურას, წლების მანძილზე წვრთნიდნენ თბილი კლიმატის პირობებში — ამის მიზანი აკლიმატიზაცია და სითბური დაავადებების რისკის შემცირება იყო. დროთა განმავლობაში, მეცნიერების განვითარებასთან ერთად, შეიცვალა ადაპტაციის სტრატეგიებიც.

დოჰას ორთოპედიისა და სპორტული მედიცინის საავადმყოფო Aspetar-ის კვლევითი ხელმძღვანელის, სებასტიან რასინეის თქმით, მეცნიერული პროგრესის მიუხედავად, ათლეტებისთვის სიცხე მზარდ პრობლემას წარმოადგენს, რაც, გარკვეულწილად, კლიმატის ცვლილებას უკავშირდება. არსებობს ათლეტებისთვის უფრო ეფექტიანი და პერსონალიზებული აკლიმატიზაციის სტრატეგიის შემუშავების საჭიროება. გარდა ამისა, ორგანიზატორებმაც უნდა იზრუნონ, რომ ათლეტები რაც შეიძლება ნაკლები სითბოს ზემოქმედების ქვეშ მოექცნენ და საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყონ მათთვის სწრაფი სამედიცინო დახმარება.

ფოტო: media.nature.com

ლონდონის ბრუნელის უნივერსიტეტის ვარჯიშის ფსიქოლოგის, ოლივერ გიბსონის თქმით, აკლიმატიზაციის ტექნიკები აქამდე მხოლოდ სითბოში დროის გატარებას მოიცავდა და ნაკლებად იყო ორიენტირებული იმ პროცესის გაუმჯობესებაზე, რომლითაც ადამიანის სხეული სითბოს ეგუება. ბოლო 5-10 წლის მანძილზე კი მეცნიერებმა ეს ტექნიკები გააუმჯობესეს.

პროცესის დროს, რომელსაც კონტროლირებადი ჰიპერთერმია ეწოდება, ათლეტებმა 30 წუთიანი ვარჯიშით სხეულის ტემპერატურა 38.5 °C-მდე უნდა გაზარდონ, შემდეგ კი ეს მაჩვენებელი საუნაში 30-60 წუთის გატარებით, ან ვარჯიშის გაგრძელებით შეინარჩუნონ. 5-10 დღის მანძილზე ამგვარი სესიების ჩატარების შემდეგ ათლეტები მთელ რიგ ფიზიოლოგიურ ადაპტაციებს გადიან. მათ შორისაა გაზრდილი ოფლიანობა, შემცირებული გულისცემა, მეტი ფიზიკური კომფორტი ვარჯიშის დროს და დასვენების მდგომარეობაში სხეულის ტემპერატურის შემცირება.

მიუხედავად ამისა, მაინც საჭიროა ადაპტაციის პროგრამის პერსონალიზება იმის მიხედვით, თუ როგორ რეაგირებს ათლეტის ორგანიზმი მაღალ ტემპერატურაზე. ეს მით უფრო მნიშვნელოვანია ქალი ათლეტებისთვის — კვლევამ აჩვენა, რომ სიცხესთან ფიზიოლოგიურად შესაგუებლად, კაცებთან შედარებით, ქალებს მეტი დრო სჭირდებათ. აქედან გამომდინარე, შეგუების პროგრამამ, რომელიც კაცებისთვის მუშაობს, შესაძლოა ვერ უზრუნველყოს ადეკვატური დაცვა სხვებისთვის.

"ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია"

სპორტსმენების მენტალური ჯანმრთელობა, ერთი შეხედვით, ახლად წამოჭრილ პრობლემას წარმოადგენს, თუმცა, ეს მხოლოდ იმას უნდა ნიშნავდეს, რომ უბრალოდ აქამდე მასზე ნაკლებს საუბრობდნენ. 2015 წლის კვლევაში, რომელიც აშშ-ს სტუდენტური სპორტის ეროვნული ასოციაციის (NCAA) ათლეტებზე დაკვირვებით ჩატარდა, 9 წლის მანძილზე 477 სტუდენტში სუიციდის 35 შემთხვევა დაფიქსირდა. სუიციდი NCAA-ის ათლეტი სტუდენტების სიკვდილიანობის 7.3%-ზე იყო პასუხისმგებელი. დამატებით ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სუიციდის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალი იყო კაცებში, ქალებთან შედარებით. განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ იყვნენ ფეხბურთელები.

ათლეტების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ მენტალურ ჯანმრთელობაზე საუბარი მწვრთნელმა და თანაგუნდელებმა, შესაძლოა, სისუსტედ აღიქვან. ამ საკითხის გარშემო არსებული სტიგმიდან გამომდინარე, მწვრთნელებმა თუ კოლეგა ათლეტებმა, შესაძლოა, საერთოდ არ მიაქციონ ყურადღება ათლეტის ბიჰევიორულ დარღვევებს თუ მის მენტალურ პრობლემებს, რადგან ეს ტრადიციული სპორტული კულტურის ღირებულებებს — სიმტკიცესა და მედეგობას ეწინააღმდეგება. დამატებით ფაქტორს წარმოადგენს ისიც, რომ, შესაძლოა, თვითონ სპორტსმენებს ჰქონდეთ ნაკლები ინფორმაცია ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ და სიმპტომები უბრალოდ სტრესს მიაწერონ. საბოლოოდ, როგორც აღმოჩნდა, ათლეტები ფიქრობენ, რომ მენტალურ ჯანმრთელობაზე საუბრით მათ, შესაძლოა, დაკარგონ სტიპენდია და შეეცვალოთ ურთიერთობები გუნდის წევრებთან. ასევე, მათ ეშინიათ, რომ მწვრთნელი საერთოდ უარს იტყვის მათზე.

შეუძლებელია იმ ქმედებების სრული სიის შედგენა, რომლებსაც ათლეტები მიმართავენ და რომლებიც მწვრთნელისგან კონკრეტულ ქმედებას მოითხოვს. თუმცა, შეიძლება შედგეს ფრაზების სია, რომლებიც გარკვეულწილად ჰგავს ერთმანეთს. მეცნიერებმა ეს ფრაზები სამ ჯგუფად დაყვეს: პირველ ჯგუფში — ახლად გამოვლენილ საფრთხეებში, ის ფრაზებია, რომლებიც დაუყოვნებელ ქმედებას საჭიროებს. მეორე და მესამე შუალედურ კატეგორიებს კი მენტალური ჯანმრთელობა და პრაქტიკული პერფორმანსი წარმოადგენს.

ფოტო: thenanproject.org

ახლად გამოვლენილ საფრთხეებში მეცნიერებმა ისეთი ფრაზები დააჯგუფეს, როგორებიცაა "ყველასგან დიდ ზეწოლას ვგრძნობ, ძალიან გადავიღალე"; "ეს ყველაფერი საერთოდ ღირს რამედ?". მენტალურ ჯანმრთელობაში გაერთიანებული ფრაზებია "უბრალოდ აღარაფერი მაინტერესებს" და "არაფრის კეთების მოტივაცია აღარ მაქვს, ადამიანებთან საუბრისაც კი". რაც შეეხება მესამე ჯგუფს, აქ შემდეგი ფრაზებია თავმოყრილი: "თამაშებზე ვერ ვკონცენტრირდები და მწვრთნელის ინსტრუქციები მავიწყდება"; "ძალიან დავიღალე ამ ტრავმებით"; "არ ვიცი, რატომ ვეღარ ვთამაშობ კარგად. ადრე ყველაფერი უკეთ გამომდიოდა"; "მწვრთნელმა თვითონაც არ იცის, რას აკეთებს. ყველანი არასწორ პოზიციებზე გაგვანაწილა".

