ედინბურგის ჰერცოგმა და დედოფალ ელიზაბეთ II-ის ქმარმა, პრინცმა ფილიპმა თითქმის 1 საუკუნის განმავლობაში იცხოვრა. იგი 1921 წელს დაიბადა და 2021 წლის 9 აპრილს გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ მას ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრად იცნობენ, სამეფო კავშირები ფილიპს დედოფალზე ქორწინებამდე ჰქონდა.

პრინცი ფილიპი დედოფალ ვიქტორიას შვილთაშვილის, ბატენბერგის პრინცესა ელისის შვილია. მისი მამა, დანიის და საბერძნეთის პრინცი ენდრიუ კი მეფე კონსტანტინოს I-ის ძმისშვილი იყო. ამდენად, მშობლების გენეალოგიით, პრინცი ფილიპი ენათესავებოდა პრუსიის მეფეებს და რუსეთის რომანოვების დინასტიასაც კი. მეტიც — როცა ნიკოლოზ მეორის ოჯახის სავარაუდო ძვლები იპოვეს, იგი ერთ-ერთი იყო, ვინც დნმ-ის ანალიზისთვის სისხლი ჩააბარა.

თუმცა, ამის გარდა კიდევ რამდენიმე საინტერესო ფაქტი უკავშირდება ფილიპის თითქმის ასწლოვან ისტორიას და ხანგრძლივ მოღვაწეობას.

1. პრინცი ფილიპის დაბადების თარიღი არაზუსტია

პრინცი ფილიპი ბავშვობაში

ფოტო: Getty Images

ფილიპი საბერძნეთის სამეფო ოჯახის საზაფხულო რეზიდენციაში, კუნძულ კერკირაზე დაიბადა 1921 წელს. ამ დროისათვის საბერძნეთი ჯერ კიდევ იულიუსის კალენდრით სარგებლობდა (გრიგორიანული კალენდარი 1923 წელს შემოიღეს). ამიტომ, პრინცი ფილიპი რეალურად არა 10 ივნისს, არამედ 28 მაისს დაიბადა.

2. პრინცი ფილიპის ნამდვილი გვარი ენის გასატეხს მოგაგონებთ

პრინცი ფილიპი ემზადება მაკბეთის სასკოლო წარმოდგენისთვის.
1935 წლის ივლისი.

ფოტო: Fox Photos / Hulton Royals Collection / Getty

1947 წლიდან ფილიპი გვარად მაუნტბატენს იყენებდა (დედის გვარს), თუმცა, მანამდე რომ მას გვარი ჰქონოდა, რაც სამეფო ოჯახში იშვიათობაა, იგი მამის ხაზით იქნებოდა შლესვიგ-ჰოლშტაინ-ზონდერბურგ-გლუქსბურგი.

3. პრინცი ფილიპი 13 წლის იყო, მომავალ დედოფალს, ელიზაბეთ II-ს რომ შეხვდა

ფოტო: Getty Images

სკოლის დასრულების შემდეგ ფილიპი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო კოლეჯში კადეტი იყო. კოლეჯი დარტმეთში მდებარეობდა, რომელსაც 1939 წელს სამეფო ოჯახი ესტუმრა. დედოფალმა ელიზაბეთმა (ამჟამინდელი დედოფლის დედამ და მეფე ჯორჯ მეექვსის ცოლმა) ფილიპს ჰკითხა, ვიზიტის პერიოდში თავის შვილებს — პრინცესა ელიზაბეთს და პრინცესა მარგარეტს — თუ უკავალრებდა. ფილიპი და ელიზაბეთი თავდაპირველად 1934 წელს, ქორწილში შეხვდნენ ერთმანეთს, თუმცა, მათ ოფიციალურ გაცნობად მაინც 1939 წელი მიიჩნევა, როცა წყვილმა წერილების გაცვლა დაიწყო, რასაც მალევე მოჰყვა რომანტიკული ურთიერთობაც.

4. პრინცი ფილიპი და დედოფალი ელიზაბეთი ერთმანეთს ენათესავებოდნენ

ფოტო: PA Archive

ფილიპიც და ელიზაბეთიც დედოფალ ვიქტორიას შვილთაშვილები არიან. ელიზაბეთი ვიქტორიას უფროსი შვილის, მეფე ედვარდ VII-ის ხაზით, ფილიპი კი ვიქტორიას სხვა შვილით — პრინცესა ელისით. ამასთან, ფილიპის დიდი ბაბუა, დანიის მეფე ქრისტიან IX, ელიზაბეთ II-ის ბაბუის ბაბუაც იყო.

ამიტომ, პრინცი ფილიპი და დედოფალი ელიზაბეთ II შორეული ბიძაშვილები გამოდიოდნენ ერთმანეთისთვის.

5. პრინცი ფილიპის ქორწილს მისი არცერთი და არ დაესწრო

ფოტო: Getty Images

1947 წელს, ფილიპის სამივე და გერმანელ დიდგვაროვანზე იყო დაქორწინებული. ომისშემდგომ ბრიტანეთში კი ანტიგერმანული განწყობები იმდენად მწვავე იყო, რომ არცერთ დას არ მისცეს უფლება, ქორწილს დასწრებოდა.

