წისქვილი ჯგუფის ახალი პროექტი — ძველი თბილისური ბაზრის ახალი სიცოცხლე
ჭავჭავაძის 57-ში თუ მოხვდებით, წამით დაგავიწყდებათ, რომ თანამედროვე თბილისში ხართ: 2500 კვადრატულ მეტრზე გაშლილი დახუნძლული დახლები, ყვავილები, სუვენირები, ქართული ორნამენტები, ძველი თბილისის ელემენტებით გაწყობილი ინტერიერი, ახალუხებში გამოწყობილი თანამშრომლები და რაც მთავარია, ახალთახალი, ნატურალური პროდუქტები — იმდენი, რომ არც კი იცი, საით გაიხედო.
ეს თბილისური ბაზარია — წისქვილი ჯგუფის პირველი ნაბიჯი რითეილის სფეროში. აქამდე დახვეწილი ქართული რესტორნებით ცნობილი კომპანია საკუთარ გამოცდილებას ახლა უკვე ახალ ფორმატში გამოიყენებს, რაშიც ეროვნულ წარმოებასთან მჭიდრო კავშირებიც დაეხმარება.
წისქვილი ჯგუფმა პირველი ბაზარი 15 ივნისს გახსნა და მომხმარებლებსაც უკვე უმასპინძლა. Სივრცე მრავალფუნქციურია და სრულიად იცავს კოვიდ-19-ის უსაფრთხოების ნორმებს. ბაზარში პროდუქტების შეძენის გარდა, შეგიძლიათ დატკბეთ გამწვანებული გარემოთი, გაისეირნოთ ბავშვებთან ერთად და გარეთ მოთავსებულ კვების ობიექტებში მიირთვათ თქვენთვის სასურველი, ჯანსაღი და გემრიელი პროდუქტი. ერთ ტერიტორიაზე ნახავთ სანაყინეს, პიცერიას, სამწვადეს, საქაბაბეს, თბილისურ დუქანსა და პატარა რესტორანსაც კი. გარეთ, ღია სივრცეში ჩამოჯდომა და ყავის დალევაც შეიძლება.
იდეა გაჩენიდან ექვს თვეში უკვე განხორციელებული იყო, რაც იმის მანიშნებელია, რომ მალე ბაზარი შეიძლება თბილისის სხვა უბნებშიც, უფრო დიდ ლოკაციებზეც ვიხილოთ. კონცეფცია მასშტაბის მიხედვით შეიცვლება, თუმცა ნამდვილად არ შეიცვლება მიდგომა: ახალი, გემრიელი პროდუქტებით დამზადებული ნახევარფაბრიკატები, მუდმივი სწრაფვა მრავალფეროვნებისთვის და, რა თქმა უნდა, ადგილობრივი, ქართული ნაწარმი.
"ჩვენი წარმოებაც გვაქვს, მათ შორის ნახევარფაბრიკატების, როგორც ნედლის, ასევე გაყინულის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფაქტობრივად ერთადერთი კომპანია ვართ, ვინც ნედლი ხორცით (100%-ით ნედლი, ქართული, ნატურალური ხორცპროდუქტებით) აწარმოებს თავის ნახევარფაბრიკატებს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დადებითად აისახება მზა პროდუქციის როგორც ხარისხზე, ასევე გემოვნურ თვისებებზე და განსხვავებული და კარგი ასორტიმენტი გამოდის. გვაქვს ასევე ნედლი ნახევარფაბრიკატები, რომლებიც შეგიძლიათ სახლში წაიღოთ, თავად მოამზადოთ და უგემრიელესი დელიკატესი მიართვათ თქვენს ოჯახს სადილად თუ ვახშმად", — გვიყვება თამარ გელანტია, წისქვილი ჯგუფის მარკეტინგის და გაყიდვების დირექტორი.
როგორი იქნება თბილისური ბაზრის მომავალი? ამ კითხვაზე წისქვილი ჯგუფში გვპასუხობენ, რომ მათი მიზანია, მომხმარებელს არასდროს მოაკლდეს კულინარიული სიახლეები, დეგუსტაციები და არა მხოლოდ პროდუქტი იყოს სიამოვნების მომნიჭებელი, არამედ ყიდვის პროცესიც.
თბილისური ბაზარი საშუალებას გაძლევთ, პროდუქტების შერჩევა დღესასწაულად აქციოთ, დახლებიდან კერძების ინსპირაცია მიიღოთ და დარწმუნებული იყოთ, რომ თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის მხოლოდ საუკეთესოს ყიდულობთ.
ასე რომ, თუ თქვენც იმ ადამიანებს მიეკუთვნებით, რომლებსაც ახალი ადგილების აღმოჩენა იდეებითა და ენერგიით ავსებს, თბილისურ ბაზარში აუცილებლად უნდა შეიაროთ.
კომენტარები