მსოფლიოში პირველად, ადამიანს კორონავირუსის ორი განსხვავებული შტამი ერთდროულად დაუდასტურდა
როგორც აღმოჩნდა, 90 წლის ბელგიელ ქალს, რომელიც კორონავირუსისგან დაიღუპა, ერთდროულად ვირუსის ორი შტამი ჰქონდა. საუბარია ბრიტანულ და სამხრეთ აფრიკულ შტამებზე. ამაზე ინფორმაცია მკვლევრებმა გუშინ, კვირა საღამოს გაავრცელეს. მსგავსი რამ მსოფლიოში პირველად დაფიქსირდა.
ქალი, რომელიც არ იყო ვაქცინირებული, ავად გახდა მარტში და მკურნალობდა ბრიუსელის მახლობლად მდებარე საავადმყოფოში, იუწყება ბელგიური VRT.
Reuters-ის თქმით, გაუგებარია, თუ როგორ დაინფიცირდა ქალი, მაგრამ ექიმების ვარაუდით, მას ვირუსი ორი სხვდასხვა ადამიანისგან გადაედო.
მიუხედავად იმისა, რომ პაციენტის ჟანგბადის დონე თავდაპირველად სტაბილური იყო, მდგომარეობა ძალიან სწრაფად გაუარესდა და ხუთი დღის შემდეგ გარდაიცვალა.
მოლეკულური ბიოლოგი ანა ვანკერბერგენის თქმით, რთულია იმის გარკვევა, თუ რამდენად დაკავშირებულია გაუარესებასთან ორი შტამის ერთად არსებობა.
"ქალბატონის დაინფიცირების პერიოდში ბელგიაში სწორედ ეს ორი შტამი იყო გავრცელებული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის ორი სხვდასხვა ადამიანისგან დაინფიცირდა“, — ამბობს ანა ვანკერბერგენი.
მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი აქამდე არ იყო დაფიქსირებული, კონკრეტული შემთხვევა მეტყველებს იმაზე, რომ კორონავირუსის ორი შტამით ერთდროულად დაინფიცირება შესაძლებელია.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები