შუქრუთელების პროტესტი ამოკერილი პირით — ფოტორეპორტაჟი
სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა OC Media-ზე.
ავტორი: მარიამ ნიკურაძე
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში რამდენიმე მოსახლემ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა. მანგანუმის მოპოვება მათი სახლების ქვეშ გრძელდება, სახლები ზიანდება და ინგრევა, ადგილობრივი მოსახლეობა კი ამბობს, რომ არც ჯორჯიან მანგანეზი უსმენს და არც — მთავრობა.
ვერა კუპატაძე აქციას 16 თებერვლიდან შემოუერთდა. ვერას თქმით, ჭიათურაში მანგანუმის მოპოვების სამუშაოები მის ოჯახზე ათწლეულების განმავლობაში ახდენს გავლენას.
"ურთულეს პერიოდში ავაშენეთ ეს სახლი — ფაქტობრივად, მშივრები ვიყავით — ახლა კი თავზე გვენგრევა ნაწვალები, შიმშილის პერიოდში ნაშენები სახლი. დავიბადე და გავიზარდე შუქრუთში. ჩემი მშობლები იბრძოდნენ ისე, რომ ერთი თეთრი არ აუღიათ, ოჯახი განადგურდა. ახლა მე ვიბრძვი", — გვითხრა ვერამ.
ვერას მშობლების სახლი 2000-იანი წლების დასაწყისში დაინგრა. მისი თქმით, ოჯახს კომპენსაცია არ მიუღია. ისინი იძულებული იყვნენ, ახალი სახლი აეშენებინათ.
"ახლა იმის ქვეშ თხრიან და ისევ გვანგრევენ. ზიანდება სახლი ისევ".
ბოლო ორი წლის განმავლობაში, რაც შუქრუთელების პროტესტი მიმდინარეობს, ვერას არც მთავრობიდან და არც კომპანიიდან არავინ შეხმიანებია.
"ასეთ უსამართლობაში მოვექეცით. ასეთ ხელისუფლებას ველოდით? ვერაფრით წარმომიდგენია", — ამბობს ვერა.
ამჟამად ათი შუქრუთელი შიმშილობს. მათგან ხუთმა კაცმა და სამმა ქალმა პირი ამოიკერა.
ისინი ჯორჯიან მანგანეზისგან, რომელიც ჭიათურაში მანგანუმს მოიპოვებს, კომპენსაციას ითხოვენ. ამასთან, მათი მოთხოვნაა პროცესში ჩაერთოს მთავრობა და შეაფასოს, რა ხდება სოფელში, რადგანაც კომპანიის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზას არ ენდობიან.
მას შემდეგ, რაც შუქრუთში პროტესტი განახლდა, ჯორჯიან მანგანეზმა მზადყოფნა გამოთქვა, პროცესში სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო ჩართულიყო, მხოლოდ ერთი პირობით:
"თუ ამ მოსახლეებთან ზიანის ანაზღაურების თაობაზე ჩიხში შესული მოლაპარაკება გადავა სამართლებრივ სივრცეში და წარმოქმნილ შეუთანხმებლობას გადაწყვეტს მართლმსაჯულება".
ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად, ჯორჯიან მანგანეზმა დამატებით კითხვებს არ უპასუხა.
გასული ორი წლის განმავლობაში მიღებული გამოცდილების გამო, ადგილობრივ მოსახლეობას არ სჯერა, რომ კომპანია დადებულ პირობას ამჯერად შეასრულებს.
შუქრუთელების აქცია 2019 წლის 5 სექტემბერს დაიწყო და რამდენჯერმე განახლდა. 2021 წლის თებევრვლის შემდეგ კი უწყვეტად მიმდინარეობს.
ადგილობრივებმა OC Media-ს უთხრეს, რომ მთელი ამ ორი წლის განმავლობაში არც ადგილობრივი და არც ცენტრალური ხელისუფლება არ გამოხმაურებიათ.
ია ასანიძე აქციას ერთი თვის წინ შემოუერთდა, რადგან მანამდე მცირეწლოვან შვილს ვერ ტოვებდა. მან ორ ქალთან ერთად 24 მაისს პირი ამოიკერა.
