10 საინტერესო ფაქტი ლეგენდარული მერილ სტრიპის შესახებ
მერილ სტრიპის სახელი ლამის ბრენდადაა ქცეული. ლეგენდარული ამერიკელი მსახიობის დაგუგლვისას 24 მილიონზე მეტ შედეგს გიჩვენებთ და ეს რიცხვი დაახლოებით მაინც ასახავს, რამდენად პოპულარული ხელოვანია იგი.
კარიერის განმავლობაში მერილმა ათობით როლი მოირგო და ყოველი მათგანი განსაკუთრებული ოსტატობით განასახიერა. ხშირად რთული დასაჯერებელიც კია, რომ დონა შერიდანისა და მირანდა პრისტლის როლები ერთი და იმავე მსახიობის შესრულებულია.
თუმცა, მერილის გენიოსობას ვერც შესრულებული როლები, ვერც დამყარებული რეკორდები და ვერც ჰოლივუდის დიდების ხეივანში გახსნილი ვარსკვლავი სრულად ვერ ასახავს. მას ზუსტად ისეთივე საინტერესო, სასაცილო, ხანდახან სატირალი, თუმცა, საბოლოო ჯამში, მაინც დასამახსოვრებელი ცხოვრებისეული მომენტები ჰქონდა, როგორიც ეკრანზე.
1. მსახიობ ქალებს შორის ის ყველაზე მეტჯერ გახდა ოსკარის ნომინანტი
ნამდვილად არ გირჩევთ, IMDb-ზე მერილის მიღებულ ჯილდოებს ჩამოუყვეთ. მსახიობის ნიჭიერება აღინიშნა ოქროს გლობუსის 33 ნომინაციით და 9 გამარჯვებით. ამერიკული კინოაკადემიის პრიზისთვის, იგივე ოსკარისთვის კი მერილი 21-ჯერ იბრძოდა, აქედან სამ შემთხვევაში გაიმარჯვა კიდეც. სტრიპი ჯუდი დენჩთან ერთად ლიდერობს ბრიტანული კინოაკადემიის პრიზის (BAFTA) ნომინაციების რაოდენობითაც ლიდერობს.
ჯამში მსახიობი კარიერის განმავლობაში 407-ჯერ იყო პრიზზე ნომინირებული, აქედან 177 მათგანში კი გაიმარჯვა.
2. მისი ქონება $160 მილიონს შეადგენს
მერილის წარმატება მხოლოდ ჯილდოებით არ აღნიშნულა. ის აგრეთვე მიიჩნეოდა ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობად. ერთი ფილმიდან სტრიპის საშუალო შემოსავალი $20 მილიონს შეადგენს. ჯამში კი, მსახიობის სახელზე, 2020 წლის მონაცემებით, $160 მილიონი ირიცხება.
3. ოპერის სწავლის ნაცვლად მან ჩირლიდერობა მოინდომა
მოზარდობისას მერილი გამოჩენილ ამერიკელ სოპრანოსთან, ესტელ ლიბლინგთან, სწავლობდა ნიუ-იორკში. როგორც მსახიობი იხსენებს, მას ეს საქმე დიდად არ მოსწონდა და ჩირლიდერობა ერჩივნა. საბოლოოდ კი, მისი თქმით, სიმღერის გაკვეთილებს თავი დაანება და მოწევა დაიწყო.
4. იურისტის გამოცდის დღეს მერილს ჩაეძინა
პროფესიული კარიერისთვის ხელის დაქნევა მერილმა კიდევ ერთხელ გადაწყვიტა, როცა ძილქუში უდროო დროს დაეცა.
23 წლის ასაკში მსახიობს სურდა, გარემოს დამცველი იურისტი გამხდარიყო. თუმცა, გამოცდის დღეს ჩაეძინა და ეს შანსი ხელიდან გაუშვა. თუმცა, დიდად არც უდარდია — ეს ყველაფერი გზის შესაცვლელ ნიშნად აღიქვა და, მზერა მსახიობის პროფესიას მიაპყრო.
მერილი კი შესანიშნავი იურისტი იქნებოდა, თუმცა, კინოინდუსტრიას რა ეშველებოდა მის გარეშე?
5. იგი ქალთა ისტორიის ეროვნული მუზეუმის წარმომადგენელია
ამ საქველმოქმედო ორგანიზაციის წარმომადგენელი მერილი მას შემდეგ გახდა, რაც მუზეუმის დირექტორმა წერილი მისწერა და უთხრა, რამდენად გულისხმიერი და კეთილი იყო იგი.
მსახიობის თქმით, ქალების ხმა ისტორიაში განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა და აუცილებელია, ის ისმოდეს.
6. მუზეუმს მერილმა რკინის ლედისთვის მიღებული ჰონორარი სრულად გადაურიცხა
მარგარეტ თეტჩერის როლის განსახიერებისთვის გადახდილი თანხა მსახიობმა მთლიანად გადარიცხა ქალთა ისტორიის ეროვნული მუზეუმის ანგარიშზე. ელენ დეჯენერესთან საუბარში მერილმა განაცხადა, რომ "მნიშვნელოვანია, ქალების ისტორიას მოვყვეთ".
მსახიობი აქტიურად თანამშრომლობს ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, რათა ვირტუალური მუზეუმი ფიზიკურ სივრცეში გაიხსნას.
7. სოფის არჩევანისთვის სტრიპმა პოლონური სრულყოფილად ისწავლა
სანამ 1982 წლის ცნობილ ფილმში მერილი მთავარი პერსონაჟის როლის შესრულებას დაიწყებდა, იგი კვირების განმავლობაში, ყოველდღიურად რამდენიმე საათით სწავლობდა პოლონურს, რათა მაყურებლისთვის ნანახი დამაჯერებელი და ემოციური ყოფილიყო. შემდეგ, სტრიპი გადასაღებ მოედანზე პოლონურად გერმანული აქცენტით საუბრობდა — ზუსტად ისე, როგორც პერსონაჟის რეალური პროტოტიპი.
8. მსახიობი თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით დაჯილდოვდა
2014 წლის 24 ნოემბერს აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, მერილ სტრიპს თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი გადასცა. ეს უმაღლესი სამოქალაქო ჯილდოა, რომლის მოპოვებაც ამერიკელს შეუძლია.
მედლის მიღების პატივი მერილს სტივი უონდერთან და კიდევ 18 ადამიანთან ერთად ერგო, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ქვეყნის განვითარებაში.
9. მსახიობის შვილებიც მის გზას გაჰყვნენ
მერილის ორმა შვილმა — მეიმიმ და გრეისმა — დედის მსგავსად სამსახიობო კარიერას გაყოლა გადაწყვიტეს. სტრიპის მემკვიდრეების ოსტატობა არანაკლებ შთამბეჭდავია. გრეისი უკვე გამოჩნდა American Horror Story-ში, მეიმიმ კი The Good Wife-ში განასახიერა როლი.
10. მერილი 40 წელზე მეტია, დაქორწინებულია
არცთუ დიდი ხნის წინ მერილმა და თავისმა ქმარმა, მოქანდაკე დონ გამერმა, ქორწინების ეგრეთ წოდებული ლალის იუბილე აღნიშნეს.
მათ ერთმანეთი მერილის ძმის საშუალებით გაიცნეს. დონმა იმხანად პარტნიორის დაღუპვით გამოწვეული სევდით შეპყრობილი მერილი ანუგეშა, მოგვიანებით კი, საკუთარი ბინის მანსარდაში ოთახიც მოუწყო საცხოვრებლად. წყვილმა ორი თვის შემდეგ, 1978 წელს იქორწინა.
კომენტარები