10 არარსებული გამოგონება, რომელიც წიგნის მოყვარულებს ცხოვრებას გაუმარტივებდა
ჯადოსნურ სამყაროებში მოგზაურობა, საოცარი ისტორიებისა თუ მისტიკური ქმნილებების აღმოჩენა, განსხვავებული პერსონაჟების გაცნობა და მათთან ერთად სიცილი თუ ტირილი — უამრავი ადამიანისთვის წიგნთან ურთიერთობა მხოლოდ ტექსტის კითხვით როდი შემოიფარგლება. ეს განსაკუთრებული პროცესია, რომლის ხათრითაც ხშირად ღამეებიც გაგვითენებია. მიუხედავად ამისა, მკითხველებს ბევრი პრობლემა გვაქვს, რომელთა მოსაგვარებლადაც მეცნიერება, კეთილი თუ ბოროტი ძალები უნდა გაერთიანდნენ!
გთავაზობთ 10 გამოგონებას, რომელიც მკითხველების რთულ ცხოვრებას ცოტათი მაინც შეამსუბუქებდა:
1. ცრემლგამძლე წიგნები
მართალია, წყალგამძლე წიგნები უკვე არსებობს, თუმცა, ვფიქრობ, ცალკე ცრემლგამძლე წიგნების არსებობაც აუცილებელია. როგორც კი სევდიან მომენტზე ტირილს დაიწყებ, წიგნი მაშინვე ცრემლსაწინააღმდეგო ჯავშანს მოიმარჯვებს და, დამატებით, ცხვირსახოცსაც მოგაწვდის, რადგან აღნიშნული მომენტი, შესაძლოა, წიგნის სევდის აღმართის მხოლოდ დასაწყისი იყოს.
2. ჰერმიონის მაგიური ჩანთა
რა თქმა უნდა, ჰერმიონის ჩანთაზე ყველა ვოცნებობთ! ციცქნა ჩანთა, რომელიც უამრავ წიგნს დაიტევს, რათა საყვარელი წიგნების ხარჯზე დასასვენებლად ტანსაცმლის გარეშე წასვლა არ მოგვიწიოს.
3. მოწყობილობა, რომელიც წაკითხულ წიგნს დაგვავიწყებს
ალბათ, ყველას გვინატრია, რომ ჩვენი საყვარელი წიგნები დროებით დაგვიწყებოდა, რათა მათი ხელახლა წაკითხვისა და ყველა ემოციის თავიდან შეგრძნობის შესაძლებლობა გვქონოდა. დროა, ილონ მასკმა ამ მოწყობილობაზე მუშაობა დაიწყოს!
4. წიგნის GPS
სასიცოცხლოდ აუცილებელია, ყველა წიგნს ჰქონდეს GPS ან მისი მსგავსი მოწყობილობა, რათა შემთხვევით უპასუხისმგებლო ადამიანზე განათხოვრებული მეგობრები (წიგნები) სამუდამოდ არ დავკარგოთ.
5. ფილოსოფიური ქვა, რომელიც პერსონაჟების გაცოცხლების საშუალებას მოგვცემს
ზოგიერთი პერსონაჟი იმდენად გვიყვარდება, რომ წიგნში მათი არსებობა საკმარისი არაა. გვინდა, პირადად გავიცნოთ, გავესაუბროთ, ჩვენი სამყარო დავათვალიერებინოთ და სხვადასხვა საკითხზე მათი აზრი გავიგოთ. ზოგიერთი პერსონაჟი, უბრალოდ წიგნის ფურცლებისთვის გვენანება, ამიტომ დროა, მათ გასაცოცხლებლად ფილოსოფიურ ქვაზე დავიწყოთ მუშაობა!
6. ფილოსოფიური ქვა, რომელიც წიგნის პერსონაჟებად გვაქცევს
თუ საყვარელი პერსონაჟი თავს ქვას (ამჯერად ჩვეულებრივს) შეუშვერს და ჩვენს სამყაროში ყოფნას არ მოინდომებს, დაე, დავაბრუნოთ თავის სამყაროში! ოღონდ, ჩვენც თან გავყვეთ... ზოგიერთი სამყარო იმდენად მომხიბვლელია, რომ მასში სულ ცოტა ხნით ცხოვრება მაინც ნებისმიერი მკითხველის ოცნებაა.
7. ტელეფონი, რომლითაც ავტორს გავესაუბრებით
ჯორჯ მარტინისა და პატრიკ როტფუსის გულშემატკივრები დამეთანხმებიან, რომ ტელეფონი, რომლითაც ამ ადამიანებს დავუკავშირდებით და ჩვენი საყვარელი წიგნების სერიების გაგრძელებას მოვთხოვთ, სასიცოცხლოდ აუცილებელია! თუ ოცნებაა, მოდი, ოცნება იყოს, ამიტომ ეს ტელეფონი ნებისმიერ ეპოქაში მოღვაწე ავტორთან გასაუბრების შესაძლებლობას მოგვცემს. ზოგს მადლობას გადავუხდიდით, ზოგს კითხვებს დავაყრიდით, ზოგსაც კი საყვარელი პერსონაჟის მოკვლის გამო კარგად გამოვთათხავდით!
8. ჭკვიანი წიგნი, რომელიც თავისით იფურცლება
საინტერესო წიგნს ცხელი სასმელი და სასუსნავი განსაკუთრებულად უხდება, თუმცა ეს სიამოვნება ფურცლების დასვრად ნამდვილად არ ღირს. სწორედ ამიტომ, მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად ჭკვიანი წიგნია საჭირო, რომელიც როგორც კი გვერდს ჩავამთავრებთ, მიხვდება და თავისით გადაიფურცლება.
9. სათვალე, რომელიც სპოილერებს ფილტრავს
ხანდახან წიგნს, რომელსაც ვკითხულობთ, სხვადასხვა ფეისბუქ ჯგუფში ვაწყდებით, ხან პერსონაჟების უკეთ წარმოსადგენად მათ ილუსტრაციებს ვათვალიერებთ ან ინფორმაციის მოძიებისას უბრალოდ დავიწყებული დეტალის გახსენება გვსურს — ამ ყველაფერს კი სპოილერების ზღვაში თვალებდახუჭული, ხელების ცეცებით ვცდილობთ. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად და სულიერი სიმშვიდის შესანარჩუნებლად სპოილერების გასაფილტრი სათვალე იდეალური იქნებოდა, რომელიც ფილმებისა და სერიალებისთვისაც გამოგვადგებოდა.
10. საათი, რომელიც დროს აჩერებს
სამწუხაროდ, ხშირად წიგნის კითხვის გარდა, უამრავი სხვა საქმე გვაქვს. როდესაც განსაკუთრებით საინტერესო წიგნს ჩვენი ჩათრევის ნებას ამ საქმეების გამო არ ვაძლევთ, დროის გაჩერებაზე ყველა ვოცნებობთ. ყველას გვჭირდება საათი, რომელიც საშუალებას მოგცემს, დრო და სამყარო ცოტა ხნით გავაშეშოთ და საინტერესო წიგნი სულმოუთქმელად ჩავამთავროთ!
კომენტარები