ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია, გამოძიება შეწყდა — პროკურატურა
პროკურატურის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყდა. უწყებაში ამბობენ, რომ მის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა. გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობდა.
"მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება გამოძიების შეწყვეტის შესახებ", — აცხადებენ უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, გამოძიების მსვლელობისას საქმეზე გამოიკითხა 600-ზე მეტი პირი; ჩატარდა ათეულობით საექსპერტო კვლევა; დამუშავდა და გაანალიზდა ასეულობით საათის ვიდეო ჩანაწერები, საკომუნიკაციო ოპერატორებისგან მიღებული ინფორმაცია ათასობით სატელეფონო აქტივობების შესახებ; აღდგენილი და შესწავლილ იქნა თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონსა და კომპიუტერში არსებული ყველა ინფორმაცია; საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი უწყებების დახმარებით Facebook-დან და Instagram-დან გამოთხოვილი იქნა ამ სოციალურ ქსელებში თამარ ბაჩალიაშვილის პირად ანგარიშებთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია;
"ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რის შედეგადაც დადგინდა არამხოლოდ თამარ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის გარემოებები, არამედ გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი, მისი სიცოცხლის ბოლო წლების დეტალები და ფაქტები", — აღნიშნავენ უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, წუთობრივი სიზუსტით იქნა რეკონსტრუირებული თამარ ბაჩალიაშვილის მიერ თვითმკვლელობის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესი და მასთან დაკავშირებული გარემოებები.
პროკურატურის ვერსია თვითმკვლელობაზე
პროკურატურაში ამბობენ, რომ 2017 წლის აგვისტოში თამარ ბაჩალიაშვილმა დაიწყო მუშაობა შპს ზეგში, სადაც დასაქმებული იყო 2020 წლის ივლისამდე.
"ამ პერიოდში, თამარ ბაჩალიაშვილს გაუჩნდა გრძნობები მისი უფროსის ნ.გ.-ს მიმართ. მთელი ამ დროის განმავლობაში, თამარ ბაჩალიაშვილი ვებგვერდ momavali.me-დან, ნ.გ.-ს სხვადასხვა შინაარსის სასიყვარულო შეტყობინებებს უგზავნიდა — ამ ვებგვერდის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ პირს, მათ შორის, საკუთარ თავს ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაუგზავნოს წერილი და თავად განსაზღვროს მისი ადრესატთან მისვლის კონკრეტული წელი, თვე და რიცხვი. აღნიშნულ შეტყობინებებში თამარ ბაჩალიაშვილი საუბრობს ნ.გ.-სადმი მის სიყვარულზე, იმაზე თუ როგორ იტანჯება და ფიქრობს თვითმკვლელობაზე. ვებგვერდ momavali.me-ს საშუალებით, თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარ თავსაც უგზავნიდა წერილებს, სადაც ასევე საუბრობდა თვითმკვლელობაზე, — რომ სურს სიკვდილი, მაგრამ ამას ვერ აკეთებს. 2020 წლის 20 თებერვალს გაგზავნილ წერილში, რომელიც უნდა მიეღო 2020 წლის 27 ივნისს, თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარ თავს ეკითხება: "ისევ ისე ცუდად ხარ და ისევ ხშირად ფიქრობ სიკვდილზე? ან იქნებ უკვე იცი კიდეც რა არის?", — აცხადებენ პროკურატურაში.
მათივე ინფორმაციით, 2020 წლის 21 თებერვალს ბაჩალიაშვილმა Facebook-ის ერთ-ერთ ჯგუფში დაწერა შეტყობინება, რომ ხშირად აწუხებს სუიციდური აზრები, ერთხელ სცადა და არ გამოუვიდა, ხშირად აწყობს გეგმებს და არჩევს გზებს, რომელი სჯობს მიზნის მისაღწევად და ითხოვს ურჩიონ ფსიქოლოგი ან ფსიქიატრი. უწყებაში მიუთითებენ, რომ 2020 წლის თებერვლის თვეში მან დაიწყო სიარული ფსიქოლოგთან.
გარდა ამისა, პროკურატურა კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ბაჩალიაშვილი თვითმკვლელობამდე ერთი თვით ადრე, 2020 წლის 18 ივლისს Google-ში ინგლისურად ეძებდა თვითმკვლელობის გზებს. უწყება ასახელებს კონკრეტულ სიტყვებსაც, რასაც, მათი თქმით, ბაჩალიაშვილი საძიებო ველში წერდა.
პროკურატურის მტკიცებით, თამარ ბაჩალიაშვილის მანქანიდან ამოღებულია ერთ-ერთი იმ მედიკამენტის ცარიელი ფირფიტები, რომელიც არის მითითებული ბმულზე, სადაც ქალი Google-ში ძებნის შედეგად გადავიდა.
"სწორედ ამ კონკრეტული მედიკამენტის ცარიელი ფირფიტები, რომელზეც აღმოჩნდა მხოლოდ თამარ ბაჩალიაშვილის დნმ, ამოღებულ იქნა მისი ავტომანქანიდან, ხოლო მედიკამენტის შემადგენლობა, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სხვა პრეპარატებთან ერთად გადაჭარბებული დოზით აღმოჩნდა მის ორგანიზმში", — აღნიშნავენ პროკურატურაში.
მათივე ინფორმაციით, შეისწავლეს ისიც, თუ რა გზით შეიძინა ბაჩალიაშვილმა სამედიცინო პრეპარატები და დაადგინეს, რომ ის 17 ივლისს, საკუთარი მანქანით, რუსთავის გზატკეცილსა და გორგასლის ქუჩაზე მდებარე აფთიაქებში იმყოფებოდა, სადაც სხვადასხვა წამალი იყიდა. მათ შემადგენლობასა და დანიშნულებას On.ge არ ასახელებს.
"სახლში დაბრუნების შემდგომ, ვებგვერდ Momavali.me-ს მეშვეობით, 18:06:04 და 18:06:42 საათზე ორი ელექტრონული წერილი შინაარსით — "მართლა ძალიან მიყვარდი" და "კმაყოფილი ხარ?", გაუგზავნა შპს ზეგში მის უფროსს ნ.გ.-ს, რომლებიც ადრესატს 2021 წლის 17 ივლისს და 2022 წლის 21 ივლისს უნდა მიეღო. ამავე ვებგვერდის მეშვეობით 18:07:31 საათზე, თამარ ბაჩალიაშვილმა საკუთარ ელექტრონულ ფოსტაზე გააგზავნა წერილი საკუთარი თავისადმი შეკითხვით — "ცოცხალი ხარ?", რომელიც უნდა მიეღო 2021 წლის 21 ივლისს", — აცხადებენ უწყებაში.
მათივე თქმით, იმავე დღეს, თამარ ბაჩალიაშვილმა Google-ში მოძებნა ფეისბუქის ანგარიშის გაუქმება სიკვდილის შემდეგ, ხოლო 18:36:02 საათზე შევიდა Facebook-ის დახმარების განყოფილებაში და გაეცნო ინფორმაციას "როგორ მოვითხოვო ოჯახის გარდაცვლილი წევრის ფეისბუქ ექაუნთის გაუქმება". პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩალიაშვილი ასევე გაეცნო ინფორმაციას ანგარიშის წაშლის ან მემორიალიზაციის მოთხოვნის შესახებ და რა მოუვიდოდა მის ფეისბუქ ანგარიშს გარდაცვალების შემდეგ.
უწყების განცხადებით, Facebook-დან გამოთხოვილი ინფორმაციით დადასტურდა, რომ სხვა გარეშე პირის მხრიდან თამარ ბაჩალიაშვილის პირად ანგარიშზე წვდომას ადგილი არ ჰქონია და 2020 წლის 28 ივლისს განხორციელდა ამ ანგარიშის მემორიალიზაცია, ანუ Facebook-ის მიერ მომხმარებლის ანგარიშზე მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის ასახვა.
პროკურატურის მტკიცებით, 18 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილმა მიიღო წინა დღით შეძენილი მედიკამენტების ნაწილი. მათივე თქმით, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ამ წამლების შემადგენლობა ასეულობით აღემატებოდა დადგენილ მინიმალურ ლეტალურ ოდენობას და ისინი თამარ ბაჩალიაშვილის მიერ წინა დღით აფთიაქებში შეძენილი პრეპარატების იდენტურია.
"ამ პრეპარატების ცარიელი ფირფიტები და აბების ნაწილი აღმოჩენილ იქნა 22 ივლისს ავტომანქანის დათვალიერების დროს. რაც შეეხება ამ პრეპარატების თამარ ბაჩალიაშვილის ორგანიზმში მოხვედრას, საექსპერტო კვლევით დადგინდა, რომ მათი მოხვედრა შესაძლებელია მხოლოდ ორალური გზით (ანუ საყლაპავით) და არა ინექციის გზით (ანუ სისხლიდან). გარდა აღნიშნულისა, ავტომანქანაში აღმოჩენილ ბაკურიანის სასმელი წყლის ცარიელ ბოთლში დარჩენილი წყლის წვეთში აღმოჩნდა თამარ ბაჩალიაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების ქიმიური შემადგენლობის კვალი. ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური დასკვნის თანახმად კი, ტაბლეტის ფორმით არსებული მედიკამენტის შემადგენლობიდან გამომდინარე, მათი სითხეში, მათ შორის წყალში გახსნისას მიიღება სუსპენზია ანუ, ასეთ შემთხვევაში სითხე იქნება შემღვრეული და არა გამჭვირვალე და უფერო, რაც გამორიცხავს ტაბლეტების გახსნას ბოთლში, რადგან ქიმიური ანალიზის შედეგად, აღნიშნული ნივთიერებები აღმოჩნდებოდა არა კვალის სახით, არამედ უფრო დიდი რაოდენობით. შესაბამისად, დასტურდება, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა თავად მიიღო ტაბლეტების სახით მედიკამენტების გადაჭარბებული დოზა", — აცხადებენ უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის ორგანიზმში ასევე აღმოჩნდა მედიკამენტი, რომლის შესახებ ინფორმაციას ბაჩალიაშვილი ეძებდა, მაგრამ წინა დღით აფთიაქში არ შეუძენია. ამასთან უწყებაში ამბობენ, რომ ამ წამლის სახელი მას მობილურში, Notes-ში ჰქონდა შენახული.
"გამოძიებით დადგენილია, რომ თამარ ბაჩალიაშვილი სარგებლობდა სოციალურ ქსელ Facebook-ის ორი ანგარიშით. 2020 წლის 17 ივლისს 14:39 საათზე თამარ ბაჩალიაშვილმა გააგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით აღნიშნული მედიკამენტის დასახელება მის სარგებლობაში არსებულ Facebook-ის მეორე ანგარიშზე. მის ავტომანქანაში აღმოჩენილ აღნიშნული მედიკამენტის ორ ცალ ცარიელ ფირფიტაზე არსებული დნმ ეკუთვნის მხოლოდ თამარ ბაჩალიაშვილს. ამასთან, ავტომანქანაში აღმოჩენილ ბაკურიანის სასმელი წყლის ცარიელ ბოთლში დარჩენილი წყლის წვეთებში, კვალის სახით აღმოჩნდა აღნიშნული პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერება", — აღნიშნავენ პროკურატურაში.
მათივე განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ მოხმარებული წამლების ნაწილი, რისგან გამოწვეული ინტოქსიკაციაც გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი, თამარ ბაჩალიაშვილმა შეიძინა 17 ივლისს ზემოხსენებულ აფთიაქებში, ხოლო ნაწილი მანამდეც ჰქონდა ნაყიდი.
"საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის, ასევე თამარ ბაჩალიაშვილის გვამის სასამართლო-სამედიცინო და ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზია მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია", — აღნიშნავენ უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, გვამის გამოკვლევა 22 ივლისს ჩატარდა, და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სიკვდილიდან გასული იყო დაახლოებით 4 დღე.
"ამავე საექსპერტო დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის გვამზე მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები, მათ შორის ინექციის, ანუ ნანემსრების კვალი, არ აღინიშნებოდა. მექანიკური ზემოქმედებისთვის დამახასიათებელი დაზიანებები ასევე არ აღინიშნებოდა თამარ ბაჩალიაშვილის ტანსაცმელზე. შესაბამისად, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების პარალელურად, უტყუარი საექსპერტო კვლევებით იქნა უარყოფილი ყველა ვერსია თამარ ბაჩალიაშვილის ძალადობრივი სიკვდილის შესახებ", — აცხადებენ პროკურატურაში.
უწყების ინფორმაციით, დამატებით ჩატარებული ბიოლოგიური (გენეტიკური, მორფოლოგიური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში აღმოჩენილ სამედიცინო პირბადეებზე სისხლის უჯრედები არ აღმოჩნდა.
"გამოკვლევის შედეგად პირბადეზე ნანახი იქნა მწერების ფრაგმენტები, ხოლო პირბადეებზე აღნიშნული ლაქები კი წარმოადგენს არასწორ კონტურებიან ე.წ. კუდიან ლაქებს, დამახასიათებელს სხვადასხვა მწერების მიერ დატოვებული კვლებისათვის", — აღნიშNავენ უწყებაში.
რაც შეეხება ავტომანქანის სალონში და თამარ ბაჩალიაშვილის სპორტულ ფეხსაცმელზე არსებულ ლაქებსა და ნადებებს, პროკურატურაში ამბობენ, რომ ისინი დამახასიათებელია სხვადასხვა მწერის მიერ, მოძრაობის/გადაადგილების დროს ან ბიოლოგიური მასალის, როგორიცაა სისხლი, ქსოვილოვანი სითხე, ლპობით პროცესში მყოფი ქსოვილი და ორგანიზმის სხვა გამონაყოფები და სითხეები, გადატანისას დატოვებული კვალისთვის. ხოლო თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის ხალიჩაზე არსებული ლაქა წარმოადგენს ხალიჩაზე მოხვედრილი თამარ ბაჩალიაშვილის გვამის გვამური, თხიერი ლპობითი მასის გამოშრობის შედეგს.