აქედან პირველი კატეგორია ყველაზე სერიოზულია და ისეთ პრობლემებს მოიცავს, რომლებზეც დაუყოვნებლივ რეაგირებაა საჭირო. ამის მთავარ გზას მწვრთნელისთვის წარმოადგენს შეკითხვების დასმა მაშინვე, როდესაც ათლეტი მსგავს კომენტარს გააკეთებს. ასევე მნიშვნელოვანია იმის დაკვირვება, თუ რამდენად მჭიდრო კავშირი აქვს ათლეტს ობიექტურ რეალობასთან. სიმპტომების სიმძიმიდან გამომდინარე, ხშირად მათ თვითონვე არ შეუძლიათ იმის გაანალიზება, რომ პროფესიონალთან სჭირდებათ მისვლა, ამიტომ აუცილებელია, რომ მათ ამის გაკეთებაში სხვა დაეხმაროს.

აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს კვებითი აშლილობები და სხეულის ზომის არასწორი აღქმაც, რაც სპორტსმენებში განსაკუთრებით მწვავე პრობლემას წარმოადგენს.

სპორტის ფსიქოლოგიის ძირითად პრინციპებს, რომლებსაც იშვიათად სჭირდება პროფესიონალის ჩართულობა, წარმოადგენს გუნდის დინამიკა და ურთიერთობები მწვრთნელსა და ათლეტს შორის, ასევე, შეჯიბრისას ყურადღების კონცენტრირება, თავდაცვისა და შეტევის სქემების დამახსოვრება, მოტივაციის შენარჩუნება და თვითშეფასების გაუმჯობესება. იმ შემთხვევაში, თუ ათლეტი დილით ვარჯიშებზე დასწრების მოტივაციის ნაკლებობას განიცდის, ეს, სავარაუდოდ, მათ გადაღლაზე მიანიშნებს როგორც სპორტით, ასევე იმ გამოწვევებით, რომლებსაც მათ მწვრთნელი უყენებს. ამ შემთხვევაში, პერფორმანსის გაუმჯობესება სპორტის ფსიქოლოგთან კონსულტაციით შეიძლება.

მნიშვნელოვანია რომ, მწვრთნელმა ათლეტის მენტალურ ჯანმრთელობასაც ისეთივე ყურადღება მიაქციოს, როგორიც ფიზიკურს და მუდმივად ადევნოს თვალი მის ქცევასა და საუბარს, რაც შეიძლება მათი მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებზე მიანიშნებდეს.

ბოლოს კი უნდა ითქვას, რომ მიუხედავად სამეცნიერო და ტექნოლოგიური პროგრესისა, ადამიანის ორგანიზმზე სპორტის გავლენასა და ათლეტების ორგანიზმში მიმდინარე პროცესებზე ჯერ კიდევ ბევრი რამ არის შესასწავლი. თუმცა, ამ სფეროს მიმართ გაზრდილი ინტერესი გვაძლევს იმის ფიქრის საშუალებას, რომ უახლოეს მომავალში მეცნიერება ხელს შეუწყობს სპორტში წვრთნის უფრო ეფექტიანი მეთოდების შემოღებას, ათლეტებისთვის ტრავმების თავიდან არიდებას და მათი ფიზიკური თუ მენტალური ჯანმრთელობისა და პერფორმანსის გაუმჯობესებას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ისტორიაში პირველად, აღმოაჩინეს ამფიბია, რომელიც ნაშიერს საკუთარი რძით კვებავს
  2. პერუში ირმის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
  3. ტესტი: გადაურჩებოდი თუ არა კლიმატის კრიზისს
  4. წელს ღამის ცაზე "ახალი ვარსკვლავი" გამოჩნდება — იშვიათი კოსმოსური მოვლენა
  5. როდის დაიწყეს ადამიანებმა ტანსაცმლის გამოყენება? — რას ამბობს მეცნიერება

გირჩევთ