აღმოჩენა - "ცხელ იუპიტერზე" ჰაერი აორთქლებული ლითონებისგან შედგება
ვარსკვლავის სინათლის გამოყენებით, ასტრონომებმა ჩვენგან 850 სინათლის წელიწადით დაშორებული ეგზოპლანეტის ატმოსფეროს შესწავლა დაიწყეს. ეგზოპლანეტა WASP-121b, რომელსაც ხშირად "ცხელ იუპიტერს" უწოდებენ, ჩვენ მიერ აღმოჩენილ ეგზოპლანეტებს შორის ყველაზე ცხელია. დაკვირვების შედეგად კი გაირკვა, რომ მის ატმოსფეროში, მინიმუმ, შვიდი ტიპის ლითონია.
WASP-121b - ეს არის საკმაოდ ცნობილი გაზის გიგანტი, რომელიც, საკუთარ ვარსკვლავთან სიახლოვის გამო, ძალიან ცხელია. WASP-121b პირველად 2015 წელს აღმოაჩინეს და ის იუპიტერის მასაზე 1,18-ჯერ, ხოლო ზომაზე 1,81-ჯერ მეტია. აღმოჩენიდან ორი წლის შემდეგ კი, ის პირველი ეგზოპლანეტა გახდა, რომლის სტრატოსფეროშიც წყალი იპოვეს. მიუხედავად წყლის პოვნისა, ეგზოპლანეტაზე არსებული ძალიან მაღალი ტემპერატურის (2,500-დან 3,000 გრადუსამდე) გამო, მასზე სიცოცხლის არსებობა ნაკლებად სავარაუდოა.
ეგზოპლანეტის ატმოსფერო იმდენად ცხელია, რომ მისი შემადგენლობა ბევრად მარტივი უნდა იყოს, ვიდრე ეს ასტრონომებს აქამდე ჩატარებული კვლევების დროს ეგონათ: კომპლექსური მოლეკულები მსგავს ტემპერატურაზე ვერ შეიქმნებოდა.
თუმცა, ბოლო კვლევის დროს ასტრონომებმა პლანეტის ატმოსფეროში ვანადიუმის არსებობის მტკიცებულებები იპოვეს, რომელიც იშვიათი ლითონია. მკვლევართა გუნდმა, ასევე, რკინის, ქრომის, კალციუმის, კალიუმის, მაგნიუმისა და ნიკელის არსებობის კვალსაც მიაგნო, ხოლო ადრინდელ დაკვირვებებზე დაყრდნობით ვიცით, რომ ეგზოპლანეტაზე ტიტანი არ არის.
"ყველა ლითონი მაღალი ტემპერატურის გამო აორთქლდა, შესაბამისად, ეგზოპლანეტის ჰაერი აორთქლებული ლითონებსიგან შედგება", — აცხადებენ მკვლევრები.
"ცხელი იუპიტერები" ძალიან მისტიური ეგზოპლანეტები არიან, მათი ატმოსფეროების ანალიზი კი, შესაძლოა, მათზე უფრო მეტის გაგებაში დაგვეხმაროს. ჩვენ არ ვიცით რატომ, ან როგორ არიან ისინი საკუთარ ვარსკვლავებთან ასე ახლოს, ამიტომ მათი ატმოსფეროების შესწავლით შეგვეძლება გავიგოთ, ისინი უფრო შორეული ორბიტებიდან მიგრირდნენ, თუ ვარსკვლავთან ასე ახლოს წარმოიქმნენ.
ეს კვლევები, ასევე, უცხოპლანეტური სიცოცხლის ძებნაშიც გვეხმარება: ის მეთოდები, რომლებსაც დღეს რკინისა და კალიუმის საპოვნად ვიყენებთ, უფრო მგრძნობიარე აღჭურვილობის დამატებით, შესაძლოა, ერთ დღეს ცოცხალი ორგანიზმების მიერ წარმოქმნილი მოლეკულების პოვნაში დაგვეხმაროს. მაგალითად ისეთის, როგორიც მეთანი და ჟანგბადია.
კვლევა ჟურნალ Astronomy & Astrophysics-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები