გიგანტური კოსმოსური აფეთქებების საიდუმლო გარკვეულია — მეცნიერებმა ათწლეულების თავსატეხი ამოხსნეს
ათწლეულების მანძილზე დაბნეულობის, ურთიერთსაწინააღმდეგო შედეგებისა და ზოგადი ქაოსის შემდეგ, მეცნიერებმა საბოლოოდ დაადგინეს, თუ რა იწვევს მომაკვდავი ვარსკვლავებიდან მომავალი მძლავრი გამა სხივების აფეთქებებს (GRB).
GRB-ები საკმაოდ ხანმოკლე და ასევე, საკმაოდ ინტენსიური აფეთქებებია, რომლებიც მასიური ვარსკვლავის სიკვდილისა და მისგან შავი ხვრელის ჩამოყალიბების პროცესში ვითარდება. თუმცა, მეცნიერებმა დიდი ხნის მანძილზე არ იცოდნენ, თუ რა ძალა იწვევდა ვარსკვლავებიდან ამ ფოკუსირებული სხივების გამოტყორცნას — ისინი ამ დროის მანძილზე ვერ თანხმდებოდნენ იმ მაგნიტური ველების ბუნებაზე, ხანგრძლივობასა და ქცევაზე, რომლებიც GRB-ებს ვარსკვლავებიდან გარეთ მიმართავენ. ახლა კი, ჟურნალ Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მეცნიერებმა ამ საიდუმლოს ამოხსნაც მოახერხეს.
"აფეთქების გამომწვევი მაგნიტური ველის თვისებების შესასწავლად, ამ სინათლის განსაკუთრებული მახასიათებელი — პოლარიზაცია გავზომეთ", — ამბობს პრეს რელიზში კვლევის ავტორი და ბეთის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი, ქეროლ მანდელი. "ეს შესანიშნავი შედეგი ხსნის კოსმოსური აფეთქებების შესახებ ათწლეულების წინ წამოყენებულ თავსატეხს, რომელსაც უკვე დიდი ხანია ვსწავლობ".
მეცნიერები შეთანხმებულნი იყვნენ იმ საკითხზე, რომ ფოკუსირებული, სხივის მსგავსი აფეთქებების წარმოქმნას სწორედ ვარსკვლავში გადახლართული მაგნიტური ველები უწყობს ხელს. თუმცა, აზრთა სხვადასხვაობა იყო იმაზე, თუ რამდენ ხანს ძლებდნენ მაგნიტური ველები და რა ემართებოდათ მათ კოსმოსური ნამსხვრევებიდან საკმაოდ შორ მანძილზე გავრცელების შემდეგ.
როგორც ბეთის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და კვლევის მთავარი ავტორი, ნურია ჯორდანა-მითჯენსი აღნიშნავს რელიზში, იქიდან გამომდინარე, რომ მკვლევართა თითოეული გუნდი განსხვავებულ მოდელებს, მეთოდებსა და აღჭურვილობას იყენებდა, თითქმის შეუძლებელი იყო თითოეული მათგანის აღმოჩენების გაერთიანება და საბოლოო შედეგის მიღება.
ახლა კი, მოწინავე ტელესკოპის გამოყენებით, ბეთის გუნდმა GRB-ის უსწრაფესი გაელვების დაფიქსირება შეძლო. თუმცა, რამდენიმა საკითხი ჯერ კიდევ გასარკვევი რჩება — ის, თუ რატომ იფანტება მაგნიტური ველები ასე სწრაფად და რატომ არიან ისინი იმაზე უფრო მცირე ზომის, ვიდრე ეს სხვა გუნდებმა შეაფასეს.
"ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ყველაზე მძლავრ GRB-ებს, შესაძლოა, მასშტაბური მოწესრიგებული მაგნიტური ველები იწვევდეს", — ამბობს ჯორდანა მითჯენსი. "მაგრამ, ამ უსწრაფესი გაელვებების და მათი პოლარიზაციის სიგნალის დაფიქსირება, გაქრობამდე, მხოლოდ უსწრაფესი ტელესკოპების საშუალებითაა შესაძლებელი".
კომენტარები