ევროპის უმსხვილესი ბანკი HSBC დიდ ბრიტანეთში 82 ფილიალის დახურვას გეგმავს
ევროპის ყველაზე მსხვილი, ბრიტანული მრავალეროვნული საინვესტიციო ბანკი და ფინანსური მომსახურების ჰოლდინგი HSBC, 2021 წელს გეგმავს დახუროს 82 ფილიალი დიდ ბრიტანეთში. გადაწყვეტილება გამოწვეულია პანდემიით, რომელმაც საბანკო საქმის ციფრულ არხებში გადანაცვლების ტენდენცია დააჩქარა.
ფილიალების დახურვა დაიწყება აპრილში და დასრულდება სექტემბრამდე, ხოლო ბანკი პერსონალის შემცირების თავიდან აცილებას მათი სხვადასხვა ფილიალებში გადანაწილებით გეგმავს.
დახურვისთვის შერჩეული ფილიალებიდან 81 არის საფოსტო განყოფილებიდან ერთი მილის მანძილზე, სადაც მომხმარებელს შეუძლია ყოველდღიური ოპერაციების განხორციელება. ფილიალების ორი მესამედი კი მდებარეობს HSBC–ის სხვა ფილიალებიდან ხუთი მილის მანძილზე.
ჯეკი უჰი, HSBC ქსელის ხელმძღვანელი ამბობს: "პანდემიამ ხაზი გაუსვა იმ ცვლილებების საჭიროებას, რასაც ჩვენ ეტაპობრივად ვახორციელებდით. პანდემია ჩვენ სხვა მიმართულებით არ გვიბიძგებს, ძირითადად, ვაძლიერებთ იმ ფაქტორებს, რომლებზეც აქცენტს ისედაც ვაკეთებდით. ეს არის სტრატეგიული მიმართულება, რომელზეც უნდა გავაკეთოთ აქცენტი, რომ ფილიალების ქსელი მომავლის შესაფერისი იყოს."
პანდემიის ზემოქმედების თავიდან აცილებას ბანკი საკმაოდ კარგად ახერხებს. პანდემიის მიღმა, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ფილიალების მომხმარებელთა რიცხვი მესამედით შემცირდა, ამბობს HSBC, მომხმარებელთა 90 პროცენტი ბანკში ოპერაციებს დისტანციურად ახორციელებს, სატელეფონო ზარებისა და ინტერნეტ კომუნიკაციის საშუალებით. ხოლო კვირაში 100 000-ზე მეტი მომხმარებელი ურთიერთობს HSBC-თან სოციალურ მედიაში.
კომენტარები