მართლმსაჯულება და ყალბი მეცნიერება — როგორ მიდიან უდანაშაულო ადამიანები ციხეში
2020 წლის 27 აგვისტოს, რობერტ დუბოისი ციხიდან 37 წლიანი პატიმრობის შემდეგ გამოუშვეს, რადგან დნმ-ის ახალმა სამხილმა აჩვენა, რომ ფლორიდელ კაცს 1983 წელს გაუპატიურებისთვის და მკლველობისთვის ბრალი არასწორად წაუყენეს.
ერთადერთი რეალური სამხილი, რის გამოც დუბოისი დაიჭირეს, მსხვერპლზე აღმოჩენილი ნაკბენი იყო, რომლის ფორმაც, სტომატოლოგი რიჩარდ სუვირონის დასკვნით, დუბოისის კბილებს შეესაბამებოდა.18 წლის დუბოისი მთავარი ეჭვმიტანილი მაშინ გახდა, როდესაც დანაშაულის ადგილის მეზობლად მცხოვრებმა პოლიციას განუცხადა, რომ ის სამეზობლოში "პრობლემებს იწვევდა", ანუ ხმაურობდა და მეგობრებთან ერთად ალკოჰოლს სვამდა.
ციხის ინფორმანტმა (პატიმარი, რომელიც პოლიციასთან თანამშრომლობს და სხვა პატიმრების ინფორმაციას აწვდის) მისცა ჩვენება, რომ დუბოისი თავის დანაშაულში გამოტყდა. ეს გარემოებები სავსებით საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ დუბოისისთვის თავისუფლება აღეკვეთათ. ამ უკანასკნელს, ერთი პერიოდი, სიკვდილიც ჰქონდა მისჯილი.
დუბოისი Innocence Project-ის დახმარებით გაამართლეს და 37 წლის შემდეგ ციხიდან გამოუშვეს, მას შემდეგ რაც სასამართლოს დნმ-ის ახალი სამხილი წარუდგინეს და დამტკიცდა, რომ ინფორმანტის ჩვენება ყალბი იყო.
რა თქმა უნდა, ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის, როცა ციხეში უდანაშაულო ადამიანი ჩასვეს. უსამართლო ბრალის წაყენება, ხშირად, თვითმხილველებისა და ინფორმანტების არასწორი ჩვენების ბრალი შეიძლება იყოს, თუმცა, ყურადსაღები სხვა გარემოებაცაა.
მეოცე საუკუნეში, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, სასამართლო ექსპერტიზამ მეცნიერებთან კონსულტაცია რეგულარულად დაიწყო. ანუ ექსპერტები ატარებენ რიგ "მეცნიერულ" ტესტებს, რომლებიც ბიოლოგიურ და ფიზიოლოგიურ სამხილებს ეყრდნობა. ერთ-ერთი ასეთი სამხილი დნმ-ია, რომელსაც კრიმინალები, ხშირად, დანაშაულის ადგილას ტოვებენ.
თუმცა, სამართლებლივ სისტემაში გამოყენებული "მეცნიერული" ანალიზი, ისტორიის მანძილზე, ხშირად, საერთოდ არამეცნიერული იყო. თუმცა, იმის გამო, რომ მოსამართლეები და ზოგადად, იურისტები ბიოლოგები და ექიმები არ არიან, ხშირად, ყალბი სამეცნიერო პრაქტიკა ინერგებოდა.
ნაკბენი როგორც ხელმოწერა
თუ გადახედავთ მკვლელობის ისეთ შემთხვევებს, რომლებსაც წინ მსხვერპლის გაუპატიურება უსწრებდა, აღმოაჩენთ, რომ კბენა დამნაშავის მხრიდან არც ისე იშვიათია. მსგავს ქცევას ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, თუმცა ყურადსაღები აქ სხვა რამ არის.
იმის გამო, რომ პოლიციელები მსხვერპლზე ნაკბენს ხშირად პოულობდნენ, ნაკბენით დამნაშავის იდენტიფიკაცია, მეოცე საუკუნეში, ხშირი პრაქტიკა გახდა, განსაკუთრებით კი ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ნაკბენის ამოცნობის ექსპერტიზა საკმაოდ მარტივი პროცესია: ოდონტოლოგები ეჭვმიტანილის კბილების მოდელს ქმნიან, რომელსაც ღორის კანს აჭერენ, შემდეგ კი ღორის კანზე დატოვებულ "ნაკბენს" მსხვერპლზე აღმოჩენილ ნაკბენს ადარებენ და მსგავსებას ეძებენ. .