თამარ ბაჩალიაშვილის გადაადგილების მარშრუტი — პროკურატურის ვერსია
უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ სრულად დაადგინეს თამარ ბაჩალიაშვილის 18 ივლისის მარშრუტიც, იმ დღის, როცა, მათი თქმით, ქალმა თავი მოიკლა. პროკურატურის თქმით, ამ მარშრუტის უტყუარობა დასტურდება Google-ს ანგარიშზე გააქტიურებული Timeline-ის მონაცემებით და გარე სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებით. უწყებაში აცხადებენ, რომ ეს ფუნქცია თამარ ბაჩალიაშვილს მობილურ ტელეფონზე გააქტიურებული ჰქონდა 2019 წლის მარტიდან.
"მისი მეშვეობით შესაძლებელია პირის გადაადგილების, ადგილმდებარეობის, დროის ასახვა და ამ მონაცემების შემცველი გადაადგილების ისტორია ინახება კონკრეტული პირის Google-ს ანგარიშზე, რომლითაც, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ზუსტად იქნა აღდგენილი თამარ ბაჩალიაშვილის გადაადგილების მარშრუტი", — განმარტავენ უწყებაში.
პროკურატურის ვერსიით, 18 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილმა ავტომანქანით გადაადგილება დაიწყო 10:09 საათზე და მოძრაობის დაწყების ადგილი იყო მისი საცხოვრებელი სახლის მისამართი. უწყების განცხადებით, შემდეგ მარშრუტი ასეთი იყო:
- 10:15 საათზე მივიდა ფონიჭალის პარკის მიმდებარედ, მისი ბებიის რ.ზ.-ს საცხოვრებელ სახლში, სადაც გაჩერდა დაახლოებით 10 წუთი;
- 10:25 საათზე, აღნიშნული ტერიტორიიდან გადაადგილდა რუსთავის გზატკეცილზე, საიდანაც გადავიდა თბილისი-მარნეულის გზატკეცილზე, გზიდან გადაუხვია ფონიჭალის სასაფლაოზე, საიდანაც მოძრაობა განაგრძო თბილისი-მარნეულის გზატკეცილზე;
- 12:13 საათზე ავტომანქანა გააჩერა სოფელ მაწევანის მიმდებარედ, ბუჩქებს შორის არსებულ ადგილზე.
პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ სწორედ მაწევანის მიმდებარე ტერიტორიაა მისი ბოლო ლოკაცია, სადაც 22 ივლისს მისი ცხედარი იპოვეს.
"ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტით უტყუარად დადგენილია, რომ Google-ის ანგარიშზე გააქტიურებული Timeline-ის მიერ ნაჩვენები ბოლო ლოკაცია, აბსოლუტური სიზუსტით ემთხვევა თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის და გვამის აღმოჩენის ადგილს", — აღნიშნავენ უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, Google-ის ანგარიშზე შენახული, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის 18 ივლისს გადაადგილების მარშრუტი სრულ შესაბამისობაშია გამოძიების მიერ 112-დან და სხვადასხვა ობიექტებიდან მოპოვებულ ვიდეოჩანაწერებთან.
გარდა ამისა, პროკურატურის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონიდან მოპოვებული ინფორმაციით დადგენილია, რომ თეთრიწყაროს მიმართულებით გადაადგილებისას ის არ სარგებლობდა გზამკვლევი ელექტრონული პროგრამით და არ ეძებდა კონკრეტულ ადგილმდებარეობას ან მისამართს.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ 22 ივლისს, ავტომანქანის აღმოჩენისას, ძრავი იყო გამორთული და ოთხივე კარი ელექტრონული გასაღების გამოყენებით შიგნიდან ჩაკეტილი, მინები სრულად აწეული. პროკურატურის ინფორმაციით, მანქანის გახსნა შესაძლებელი გახდა თამარ ბაჩალიაშვილის მამის მიერ წარმოდგენილი ავტომანქანის სათადარიგო გასაღებით.
უწყებაში ამბობენ, რომ ჩატარებული სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ავტომანქანის გადაადგილება მომხდარია მძღოლის მიერ მისი ექსპლუატაციის პირობებში. პროკურატურა მანქანის გარეშე ძალით, გათრევით გადაადგილებას გამორიცხავს.
"საექსპერტო კვლევით გამოირიცხა ავტომანქანის გარეშე ძალით, ბუქსირებით ან გათრევით გადაადგილება. შესაბამისად, დადასტურებულია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა 18 ივლისიდან 22 ივლისამდე პერიოდში გაჩერებული იყო ერთ ლოკაციაზე და მისი გადაადგილება არ მომხდარა", — აცხადებენ პროკურატურაში.
