შემოდგომის დასასრული სულ ახლახან დაიწყო, მაგრამ ეს ამინდს დიდად არ ეტყობა. მიუხედავად ამისა, კარგად ვიცით, რომ რამდენიმე კვირაში საკმაოდ აცივდება. ლოგიკურად ჩნდება კითხვა, რაც უკვე ბევრ ჩვენგანს აწუხებს: მოახდენს თუ არა გავლენას ამინდის ცვლილება კორონავირუსის გავრცელებაზე?

პასუხი უფრო კომპლექსურია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. კორონავირუსს გავრცელება ნებისმიერ ამინდში შეუძლია და არ არსებობს მტკიცებულება იმის სამტკიცებლად, რომ ცივი ამინდი მას გააქრობს, როგორც ამას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) აღნიშნავს.

გაეროს ჯანდაცვის სააგენტო აღნიშნავს, რომ ვირუსი ადამიანებს შორის კი ვრცელდება და მიუხედავად იმისა, რომ წვიმამ და თოვლმა შეიძლება იგი გარე ობიექტების ზედაპირებზე უფრო მეტად განაზავოს, ზედაპირებიდან ვირუსის გადადება პანდემიის მიმდინარეობაში მაინც მცირე როლს თამაშობს.

მეცნიერთა თქმით, ცივ ამინდთან დაკავშირებული შიშის მთავარი მიზეზი ადამიანების ქცევის ცვლილება და მასთან თანმდევი შესაძლო გართულებებია — ხალხი დახურულ სივრცეებში იკრიბება, რაც ვირუსის გავრცელების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.

კვლევებმა აჩვენა, რომ ვირუსი განსაკუთრებით კარგად სახლის პირობებში ვრცელდება, როდესაც ადამიანები საერთო სივრცეებს (მაგ. სამზარეულო, სააბაზანო) ინაწილებენ.

WHO და სხვა ორგანიზაციები უკვე რამდენიმე თვეა, რაც აღნიშნავენ, რომ ცუდი ვენტილაციის პირობებში, დახურულ სივრცეში დაინფიცირება გაცილებით უფრო ადვილია, რადგანაც ვირუსის ნაწილაკები ჰაერში შეიწონება და ასეთ მდგომარეობაში რამდენიმე საათის განმავლობაში რჩება.

კორონავირუსით ინფიცირების რისკი ღია სივრცეში მნიშვნელოვნად დაბალია. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ სუფთა ჰაერი ვირუსულ ნაწილაკებს ადვილად ფანტავს და ღია სივრცეში სოციალური დისტანციის შენარჩუნება გაცილებით უფრო ადვილია. მიუხედავად ამისა, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ თუნდაც ღია სივრცეში, პირბადის გარეშე სხვა ადამიანთან მჭიდრო კონტაქტში ყოფნა ვირუსით ინფიცირების რისკს ზრდის.

საქართველოს მთავრობის ახალი რეგულაციით, პირბადის ტარება სავალდებულო გახდა ღია სივრცეებშიც. როგორც ვიცე-პრემიერმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, გარე სივრცეებში პირბადის ტარება გაკონტროლდება და დარღვევის შემთხვევაში დაკისრებული ჯარიმა 20 ლარი იქნება.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გზები უცვლელია:

  • პირბადის ტარება;
  • ფიზიკური (სოციალური) დისტანცია;
  • საპნით ხელების ხშირი დაბანა.