ნაკბენზე არსებული ანაბეჭდისა და ეჭვმიტანილის კბილების შედარებას თავისი სტანდარტები აქვს. საბოლოო ჯამში, ეს პროცესი კრიმინოლოგიაში გამოყენებული ხშირი პრაქტიკის, "კანონზომიერების აღმოჩენის" (pattern recognition) ნაწილია. ამ დარგს მიეკუთვნება ანაბეჭდების ამოცნობაც, რომელზეც მოგვიანებით ვისაუბრებთ.
საინტერესო ისაა, რომ როდესაც მეცნიერები სასამართლოს წინაშე გამოდიან და მოსამართლეს, ისევე როგორც (ზოგ შემთხვევაში) ნაფიც მსაჯულებს, გარკვეულ ჰიპოთეზას სთავაზობენ, სამეცნიერო სტანდარტები, რომლებიც კრიმინოლოგიის მიღმა არსებობს, სამედიცინო დაწესებულებებში, უნვიერსიტეტებში, ლაბორატორიებში და ა.შ, მთლიანად უგულებელყოფილია.
სასამართლოში მდგომი მეცნიერი თავის კვლევას სხვა მეცნიერებს არ უხსნის, არამედ უხსნის იურისტს და ნაფიც მსაჯულებს, რომლებიც ყველანაირი ექსპერტიზის გარეშე არიან. მეცნიერის გაკეთებული შეფასება კი სუბიექტურია და ის არ არის განსჯილი საზოგადოების მიერ, იმის გამო, რომ მოსამართლეს და ნაფიც მსაჯულებს სამეცნიერო ექსპერტიზის მეცნიერული სტანდარტებით განხილვა არ შეუძლიათ, ერთადერთი ბერკეტი რაც მათ ექსპერტული მოსაზრების განსასჯელად რჩებათ, სასამართლოს გამოცდილებაა.
ნაკბენის ანალიზის გამოყენება ბრალის მიყენებისთვის 1975 წელს დაიწყო და ნაწილობრივ, ამ პრაქტიკის საფუძველზე, მას შემდეგ არაერთი ადამიანი დაიჭირეს. იმის გამო, რომ ნაკბენის ანალიზი სასამართლო პროცესებზე ხშირად გამოიყენებოდა და იმის გამო, რომ მისი დახმარებით არაერთი ადამიანი დაიჭირეს, მოსამართლეების თვალში ის [ნაკბენის ანალიზი] მიღებული სამეცნიერო პრაქტიკაა.
ნაკბენის ანალიზის გამოყენების ყველაზე გახმაურებული შემთხვევა 1991 წელს დაფიქსირდა, როცა ჯეფრი დამერის (ამერიკელი სერიული მკვლელი) სასამართლო მიმდინარეობდა. ცხადია დამერი მხოლოდ ამ სამხილის საფუძველზე არ დაუჭერიათ. ბრალის წაყენებისთვის ხშირად მეტი საბუთია საჭირო.
1999 წლის კვლევამ აჩვენა, რომ სასამართლოში გამოყენებული ნაკბენის ანალიზის შემთხვევების 63% ყალბ დადებით შედეგებს იძლევა. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვა, ის საოცრად არაზუსტია.
CSI-ის ეფექტი და მისაღები სამხილი
CSI კრიმინალური სერიალია, რომელიც აშშ-სა და მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარული იყო. მას მეც კი მოვესწარი, როცა ქართულ არხებზე გადიოდა და მახსოვს რომ ძალიან შთამბეჭდავი იყო. CSI-ს დეტექტივები ანაბეჭდებით და ცოტა არარეალისტურად ზუსტი ტექნოლოგიების გამოყენებით კრიმინალებს მუდამ პოულობდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ CSI და მისი მსგავსი კრიმინალური სერიალები უბრალოდ ფიქციური გადაცემებია, ნაფიცი მსაჯულები პოპულარული კულტურისგან დაცულები არ არიან. იმდენად, რომ ამერიკელი იურისტები ვარაუდობენ, რომ ხშირად, ნაფიცი მსაჯულები მიდრეკილნი არიან დაუჯერონ უსაფუძვლო სამეცნიერო ექსპერტიზას, მხოლოდ იმიტომ, რომ მას "სამეცნიერო" ექსპერტიზა ჰქვია.
სამართალში ამ მოვლენას თავისი ტერმინიც კი აქვს — CSI ეფექტი. ეს იმდენად სერიოზული პრობლემაა, რომ როცა ნაფიცი მსაჯულების შერჩევა ხდება, მათ სხვადასხვა სერიალებზე ეკითხებიან. თუ რომელიმე ნაფიცი მსაჯული CSI-ის ან მსგავსი გადაცემის ენთუზიასტია, მათ სასამართლოში ხშირად არც იხმობენ.
