ჰაბლმა შავი ხვრელის ძებნისას ბევრად საინტერესო რამ აღმოაჩინა
დღეს NASA-მ ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის შესახებ საკმაოდ საინტერესო სიახლე გვამცნო. პარიზის ასტრონომიის ინსტიტუტის (IAP) ასტრონომები ტელესკოპს იყენებდნენ NGC 6397 გლობულარული კლასტერის შესასწავლად — მათი მიზანი შუალედური მასის შავი ხვრელის პოვნა იყო. NASA-ს განმარტებით, გლობულარული სისტემები ეწოდება "ექსტრემალურად მაღალი სიმკვრივის ვარსკვლავურ სისტემებს, რომლებშიც ვარსკვლავები ერთმანეთთან მჭიდროდ არიან განლაგებულნი". NGC 6397 გალაქტიკა დედამიწიდან სულ რაღაც 7 800 სინათლის წლითაა დაშორებული.
IAP-ში მოღვაწე ასტრონომები, რომლებიც NGC 6397-ის იკვლევდნენ — ედუარდო ვიტრალი და გარი მამონი, გლობულარულ კლასტერში შუალედური მასის შავ ხვრელს ეძებდნენ. სახელიდან აშკარაა, რომ იგი წარმოადგენს თეორიულ, მესამე ტიპის შავ ხვრელს, რომელიც მასით ვარსკვლავური მასის შავ ხვრელებს აღემატება და ზემასიურ შავ ხვრელებს კი ჩამორჩება. უკვე ვიცით, ვარსკვლავური მასის შავი ხვრელები ვარსკვლავის კოლაფსის შედეგად წარმოიქმნება, ზემასიური შავი ხვრელები კი, გალაქტიკების ცენტრებში არიან განლაგებულნი. როგორც NASA-მ თავის დღევანდელ ბლოგ პოსტში აღნიშნა, აქამდე შუალედური მასის შავი ხვრელების მხოლოდ რამდენიმე კანდიდატი იქნა გამოვლენილი.
ასე რომ, ვიტრალსა და მამონს რომ მართლაც აღმოეჩინათ შუალედური მასის შავი ხვრელი NGC 6397-ში, ეს უდიდესი მიღწევა იქნებოდა, მაგრამ სანაცვლოდ მათ იქ სულ სხვა რაღაც დახვდათ — "ჩვენ გლობულარული კლასტერის მაღალი სიმკვრივის მქონე ბირთვში რაღაც უხილავი დამატებითი მასის ძალიან ძლიერი მტკიცებულება ვიპოვეთ, მაგრამ გაოცებულები დავრჩით, როდესაც აღმოჩნდა, რომ ეს დამატებითი მასა არის არა 'წერტილოვანი', არამედ მთელი კლასტერის ზომის რამდენიმე პროცენტის ექვივალენტურ სივრცეზე ვრცელდება", — ამბობს ვიტრალი.
ვარსკვლავების შესახებ რამდენიმე წლის მანძილზე მოგროვებული მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ ზემოთ აღნიშნული დამატებითი მასა სინამდვილეში წარმოადგენს შუალედური მასის შავ ხვრელებთან შედარებით პატარა ზომის, ვარსკვლავური მასის შავი ხვრელების კრებულს. "ჩვენ ვარსკვლავების ევოლუციის თეორიაზე დაყრდნობით დავასკვენით, რომ ჩვენ მიერ აღმოჩენილი დამატებითი მასის უდიდესი ნაწილი სწორედ შავი ხვრელები იყო", — განაცხადა მამონმა.
აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ვიტრალმა და მამონმა შუალედური მასის შავი ხვრელები ვერ იპოვეს, რაც მათ NGC 6397-ის ცენტრში ეგონათ, მათ მათი კვლევა მაინც საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მეცნიერებმა მაღალი სიმკვრივის გლობულარული კლასტერის ცენტრში ვარსკვლავური შავი ხვრელების კრებული აღმოაჩინეს. NGC 6397-ის წარმტაცი ფოტოების ხილვას კი ზემოთ მოყვანილ ვიდეოში შეძლებთ.
კომენტარები