ახლახან, Soyuz MS-17-ით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ეკიპაჟი გაეშვა
ახლახან, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ერთი ამერიკელი ასტრონავტი და ორი რუსი კოსმონავტი გაემგზავრა. კეიტ რუბინსი NASA-ს წარმომადგენელია, სერგეი რიჟიკოვი და სერგეი სვერჩკოვი კი Roskosmos-ის. ისინი Soyuz MS-17-ით ყაზახეთის კოსმოსდრომიდან ადგილობრივი დროით 10:45-ზე გაფრინდნენ.
სადგურის მოდულთან დაკავშრება გაშვებიდან 3 საათში მოხდება. ადრინდელ 6 საათიდან ორ დღემდე პერიოდთან შედარებით, ეს დრო მნიშნელოვნადაა შემცირებული.
ასტრონავტების გაშვება საკმაოდ სიმბოლური აღმოჩნდა: სულ რაღაც ორ კვირაში 20 წელი გახდება, რაც ISS-ზე პირველი ეკიპაჟი გაფრინდა — Expedition 1-ის გუნდი ასევე ერთი ამერიკელისგან და ორი რუსისგან შედგებოდა, უილიამ შეფარდი, იური ლონჩაკოვი და სერგეი კრიკალევი სადგურზე 2000 წლის 2 ნოემბერს გაფრინდნენ.
"ადამიანების ISS-ზე გაშვების 20 წლისთავი საკმაოდ მნიშნელოვანი მოვლენაა და ჩემი აზრით, სამივე ჩვენგანი ამ მოვლენას დიდი ენთუზიაზმით ველოდებით", — განაცხადა რუბინსმა, — "ვფიქრობ რომ კოსმოსური სადგური ინჟინრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი ნამუშევარია, საოცარია იმაზე ფიქრი, რომ იგი სრულად ადამიანების მიერაა შექმნილი და ასევე იმაზეც, რომ უკვე 20 წელია, რაც იგი დედამიწის ორბიტაზეა".
ეკიპაჟი სადგურზე 6 თვის განმავლობაში გაჩერდება, ისინი უამრავი სამეცნიერო ექსპერიმენტის ჩატარებასა და სხვადასხვა ტექნოლოგიის გამოცდას შეძლებენ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ბიოლოგია, ბიოტექნოლოგია, ფიზიკა და საბუნესბისმეტყველო მეცნიერებები.
"ჩვენ ისეთი საინტერესო აქტივობების განხორციელებას ვგეგმავთ, როგორიც ქსოვილის დაბეჭდვა და კოსმოსში უჯრედების გაზრდაა, ასევე რაღა თქმა უნდა დნმ-ის თანმიმდევრობის დადგენაზე ჩვენ მიერ დაწყებული სამუშაოს გაგრძელებაც გვინდა", — განაცხადა რუბინსმა.
რიჟიკოვი 46 წლის რუსი პილოტია. მისთვის ეს მეორე ფრენაა, პირველად იგი ასევე რუბინსთან ერთად სადგურზე 2016 წელს იმყოფებოდა. სვერჩიკოვი კი 37 წლის საჰაერო და კოსმოსური სივრცის ინჟინერია და ეს მისი პირველი მისიაა.
Soyuz MS-17 რუსეთის 63-ე Soyuz ხომალდია, რომელიც 2000 წლიდან საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ეშვება, ხოლო 1967 წელს, პირველი Soyuz-ის გაშვებიდან იგი 146-ეა.
კომენტარები