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებას ძალიან კარგი რეპუტაცია აქვს და გასაგებია რატომაც. თუმცა, სწორედ ეს რეპუტაცია მეცნიერებას, ხშირად, იარაღად აქცევს. სამართლებლივი სისტემა სავსეა ისეთი "სამეცნიერო" პრაქტიკით, რომელიც ყველანაირ საფუძველს მოკლებულია.
ნაკბენების ანალიზი ამის მხოლოდ ერთი მაგალითია. დროთა განმავლობაში აშკარა გახდა, რომ კანი კბილების განლაგების და ფორმის შესახებ ინფორმაციას კარგად არ ინახავს. მაგალითად, 2010 წლის კვლევა, რომელშიც 700 000 აშშ დოლარზე მეტი დაიხარჯა, აჩვენებს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების და პროგრამების გამოყენებითაც კი, კონტროლირებად გარემოში ნაკბენით კბილების სწორი იდენტიფიცირების ალბათობა 2,3%-ია.
საზოგადოებაში გავრცელებულია მოსაზრება, რომ სასამართლო სამეცნიერო ექსპერტიზის სხვა მეთოდები უფრო სანდოა. ეს მართალია, თუმცა სანდოობა ფარდობითია. მაგალითად, დანაშაულის ადგილზე დატოვებული ანაბეჭდები გამოძიებაში ხშირად ძალიან გამოსადეგია, თუმცა ყოველთვის არა.
FBI-მ ორეგონელი იურისტი მადრიდის ტერორისტულ აფეთქებას ანაბეჭდების საფუძველზე დაუკავშირა. 6 მაისს ეს იურისტი დაიჭირეს, რადგან FBI-ის თქმით, მათ "100%-იანი საბუთი" ჰქონდათ, რომ იურისტის ჩანთაზე აღმოჩენილი ანაბეჭდი, მადრიდის ტერაქატის ადგილას კრიმინალის მიერ დატოვებული ანაბეჭდის იდენტური იყო.
რამდენიმე კვირაში, ბრალმდებელი მხარე, რომელიც ამას ამტკიცებდა უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა, როცა ესპანურმა პოლიციამ ტერორისტი დაიჭირა, რომელმაც მადრიდის ტერაქტი მოაწყო. ორეგონელი იურისტი ბრენდონ მეიფილდი უდანაშაულო აღმოჩნდა. საინტერესო ისაა, რომ მეიფილდის ანაბეჭდის ანალიზი FBI-ს სამმა მეცნიერმა და ერთმა დამოუკიდებელმა მეცნიერმა გააკეთა. ოთხივე ერთიდაიგივე დასკვნამდე მივიდა. როგორ მოახერხა ოთხმა გამოცდილმა მეცნიერმა, რომელთა ანალიზის საფუძველზე მანამდე არაერთი ადამიანი დაიჭირეს, ასეთი შეცდომა დაეშვა?
ანაბეჭდების ანალიზი ძალიან სუბიექტური რამ არის და ის "შედარებით" კვლევას ეყრდნობა. ანუ, ექსპერტი უყურებს ორ ანაბეჭდს და მათ შორის პარალელებს ავლებს. ეს მეთოდი ხშირად მართლაც სასარგებლოა, თუმცა ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც ახლავე უნდა აღვნიშნოთ, სტრუქტურულია.
ანაბეჭდს თითის ბალიშის ბურცობები და ჩაღრმავებები ტოვებს. თუმცა, ადამიანის ხელზე ეს ბურცობები და ჩაღრმავებები რამე უნივერსალური მექანიზმით არ წარმოიქმნება. არ არსებობს უნვიერსალური მექანიზმი, რომელიც სხვადასხვა ტიპის ანაბეჭდებს წარმოქმნის და რომელიც ყველა ანაბეჭდს სახასიათო აქვს. ამ ნაკლოვანების უკეთ საილუსტრაციოდ დნმ-ის ანალიზის მოყვანა შეგვიძლია.
ამბობენ, რომ ყველა ადამიანის დნმ-ის კოდი უნიკალურია. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ყველა ადამიანის დნმ-ს "გამეორებადი თანმიმდევრობები" აქვს. ანუ დნმში არის ისეთი უბნები, სადაც გარკვეული თანმიმდევრობები მეორდება. მე შეიძლება 41 ასეთი გამეორება მქონდეს, თქვენ — 5 და ა.შ.