მათივე თქმით, 18 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის გადაადგილების ამსახველ ვიდეოჩანაწერებზე ჩატარებული ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზით და ანტროპოეტრიული შედარებითი კვლევით დადგინდა, რომ ავტომანქანის საჭესთან იჯდა თამარ ბაჩალიაშვილი და მის გარდა ავტომანქანაში არავინ მჯდარა.
"აღნიშნული გარემოება ასევე დადასტურებულია, გამოძიების მიერ გამოკითხული თეთრიწყაროს რაიონის სოფელ გოლთეთის მაცხოვრებელთა ჩვენებებით, რომლებიც, ადასტურებენ ავტომანქანაში მხოლოდ თამარ ბაჩალიაშვილის ყოფნის ფაქტს", — აცხადებენ უწყებაში.
მათივე მტკიცებით, უტყუარად იქნა დადგენილი, რომ 2020 წლის 18 ივლისს თამარ ბაჩალიშვილის მიერ ხსენებულ ლოკაციაზე მისვლიდან შემთხვევის ადგილზე ავტომანქანის აღმოჩენამდე, თამარ ბაჩალიაშვილის გარდა ავტომანქანაში სხვა პირი არ იმყოფებოდა.
პროკურატურის თქმით, თვითმკვლელობის განხორციელებისას სხვა პირთა ავტომანქანაში ყოფნა, ასევე, გამოირიცხა ბიოლოგიური საექსპერტო კვლევებით, რომელთა თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში არსებულ ნივთებზე, მათ შორის წყლის ცარიელ ბოთლზე აღმოჩნდა თამარ ბაჩალიაშვილის დნმ-ის კვალი.
ხელნაწერი — პროკურატურის ვერსია
პროკურატურის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის დათვალიერებისას, სხვა ნივთებთან ერთად, აღმოაჩინეს ხელნაწერი ფურცელი ტექსტით — ანაბარზე თანხაა გამოიყენეთ". უწყებაში ამბობენ, რომ კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ხელნაწერი შესრულებულია თავად თამარ ბაჩალიშვილის მიერ. გარდა ამისა, პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ მასზეც აღმოჩნდა მხოლოდ თამარ ბაჩალიაშვილის დნმ-ის კვალი.
უწყების ინფორმაციით, შეისწავლეს ბაჩალიაშვილი საქართველოს ბანკის პირადი ანგარიშები, სადაც ასახულია სხვადასხვა დროს, თამარ ბაჩალიაშვილის მიერ განხორციელებული ტრანზაქციები, შემოსავალისა და გასავალის შესახებ ინფორმაცია.
"ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებით დადგინდა, რომ 2020 წლის 22 ივლისის მდგომარეობით, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილ ანგარიშებზე აღმოჩნდა თანხა 75 209. 68 ლარისა და 526.92 ევროს ოდენობით, რაც წარმოადგენს მის დანაზოგს ხელფასის სახით მიღებული თანხიდან", — აღნიშნავენ პროკურატურაში.
თამარ ბაჩალიაშვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობა — პროკურატურის ვერსია
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში დაინიშნა კომპლექსური სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზა და ამ კვლევაში მონაწილეობა შეეთავაზა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის მიერ მითითებულ ორგანიზაციასაც, თუმცა მათ ექსპერტიზაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.
"საექსპერტო დასკვნის თანახმად, სტატისტიკურად სუიციდის განხორციელებას აქვს თავისი წინაპირობები, რომლებიც შეიძლება იყოს ოჯახში განვითარებული კონფლიქტური სიტუაციები, ადამიანის ინტროვერტული ბუნება — რაც გულისხმობს თავისი განცდების და სირთულეების შესახებ არავისთან საუბარს, ჩაკეტილობას, გადაჭარბებული მოთხოვნილება წარმატების მიღწევასა და კარიერულ წინსვლაზე, ასევე ძლიერი ემოციური დამოკიდებულება საყვარელი ადამიანის მიმართ", — აცხადებენ პროკურატურაში.
მათივე მტკიცებით, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ზემოხსენებული დასკვნის თანახმად, "თამარ ბაჩალიაშვილი, მისი ფსიქოლოგიური პორტრეტის მიხედვით არის მოწყვლადი ჯგუფის ტიპიური წარმომადგენელი, რომელსაც სუბიექტური აღქმით ყველა მიმართულებით წარუმატებლობის ფონზე აღარ სურს, ან ძალიან ურთულდება კრიზისულ სიტუაციაში კონსტრუქციული გადაწყვეტილების მიღება, არის სუიციდის განხორციელების მაღალი რისკი და ფსიქოლოგიური პორტრეტის გათვალისწინებით, დასაშვებია მის მიერ სუიციდის ჩადენის ფაქტი".