6. სამეფო ოჯახის ისტორიაში პრინცი ფილიპი მხოლოდ მეხუთე კონსორტი იყო

პრინცი ფილიპი კრიკეტის თამაშისას.
1947 წელი.

ფოტო: Douglas Miller / Hulton Archive / Getty Images

სამეფო წესების მიხედვით, საუკუნეების განმავლობაში ბრიტანეთის სამეფო ტახტს მხოლოდ კაცი მემკვიდრეები იკავებდნენ. იშვიათ შემთხვევებში თუ ხერხდებოდა, რომ ტახტზე ქალი ასულიყო, ამიტომ, პრინცი ფილიპი ინგლისის სამეფო ოჯახის არსებობის თითქმის ათასწლოვან ისტორიაში მხოლოდ მეხუთე კონსორტია.

7. პრინც ფილიპს პილოტის მოწმობაც აქვს

ფოტო: AP Photo

როგორც უკვე ვთქვით, ფილიპი საზღვაო აკადემიაში სწავლობდა, თუმცა, იგი ისეთივე წარმატებით დაცურავს ჰაერში, როგორც ზღვაში. ფრენა მან სამეფო საჰაერო ძალებში ისწავლა და, ამის შედეგად, 1953 წელს წოდებაც კი მიიღო. ამას მოჰყვა 1956 წელს ვერტმფრენის მართვის მოწმობის მიღება და, მოგვიანებით, 1959 წელს — კერძო პილოტის მოწმობა.

1997 წლისთვის, როცა ფილიპმა 76 წლის ასაკში თავისი უკანასკნელი გაფრენა განახორციელა, მას ჰაერში უკვე 6 000-მდე საათი გაეტარებინა და ჰქონდა 59 საჰაერო ტრანსპორტის მართვის გამოცდილება.

8. პრინცი ფილიპი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის პირველი წევრი იყო, რომელმაც სატელევიზიო ინტერვიუში მიიღო მონაწილეობა

ფოტო: BBC Archive

მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის ინტერვიუმ ოპრა უინფრისთან ხმაური გამოიწვია. თუმცა, ამ სკანდალურ ინტერვიუმდე ჯერ კიდევ 60 წლით ადრე — 1961 წლის 29 მაისს — ჰარის ბაბუა სამეფო ოჯახის პირველი წევრი გახდა, რომელმაც BBC-ის სატელევიზიო გადაცემაში, პანორამა, მიიღო მონაწილეობა.

9. პრინცი ფილიპი სამ ენაზე საუბრობდა

პრინცი ფილიპისა და ნელსონ მანდელას შეხვედრა.
2000 წლის ნოემბერი.

ფოტო: Anna Zieminski / AFP / Getty Images

გავრცელებული ცნობით, ფილიპს "გარკვეული დონეზე" ესმოდა ბერძნული, თუმცა, ვერც ბერძნულად საუბრობდა თავისუფლად და ვერც დანიურად, მიუხედავად თავისი ოჯახის წარმომავლობისა.

თუმცა, დედოფლის მსგავსად თავისუფლად ფლობდა ფრანგულს და საუბრობდა გერმანულადაც.

10. პრინც ფილიპს ზოგიერთი ღმერთად მიიჩნევდა

ფოტო: Christopher Hogue Thompson

ოკეანეთის კუნძულ ვანუატუს ერთ-ერთ სოფელში, იაოჰნანენში, არსებობს ლეგენდა ღვთაებაზე — მთების სულის ვაჟი, რომელიც მოგზაურობს და ცოლს ეძებს. ერთხელაც, ეს ლეგენდა "პრინცი ფილიპის მოძრაობად" იქცა — რელიგიურ ჯგუფად, რომელიც პრინც ფილიპს ღმერთად მიიჩნევს.

ღმერთად გამოცხადებიდან მალევე ფილიპი თავადაც ესტუმრა ვანუატუს, მოგვიანებით კი, უკვე სოფლის მცხოვრებებმა ჩააკითხეს მას ლონდონში და ძღვენი გადასცეს.

ბონუსი: პრინცი ფილიპი სამეფო ოჯახის ისტორიაში მესამე ყველაზე დღეგრძელი წევრი იყო

პრინცი ჰარი და პრინცი ფილიპი რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე.
2015 წლის ნოემბერი.

ფოტო: Phil Walter / Getty Images

პრინცი ფილიპი თითქმის 100 წლის იყო, როცა გარდაიცვალა. ამგვარად, მასზე დიდხანს სამეფო ოჯახში მხოლოდ მისმა სიდედრმა — დედა დედოფლისამ — და პრინცესა ელისმა (ელიზაბეთ II-ის ერთ-ერთმა დეიდამ) იცოცხლეს.

დედა დედოფლისა 101 წლის იყო, 2002 წელს რომ დაიღუპა. ელისს კი ცოტაღა აკლდა 103-ე დაბადების დღემდე, როცა 2004 წელს გარდაიცვალა. ამგვარად ფილიპი ასევე გამოდის სამეფო ოჯახის ყველაზე დღეგრძელი წევრი კაცი.