დღეს, 13 ნოემბერს, ილონ მასკმა თავის Twitter-ზე დაწერა, რომ COVID-19-ის ტესტის გაკეთების შემდეგ საკმაოდ არეული შედეგები მიიღო და ამჟამად ჩვეულებრივი გაციების სიმპტომები აქვს. მასკის თქმით, მან ოთხჯერ გაიკეთა სწრაფი ანტიგენის ტესტი: მათგან ორმა დადებითი აჩვენა, ორმა კი — უარყოფითი. ის ასევე ორი PCR ტესტის შედეგს ელოდება, თუმცა ისინი 24 საათის შემდეგ იქნება.

ანტიგენის ტესტები კორონავირუსის ზედაპირზე არსებული პატარა ცილის შემჩნევის გზით მოქმედებს, უფრო ზუსტი PCR ტესტი კი თვითონ ვირუსს ეძებს. ანტიგენის ტესტების ჩატარება საკმაოდ სწრაფადაა შესაძლებელი, რადგან ლაბორატორია არ სჭირდებათ, რის გამოც მათ ხშირად ისეთ ცხელ წერტილებში აკეთებენ, როგორებიცაა საუნივერსიტეტო კამპუსები ან მოხუცებულთა თავშესაფრები. FDA-ის ცნობით, "ანტიგენის ტესტების დადებითი შედეგები ძალიან ზუსტია, თუმცა მცდარი უარყოფითი შედეგების მიღების შანსი უფრო მაღალია". სწორედ ამ მცდარი უარყოფითი შედეგების გამო იყენებენ PCR ტესტებს, რათა ვირუსის პოტენციურ გავრცელებას ხელი შეეშალოს. კომპანია Quidel-ის ანტიგენის ერთ ასეთ ტესტს შეუძლია, კორონავირუსი 85%-იანი სიზუსტით დააფიქსიროს. მასკის თქმით, ანტიგენის ტესტი, რომელიც მან გაიკეთა, კომპანია BD-ს ეკუთვნოდა.

მიუხედავად ამისა, მასკი, რომელიც უკვე კარგა ხანია, კოვიდის სკეპტიკოსია, ტესტირების ვალიდურობას ეჭვქვეშ აყენებს და ცოტათი რაღაც შეთქმულებაზეც მიანიშნებს:

"რაღაც უკიდურესად ყალბი ხდება. დღეს ოთხჯერ შევემოწმე კოვიდზე. ორმა ტესტმა უარყოფითი აჩვენა, ორმა — დადებითი. იგივე მანქანა, იგივე ტესტი, იგივე ექთანი. სწრაფი ანტიგენის ტესტი BD-ისგან".

გარდა ფრაზისა "რაღაც უკიდურესად ყალბი ხდება", მასკი ამბობს, რომ რომ მისი გამოცდილება, სავარაუდოდ, სხვებისთვისაც ნაცნობია და ეს აშშ-სა და საზღვარგარეთ ვირუსის შემთხვევების მიმდინარე უეცარ ზრდაზე მოქმედებს. მან ასევე ტვიტს, რომელიც ამბობდა, რომ "ტესტებიდან მიღებული შემოსავლები, ალბათ, ყალბი არ არის", უპასუხა: "ზუსტად".

მასკი უკვე დიდი ხანია ავრცელებს ეჭვებს, დაბნეულობასა და ზოგჯერ პირდაპირ ყალბ ინფორმაციას კორონავირუსის შესახებ. მან ექიმებს იმაში დასდო ბრალი, რომ ისინი ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით განზრახ აბუქებენ ვირუსის შემთხვევების რაოდენობას, ასევე მხარი დაუჭირა საქვეყნოდ დისკრედიტირებულ სტატიას ქლოროკვინის სასარგებლო თვისებების შესახებ, პანდემიის გარშემო არსებულ პანიკას კი "სულელური" უწოდა. მარტში მან იწინასწარმეტყველა, რომ აპრილის ბოლოსთვის "თითქმის ნულოვანი ახალი შემთხვევები" იქნებოდა.

აშშ-ში ამჟამად COVID-19-ის შემთხვევების მორიგი უეცარი ზრდა არის. ერთ დღეში 100 000 შემთხვევის დაფიქსირებიდან მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ ხუთშაბათს, 12 ნოემბერს, ამ რიცხვმა რეკორდულ 160 000-ს მიაღწია. კორონავირუსის გამო ჰოსპიტალიზაციების რაოდენობა იმავე დღეს რეკორდული 67 096 იყო.