უწყებაში ასევე ამტკიცებენ, რომ ბაჩალიაშვილის მძიმე ემოციურ, ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ადასტურებს მის youtube-ს არხზე ატვირთული პირადი ვიდეოები, მათ შორის, მის კუთვნილ მობილურ ტელეფონში არსებული ვიდეოჩანაწერები, სადაც იგი საკუთარ თავს ესაუბრება.
"თამარ ბაჩალიაშვილი საუბრობს ნ.გ.-ს მიმართ გრძნობებზე, აცხადებს, რომ მის ცხოვრებას აზრი არ აქვს და ხშირად ფიქრობს 2012 წლის გეგმის სისრულეში მოყვანაზე. ამ შემთხვევაში თამარ ბაჩალიაშვილი გულისხმობს, მის მიერ თვითმკვლელობის მცდელობას 2012 წელს", — აღნიშნავენ პროკურატურაში.
მათივე ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლით დასტურდება, რომ 2012 წლის 6 იანვარს, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, 14 წლის თამარ ბაჩალიაშვილს დაემართა შეტევა, რომლის გამოც დარგის სპეციალისტების მიერ მის მშობელს მიეცა რეკომენდაცია ჩაეტარებინა კონსულტაცია ფსიქიატრთან. ხოლო 10 იანვარს, მორიგი ოჯახური კონფლიქტის შემდეგ, პროკურატურის მტკიცებით, თამარ ბაჩალიაშვილმა თვითმკვლელობის მიზნით, მიიღო დიდი რაოდენობით ანტიფსიქოზური საშუალება, რის გამოც მედიკამენტოზური ინტოქსიკაციით მოთავსებულ იქნა საავადმყოფოში, სადაც 2012 წლის 16 იანვრამდე მკურნალობდა ტოქსიკური ენცეფალოპათიის დიაგნოზით.
პროკურატურა ამტკიცებს, რომ მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილ ვიდეო ფაილში, რომელიც თარიღდება 2020 წლის 20 თებერვლის 20:06:28 საათით, თამარ ბაჩალიაშვილი საუბრობს ტყეში თვითმკვლელობაზე და ამბობს, რომ ყველაფერი დაგეგმილი აქვს, თუ როგორ მოიკლავს თავს ტყეში, მაგრამ მშობლები და ძმა ეცოდება, რომ წარმოიდგენს ტყეში როგორ ნახავენ მას გარდაცვლილს.
"ვიდეოს დასასრულს, თამარ ბაჩალიაშვილი ამბობს: "მაპატიეთ დედა, მამა, გიო, მაგრამ თუ ვერ გავუძლებ, უნდა მოვიკლა თავი. მინდა იცოდეთ, რომ სხვა გზა არ მქონდა", — აღნიშნავენ უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, ფონო/ვიდეოსკოპური ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის youtube-ის პირადი არხიდან ჩამოტვირთულ 16 ვიდეო ჩანაწერს და მისი მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილ სამ ვიდეო ჩანაწერს არ აღენიშნება მონტაჟის კვალი და აღნიშნულ ვიდეო ჩანაწერებში საუბრობს თამარ ბაჩალიაშვილი.
პროკურატურა კიდევ ერთხელ აღნიშნავს იმის შესახებ, რომ ბაჩალიაშვილმა Facebook-ის ერთ-ერთ ჯგუფში ფსიქოლოგის ან ფსიქიატრის შესახებ იკითხა რჩევა. უწყების განცხადებით, აღნიშნული გარემოებები ცხადყოფს მის მძიმე ფსიქო-ემოციურ ფონს და ადასტურებს იმ გარემოებას, რომ 2020 წლის 17 ივლისს "თამარ ბაჩალიაშვილს გადაწყვეტილი ჰქონდა თვითმკვლელობა, მან გამიზნულად იყიდა მედიკამენტები, გამიზნულად წავიდა სახლიდან შორს, ეძებდა თვითმკვლელობისთვის შესაფერის ადგილს".
წაიშალა თუ არა ინფორმაცია მობილურსა და კომპიუტერში — პროკურატურის ვერსია
უწყების ინფორმაციით, სრულყოფილი გამოძიების ჩატარების მიზნით გადამოწმდა, ხომ არ ჰქონია ადგილი თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ რაიმე უკანონო ქმედების ჩადენის ფაქტს, რასაც შეეძლო გამოეწვია მისი თვითმკვლელობამდე მიყვანა.
უწყებაში ამბობენ, რომ მისი მობილური ტელეფონიდან და პორტატული კომპიუტერიდან გამოთხოვილი იქნა სრული ინფორმაცია, ამავდროულად ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტურ ორგანოებში გაიგზავნა შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების თაობაზე, რომლის ფარგლებშიც მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის Facebook, Google LLC, WhatsApp Inc, Instagram, და LinkedIn ანგარიშებიდან მომხმარებლის მიერ ყველა სახის აქტივობის, მათ შორის წაშლის/გაუქმების/დეაქტივირების შესახებ. უწყების ინფორმაციით, შეისწავლეს გამოყენებული IP მისამართები და კომპიუტერული ტექნიკაც.
