ჩინეთში კორონავირუსის ახალი ვარიანტის შემთხვევებმა მკვეთრად იმატა
CNBC იუწყება, რომ ჩინეთის ყველაზე ხალხმრავალი პროვინციის — გუანდუნის ქალაქ კუანგჭოუში კორონავირუსის შემთხვევებმა მკვეთრად იმატა. ეს მიანიშნებს, რომ კორონავირუსის ადვილად გადამდები დელტა ვარიანტი, რომელიც პირველად ინდოეთში დაფიქსირდა, მარტივად ვრცელდება ისეთ ადგილებშიც, სადაც პანდემიაზე ასეთი ძლიერი და ეფექტიანი საპასუხო რეაქცია ჰქონდათ.
ქალაქში, სადაც მოსახლეობა, დაახლოებით, 15 მილიონს შეადგენს, უკვე 96 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ამ პროვინციისთვის შემთხვევების რეკორდულ რაოდენობას წარმოადგენს. ერთი შეხედვით, ეს ბევრი არაფერია, მაგრამ იმ ქვეყნის შემთხვევაში, რომელიც, პანდემიის დაწყებიდან აქამდე საკმაოდ დიდი წარმატებით აკონტროლებდა კორონავირუსის შემთხვევებს, ეს მნიშვნელოვანი ნახტომია.
ჯანდაცვის წარმომადგენლები ამ შტამის გავრცელების პრევენციისთვის მასობრივ შემოწმებებს ატარებენ და კეტავენ საეჭვო ადგილებს, მათ შორის რესტორნებსა და გასართობი ადგილებსაც. ისინი მუდმივად მანძილზე ამოწმებენ ადამიანებს, რომლებიც ქალაქის გარკვეულ ადგილებში შედიან თუ ტოვებენ ამ ადგილებს.
CNBC-ის მიხედვით, ქალაქში 26 მაისიდან 5 ივნისამდე 16 მილიონი ტესტი ჩატარდა — საშუალოდ, ერთ მოსახლეზე თითო ტესტზე მეტი მოდის.
დელტა ვარიანტს მსოფლიოს სხვა ნაწილებშიც ებრძვიან. მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის შემთხვევები ისევ იმატებს და პირველად აპრილის შემდეგ, საშუალოდ, 7 დღის მანძილზე 4000-ს გადააჭარბა. ბრიტანელი ექსპერტების თქმით, დელტა ვარიანტი ალფა ვარიანტთან შედარებით 40%-ით უფრო გადამდებია.
თუმცა, როგორც ჩინეთის, ასევე გაერთიანებული სამეფოს და სხვა ქვეყნების მონაცემებმა აჩვენა, რომ იმ ადამიანებს, რომლებმაც ვაქცინის ორივე დოზა მიიღეს, ახალი ვარიანტის წინააღმდეგ ძლიერი იმუნიტეტი აქვთ გამომუშავებული.
აღსანიშნავია, რომ ბევრ ქვეყანაში ვაქცინაცია არც ისე აქტიურად მიმდინარეობს და დელტა ვარიანტი ჯერ კიდევ დიდ საფრთხეს წარმოადგენს. სხვა სიტყვებით, პანდემიასთან ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა და რეგულაციების მოხსნას უახლოეს მომავალში, ალბათ, არ უნდა ველოდოთ.
კომენტარები