თუკი გუგლის რუკებზე გზების არარსებობამ დაგღალათ, მაშინ სულ მალე მათ დამატებას გაცილებით მარტივად შეძლებთ.

გუგლი რუკების ჩასწორების პროცესს საგრძნობლად გაამარტივებს და მომხმარებლებს უფლებას მისცემს დაამატონ არარსებული გზები, გადაადგილონ, შეუცვალონ სახელი ან სულაც წაშალონ შეცდომით დატანილები.

გუგლი ამ ყველაფერს Drawing-ს უწოდებს, თუმცა ხატვა ახალ ფუნქციას ნაკლებად ეთქმის, ის Microsoft Paint-ის ხაზების გასავლებ ხელსაწყოს უფრო მოგვაგონებს.

განახლება მომდევნო თვეებში, 80 სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელდება.

დღეს, თუ ახალი გზის დამატება გვინდა, უბრალოდ ვსვამთ პინს რუკაზე, ვწერთ ქუჩის სახელს და ვაწვდით ინფორმაციას გუგლს. ეს ყველაფერი დროში იწელება და ახალი გზა შეიძლება რუკაზე კიდევ დიდხანს ვერ ვიხილოთ.

ახალი ხელსაწყო ამ პროცესს დააჩქარებს და დამატებით ფუნქციებსაც შესძენს. გარდა არარსებული გზების დამატებისა, შესაძლებელი იქნება უკვე არსებულების ჩასწორებაცა და სახელის შეცვლაც.

რაღა თქმა უნდა, გუგლი შესწორებებს ისევ გადაამოწმებს, თუმცა ამ პროცესს მხოლოდ 7 დღე დასჭირდება.