"დადგინდა, რომ არაავტორიზებულ შეღწევას, ინფორმაციის წაშლას, ჩაწერას, ჩასწორებას და პროგრამების ინსტალაციას — ინფორმაციის არალეგალურად მოპოვებას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, არ დადასტურდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების ვერსია სოციალურ ქსელებში არსებული მიმოწერისა და სხვა აქტივობის, მოკლე ტექსტური შეტყობინებების და განხორციელებული სატელეფონო ზარების შესახებ ინფორმაციის შეცვლის ან წაშლის თაობაზე", — აცხადებენ უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიღებული მასალები შედარდა თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილ მობილურ ტელეფონზე ჩატარებული კომპიუტერული ექსპერტიზის ფარგლებში დათვალიერებულ სოციალურ ქსელში მისივე აქტივობას, რის შედეგადაც დადგინდა, რომ "ისინი სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან და იდენტურია ერთმანეთის იმ განსხვავებით, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონიდან კომპიუტერული ექსპერტიზის მიერ სრულად იქნა აღდგენილი სოციალურ ქსელებში თამარ ბაჩალიაშვილის მიერ გაგზავნილი და მიღებული შეტყობინებების შინაარსობრივი ანუ ტექსტობრივი ინფორმაცია, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიღებულ მასალაში მითითებულია იგივე აქტივობის მხოლოდ დრო, კომუნიკაციის მეორე მხარის ვინაობა და სხვა ტექნიკური მონაცემები".
პროკურატურაში ასევე ამბობენ, რომ გამოკითხეს თამარ ბაჩალიაშვილის გარემოცვაში არსებული ყველა პირი, რომელთა რაოდენობა ასს აღემატება, რომლებთანაც მას გააჩნდა პირადი თუ სოციალური ურთიერთობები.
"შესწავლილ იქნა მათ სარგებლობაში არსებულ მობილურ ტელეფონებში და კომპიუტერულ ტექნიკაში დაცული ინფორმაცია, თუმცა თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ რომელიმე პირის მიერ გამოხატული რაიმე უკანონო ქმედების ჩადენის ფაქტი არ დადასტურდა", — აღნიშნავენ უწყებაში.
ამასთან, პროკურატურაში ამბობენ, რომ გამოძიების მიმდინარეობისას ჩატარებული კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილ apple-ის მარკის პორტატული კომპიუტერის და მობილური ტელეფონის ოპერაციულ სისტემებში არ ყოფილა დაინსტალირებული რაიმე მავნე, ჰაკერული ტიპის პროგრამა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნებოდა ამ მოწყობილობებში ან ამ მოწყობილობებიდან სხვა მოწყობილობებში არაავტორიზებული შეღწევა და ინფორმაციის წაშლა, ჩაწერა, ჩასწორება, პროგრამების ინსტალაცია და ინფორმაციის არალეგალურად მოპოვება.
"თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი პორტატული კომპიუტერის მეხსიერებაში არსებული ინფორმაციის დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მასში ფიქსირდება ვებ-პროგრამისტის საქმიანობასთან დაკავშირებული პროგრამები და შესაბამისი პროექტები. პროექტებში გამოყენებული ვებ-პროგრამირების ტექნოლოგიები და აქედან გამომდინარე მათზე მომუშავე სპეციალისტის საქმიანობის სფერო არის ვებ-პროგრამირება. რაც შეეხება ე.წ. ფლეშკას, მასზე აღმოჩნდა აუდიო მუსიკალური ფაილები", — აცხადებენ უწყებაში.
პროკურატურის განცხადებით, გამოძიების საწყისი ეტაპიდანვე თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს და მათ ადვოკატებს სრულად ჰქონდათ წვდომა საქმის მასალებზე და ისინი სრულყოფილად იყვნენ ინფორმირებულნი მიმდინარე გამოძიების შესახებ.
"მათი თხოვნით ჩატარდა ასეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, გადამოწმებულ იქნა აბსოლუტურად ყველა ვერსია, რაც მათ მიერ იქნა შემოთავაზებული, შესწავლილ იქნა საჯაროდ, მედიასაშუალებებით გავრცელებული მოვლენათა შესაძლო განვითარების ყველა სცენარი, თუმცა გამოძიების ფარგლებში მოპოვებულმა მტკიცებულებებმა გამორიცხეს ვინმეს მხრიდან თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ რაიმე უკანონო ქმედების განხორციელების ფაქტი", — აცხადებენ უწყებაში.
