საქართველოში საგანმანათლებლო თამაშების ჰაკათონი გაიმართება - რეგისტრაცია დაწყებულია
ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა თამაშების ინტეგრირება სასწავლო პროცესში. ამ მიმართულების გააქტიურების შესაბამისად კი, მსოფლიოს პარალელურად, საქართველოშიც იმართება საგანმანათლებლო თამაშების ჰაკათონი - Georgia - Educational Games Hackathon. აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტია, ხოლო ჰაკათონი 12-13 ნოემბერს, საერთაშორისო პროექტ DigiEduHack-ის ფარგლებში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანის პარალელურად, საქართველოშიც გაიმართება.
ჰაკათონის ფარგლებში მონაწილეებს მოუწევთ შექმნან საინტერესო ტექნოლოგიური გადაწყვეტები და პროტოტიპები საგანმანათლებლო თამაშების მიმართულებით. ადგილობრივ ჰაკათონში გამარჯვებულ გუნდს შესაძლებლობა ექნება თავისი იდეა წარადგინოს DigiEduHack-ის ოფიციალურ გვერდზე, სადაც მას შეაფასებენ საერთაშორისო ექსპერტები, ხოლო საბოლოო, გლობალური გამარჯვებული ხმის მიცემის პრინციპით გამოვლინდება.
DigiEduHack არის EIT-ის (ინოვაციისა და ტექნოლოგიის ევროპული ინსტიტუტი) ინიციატივა, რომელიც ხორციელდება ევროკომისიის ციფრული განათლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში. ღონისძიებაში, რომელიც 2019 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს, გუნდები მთელი ევროპიდან და მის ფარგლებს გარეთ ქვეყნებიდან ერთიანდებიან, განათლების უკეთესი მომავლის შესაქმნელად. წელს ჰაკათონის მთავარ ეტაპს გერმანიის ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობა მასპინძლობს.
აღსანისნავია, რომ საგანმანათლებლო თამაშების მიმართულების განვითარება ხელს უწყობს დისტანციური სწავლების მეთოდების ეფექტურობის ზრდას. თვითონ ეს ჰაკათონიც, შექმნილი კოვიდვითარებიდან გამომდინარე, ონლაინ გაიმართება.
ჰაკათონში მონაწილეობა შეუძლიათ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს: სტუდენტებს, მასწავლებლებს, ანტერპრენერებს, ინოვატორებსა და ნებისმიერს, ვინც დაინტერესებულია ციფრული განათლებით. მონაწილეები უნდა დარეგისტრირდნენ ინდივიდუალურად და არა ჯგუფის სახით. ჯგუფის შექმნა ან წევრის დამატება შესაძლებელია ღონისძიების დაწყებამდე ან მის პირველ დღეს. ჯგუფის წევრების მინიმალური რაოდენობა 2, მაქსიმალური კი 5 ადამიანია.
პროექტში მონაწილეობისთვის ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელი პირობაა, ვინაიდან თითოეულმა მონაწილე გუნდმა იდეა DigiEduHack-ის ოფიციალურ გვერდზე უნდა წარადგინოს. რეგისტრაცია კი შემდეგ ბმულზე, 8 ნოემბრის 23:59-მდე შეგიძლიათ.
რაც შეეხება პრიზებს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აწესებს სპეციალურ პრიზს 1500 ლარის ოდენობით, რომელსაც იგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისგან დაკომპლექტებულ რჩეულ გუნდს გადასცემს. ჰაკათონს პარტნიორობას უწევს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველო, რომელიც თავის რჩეულ გუნდს გადასცემს ფულად პრიზს 1500 ლარის ოდენობით. ჰაკათონის პარტნიორია: TBC for Youth - თიბისი ახალი თაობისთვის, რომელიც გამარჯვებული გუნდის თითოეულ წევრს გადასცემს ტექნიკის მაღაზიის 1000-ლარიან ვაუჩერს და ბრენდირებულ საჩუქრებს.
გარდ ამისა, ჰაკათონის პარტნიორები არიან Sector 3 და ფონდი პროდემოსი, რომლებიც გამარჯვებულ გუნდს გადასცემენ ფულად პრიზს 2000 ლარის ოდენობით. ჰაკათონის პარტნიორია კომპანია Alta, რომელიც გამარჯვებულ გუნდს გადასცემს სპეციალურად დაწესებულ პრიზს — Lenovo ThinkPad X1 ANC-ის ყურსასმენებს.
პროექტი მხარდაჭერილია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA • Tech Park) მიერ. ჰაკათონის მედიაპარტნიორები არიან NEXT.On.ge და Marketer.ge. ჰაკათონის ქომუნითი პარტნიორია CG Georgia.
კომენტარები