YouTube-ის მობილურ აპლიკაციაში ჟესტების მხარდაჭერა და სხვა ახალი ფუნქციები გამოჩნდა
გუგლმა iOS-ზე და ანდროიდზე YouTube-ის მობილური აპლიკაციის განახლება გამოუშვა, რომელშიც გამარტივებულია სამომხმარებლო ინტერფეისი და დამატებულია ჟესტებით მართვის ფუნქცია.
ამიერიდან, მომხმარებლებს აპლიკაციაში ვიდეოს სრულეკრანიან რეჟიმზე გადასართავად ნაკლები ძალისხმევა დასჭიდებათ — ვიდეოზე თითის ზევით ასმით იგი სრულეკრანიან რეჟიმში გადავა, ხოლო შემდგომ, ვიდეოზე თითის ქვემოთ ჩამოსმით იგი საწყის ორიენტაციას დაუბრუნდება.
სუბტიტრების მართვის ღილაკი კი აღარ იმალება 3 წერტილით მონიშნული მენიუს კატეგორიაში, არამედ გამოტანილია პირდაპირ ვიდეოს კონტროლის ღილაკებთან. ვიდეოს მართვის ღილაკებში ასევე გადმოინაცვლა სიის ავტომატური დაკვრის ღილაკმაც.
გარდა ამისა, მობილურ აპლიკაციაში გამოჩნდა Video Chapters ფუნქცია, რომელიც მანამდე სერვისის ვებვერსიაში გამოჩნდა და ვიდეორგოლების თემატურ ნაწილებად დაყოფას გულისხმობს, რაც ვიდეოში ნავიგაციას ამარტივებს.
მეტი კომფორტისთვის YouTube-ის მობილურ აპლიკაციაში დამატებულია "შეთავაზებული ქმედების" ფუნქცია, რომელიც ურჩევს მომხმარებელს, თუ როგორ უყუროს ამა თუ იმ ვიდეორგოლს — სრულეკრანიან რეჟიმში თუ VR-ში. გუგლი ირწმუნება, რომ უახლოეს მომავალში აპლიკაცია კიდევ რამდენიმე საინტერესო ფუნქციას მიიღებს.
კომენტარები