მათივე მტკიცებით, საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი, თანმიმდევრული და ლოგიკური ანალიზი უტყუარად ადასტურებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
პრესკონფერენციის ბოლოს, პროკურატურამ წარმოადგინა ვიდეომასალა, რომელიც, უწყების ინფორმაციით, გამოძიების მიმდინარეობის დროს მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე შეიქმნა და რომელშიც დეტალურად არის გადმოცემული თამარ ბაჩალიაშვილის ბოლო პერიოდის მოქმედებები და მისი გადაადგილება, ასევე ინფორმაცია მის მიერ თვითმკვლელობის განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა გარემოებების შესახებ.
პროკურატურა ავრცელებს ექსპერტიზის დასკვნებს, ასევე, ბაჩალიაშვილის წერილს:
- Momavali.me-ს წერილი
- წერილი ერთ-ერთ Facebook ჯგუფში
- ამონაწერი Facebook-დან
- სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა
- ვიდეო და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა
- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა
- თამარ ბაჩალიაშვილის გადაადგილება აფთიაქებში
- ბიოლოგიური, სამედიცინო და ქიმიური ექსპრტიზის დასკვნა
- ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა
- ვიდეო, ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა
- კომპიუტერული ექსპერტიზის დაკვნა
- სრული ვიდეო თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე
23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს დაიკარგა. ოჯახის წევრების განცხადებით, ის საკუთარი მანქანით ქვემო ფონიჭალიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. დაკარგვიდან 5 დღის შემდეგ, ბაჩალიაშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მანქანა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მაგისტრალიდან 100-200-მდე მეტრის დაშორებით, ბუჩქნარში იყო გაჩერებული.
საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობდა. 24 ივლისს საქმეს კიდევ ერთი კვალიფიკაცია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.
-
გადახედვა"ჯებირების საქმეზე" დაკავებული საბა მეფარიშვილის დედა სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა "ჯებირების საქმეზე" დაკავებული საბა მეფარიშვილის დედა სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: შევეცდებით პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს მამუკა მდინარაძე: შევეცდებით პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს
-
გადახედვაადვოკატის თქმით, ისაკო დევიძე მე-2 დღეა მშრალად შიმშილობს და ომბუდსმენთან შეხვედრას ითხოვს ადვოკატის თქმით, ისაკო დევიძე მე-2 დღეა მშრალად შიმშილობს და ომბუდსმენთან შეხვედრას ითხოვს
-
-
გადახედვაყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარია ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარია
-
გადახედვაჟირაფები გადაშენების საფრთხის ქვეშ არიან ჟირაფები გადაშენების საფრთხის ქვეშ არიან
-
გადახედვამოსამართლე ნათია გუდაძემ "400-ლარიანი ჯებირის საქმეზე" დაკავებული ახალგაზრდების პატიმრობა ძალაში დატოვა მოსამართლე ნათია გუდაძემ "400-ლარიანი ჯებირის საქმეზე" დაკავებული ახალგაზრდების პატიმრობა ძალაში დატოვა
-
-
გადახედვახავიერ ბარდემი სტივენ სპილბერგისა და მარტინ სკორსეზეს სერიალში მიიღებს მონაწილეობას ხავიერ ბარდემი სტივენ სპილბერგისა და მარტინ სკორსეზეს სერიალში მიიღებს მონაწილეობას
-
გადახედვალუკაშენკო: დიქტატორი არ ვარ და არც მჭირდება, ეს ამერიკელებმა მომიგონეს ლუკაშენკო: დიქტატორი არ ვარ და არც მჭირდება, ეს ამერიკელებმა მომიგონეს
-
-
-
-
-
გადახედვახვალ, საპროტესტო აქცია ბათუმშიც გაიმართება ხვალ, საპროტესტო აქცია ბათუმშიც გაიმართება
-
გადახედვაუკრაინის პარლამენტმა სარაკეტო დარტყმის საფრთხის გამო სხდომა გააუქმა უკრაინის პარლამენტმა სარაკეტო დარტყმის საფრთხის გამო სხდომა გააუქმა
-
გადახედვალავროვი: უკრაინისგან მხოლოდ ნაწილი რჩება და დასავლეთი იწყებს ამის გაგებას ლავროვი: უკრაინისგან მხოლოდ ნაწილი რჩება და დასავლეთი იწყებს ამის გაგებას
-
-
გადახედვაოქსფორდის მუზეუმში Radiohead-ისთვის შექმნილი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო ოქსფორდის მუზეუმში Radiohead-ისთვის შექმნილი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
-
გადახედვათბილისის 25-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 1-ელ დეკემბერს იწყება — ნახეთ პროგრამა თბილისის 25-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 1-ელ დეკემბერს იწყება — ნახეთ პროგრამა
-
კომენტარები