"ჩემი სახლი დანგრეულია. მიწის ნაკვეთები მაქვს, ყველაფერი უბედურდება. ახლის აშენების პერსპექტივა არაა შუქრუთში, ვერაფერს ააშენებ. ხის სახლიც კი მიწაში ჩავა", — გვეუბნება ია.
თამარ კუპატაძე, რომელიც განახლებულ აქციას პირველივე დღეებში შემოუერთდა, ამბობს, რომ პროტესტის უკიდურესი ფორმის მიუხედავად, მთავრობის ვერც ერთი წარმომადგენლის ყურადღება ვერ დაიმსახურეს. მისი თქმით, მთავრობიდან არავინ მისულა — მხოლოდ სახალხო დამცველის ოფისიდან იყვნენ რამდენიმე დღის წინ.
"მეთოთხმეტე დღეს მოვიდნენ, მაგრამ ძალიან უიმედოდ დაგვტოვეს. მხოლოდ სასწრაფო ამოდის ყოველ დილას და საღამოს, რომ ჯანმრთელობა შეგვიმოწმოს", — გვითხრა თამარმა.
გიორგი ნეფარიძე, რომელიც შუქრუთის აქციების ერთ-ერთი ლიდერია, იხსენებს, რომ პროტესტი პირველად 2020 წლის ივნისში შეწყვიტეს, როდესაც ზეპირი დაპირება იყო, რომ კომპანიის, ადგილობრივებსა და სახელმწიფოს შორის შეთანხმება დაიდებოდა, რომ თუ კომპანია მოსახლეობას კომპენსაციას არ გადაუხდიდა, სახლემწიფო მას შესაბამის პასუხისმგებლობას დააკისრებდა. თუმცა ასეთი შეთანხმება არ შედგა.
აქციის მონაწილეები იმ კარავში ცხოვრობენ, რომელიც 2019 წლის სექტემბერში კოროხნალის მაღაროს შესასვლელთან აღმართეს. კარავში შუქი არ არის. ზამთარში გასათბობად შეშის ღუმელს იყენებენ. მოშიმშილე ქალებისთვის გასულ კვირას გვერდით მეორე კარავი აღმართეს.
იმის გამო, რომ მაღარო 24/7 მუშაობს, კარვებთან ხმაურია. აქციის მონაწილეების თქმით, ხმაურის გამო ხშირად თავის ტკივილი და წნევები აწუხებთ. ხმა ისეთი მაღალია, რომ სასაუბროდ ხშირად ყვირილია საჭირო.
ლევან შეყილაძის სახლი 1969 წელს აშენდა. მისი თქმით, სამი წლის წინ, როდესაც მიწამ მოძრაობა დაიწყო, მისი სახლი დაზიანდა. შენობის უკანა მხარეს კუთხე ჩამოინგრა.
ლევანის ძმა იმ ხუთ კაცს შორისაა, ვინც პირი ამოიკერა. ძმებმა ეზოში ახალი ნაგებობა ააშენეს იმის იმედად, რომ უსაფრთხოდ იქნებოდნენ, თუმცა ახალ ნაგებობაში უკვე ბზარები გაჩნდა.
"კიდევ კარგი, რომ იმ მომენტში სახლში არ ვიყავით, ისტერიკა დამემართებოდა, რომ მენახა. მეორე კუთხეც დაზიანებულია, იქითა კუთხეც არანაკლებია, მოიხსნა ის კუთხეც. და ეგ არის. სულ ოთხი კუთხე აქვს სახლს, ერთი კუთხე დარჩა. რა მაჩერებს ან მე და ან ამ სახლს, არ ვიცი", — ამბობს ლევანი.
"არ მოდიან [მთავრობა]. მარტო მედია თუ ამოვა. მთავრობა მარტო ბიზნესის და ფერმერების გაძლიერებაზე ფიქრობს. ჩემნაირ უბრალო გლეხზე არავინ ფიქრობს".
კომენტარები