რუსი სამხედროები მზად არიან დაიწყონ თავისი ახალი მძლავრი ბირთვული იარაღის, RS-28 Sarmat-ის ტესტირება. შეიარაღებას ზედმეტსახელად Satan II ჰქვია.

სამხედროების განცხადებით, ახალი ინტერკონტინენტალური ბალისტიკური რაკეტების ტესტირება მომდევნო თვეებში დაიწყება. მათი თქმით, შეიარაღება წლების განმავლობაში მუშავდებოდა და ის ახლა ტესტირებებისთვის მზად არის.

"Sarmat ICBM-ის პირველი გაშვება, სავარაუდოდ, 2021 წლის მესამე კვარტალში მოხდება. საცდელი სამიზნე კამჩატკის ტერიტორია იქნება." — განუცხადა TASS-ს სამხედრო წყარომ.

"Satan II" მისი წინამორბედის შესაცვლელად შემუშავდა. ცნობისთვის, "Satan" 1970-იან წლებში შეიქმნა. ერთი სიტყვით, რუსეთის ბირთვული არსენალი განახლების პროცესშია. თუ ტესტირება კარგად ჩაივლის, მომდევნო წლის ბოლოს რუსებს განახლებული შეიარაღება ექნებათ.

ახალი შეიარაღების გავრცელების არეალი 18 000 კილომეტრია. ეს ნიშნავს, რომ რაკეტა პოტენციურად დედამიწის ნებისმიერ წერტილამდე მიაღწევს და თან ათი ტონა ტვირთის გადაზიდვასაც შეძლებს.

ამასთან, როგორ TASS იტყობინება, Satan II-ის დაფიქსირება განსაკუთრებით რთული იქნება.