ეს გამეორებები ადამიანის დნმ-ში ბევრგანაა. ერთან შეიძლება 9 გამეორება იყოს, სხვაგან 15 და ა.შ. ამასთანავე, გამეორებული უბნები დედისგან და მამისგან თანაბრად გვყევება. ანუ თუ დნმ-ის ერთ უბანში შეიძლება დედისეული 9 გამეორება და მამისეული 10. ასეთ უბანზე ვიტყვით, რომ აქ 9-15 გამეორებაა და ა.შ.
ამგვარად, დნმ რეალური ანაბეჭდია, რომლის ინდივიდუალობა განსაზღვრადია და ძალიან სანდოა. იგივეს ვერ ვიტყვით თითის ანაბეჭდზე, სადაც კანონზომიერების შეფასება სუბიექტურია და ეს კანონზომიერები რამე უნივერსალურ პრინციპს არ ეფუძნება.
როცა დანაშაულის ადგილას ან მსხვერპლის სხეულზე ანაბეჭდებს პოულობენ, ეს ანაბეჭდები ხშირად არასრულია, ანუ ხშირად გათხაპნილია, ანაბეჭდის მხოლოდ ნახევარია დატოვებული და ა.შ. არ არსებობს რაღაც უნივერსალური სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს ანაბეჭდის რამხელა ფრაგმენტი უნდა იყოს დატოვებული დანაშაულის ადგილას, რომ მის მიხედვით ბრალის წაყენება მოხდეს.
მეტიც, ცოტა უტრირებულად ვიტყვი, რომ ხშირად "ექსპერტებმა" დანამდვილებით ისიც არ იციან გარკვეული დანაშაული ნამდვილად ადამიანმა ჩაიდინა თუ ფსიქოპატმა კოალამ. კოალა ტყუილად არ მიხსენებია. კვლევის მიხედვით, კოალას და ადამიანს პრაქტიკულად იდენტური ანაბეჭდები აქვთ, განსხვავების დანახვა ელექტრონული მიკროსკოპითაც კი რთულია.
თეთრი ხალათის ძალა
როცა მოსამართლე, ან ნაფიცი მსაჯულები გადაწყვეტილებას ექსპერტიზის საფუძველზე იღებენ, მათ არ აქვთ სამეცნიერო არგუმენტის ვალიდურობის განსაზღვრის არც ცოდნა, არც შესაძლებლობა. აშშ-ში 2001 წელს ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ 400 გამოკითხული მოსამართლის მხოლოდ 4 პროცენტს შეიძლება ესმოდეს ალბათობის, ცდომილების და სხვა სამეცნიერო ცნებების არსი, რომელთა დახმარებითაც სამეცნიერო თეზისის ვალიდურობა განისაზღვრება.
კბილების და თითების ანაბეჭდების გარდა, ექსპერტიზისას კიდევ უამრავ, ხშირად ძალიან არასრულყოფილ ანალიზებს იყენებენ. მაგალითად, ტუჩის და იდაყვის ანაბეჭდებს, დატოვებული კვალის ეჭვმიტანილის ფეხებთან შედარებას და ა.შ. ყველა ამ მეთოდს იგივე პრობლემა აქვს, თუმცა ყველაზე შთამბეჭდავად არასრულყოფილი, ალბათ, ნაკბენის ანალიზია.
ცუდი სამეცნიერო პრაქტიკა და მისი გამოყენების სიხშირე მართლმსაჯულებაში მიანიშნებს, თუ როგორ შეიძლება რაღაც ისეთი, რაც ერთი შეხედვით ობიექტური გვეჩვენება (როგორიც მეცნიერებაა) გახდეს ძალაუფლების იარაღი.
სასამართლო სისტემას თითქმის ყველგან, ცუდი სამეცნიერო პრაქტიკის გარდა, უამრავი სხვა პრობლემაც აქვს, როცა საქმე ბრალის წაყენებას ან ბრალდებულთა მოპყრობას ეხება. თუმცა, ეს საკითხები ჩვენი განხილვის თემას ცდება. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ Innocence Project-ის მიხედვით ამერიკის შეერთებულ შტატებში პატიმრების დაახლოებით 5% უდანაშაულოა. ეს უპრეცედენტოდ მაღალი რიცხვია, თუ გავითვალისწინებით, რომ 2016 წლის მონაცემებით აშშ-ში ციხეში თითქმის 2,4 მილიონი ადამიანი იყო.
ძალიან სამწუხაროა, რომ მეცნიერების სახელით ცუდი და არაკომპეტენტური "მეცნიერები" ადამიანების თავისუფლებას ზღუდავენ.
კომენტარები