კორონავირუსი შეიძლება ჰაერით გადაეცემოდეს — წერია CDC-ის ახალ დოკუმენტში
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) ორშაბათს კორონავირუსის შესახებ საკუთარი გაიდლაინი განაახლა. განახლებულ ვერსიაში წერია, რომ Covid-19 ვრცელდება არა მხოლოდ წვეთებით, არამედ ჰაერითაც, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვირუსისგან თავის დასაცავად საკმარისი არ არის ორმეტრიანი დისტანცია დახურულ ადგილებში. განსაკუთრებით კი ისეთ ადგილებში, სადაც ადამიანები მღერიან ან ხშირად საუბრობენ. სწორედ ამიტომ, ნიღბების ტარებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
აქამდე CDC-ს სახელმძღვანელოში საუბარი არ ყოფილა იმაზე, რომ დაინფიცირებული ადამიანის მიერ გამოყოფილ უმცირეს ნაწილაკებსაც შეეძლოთ სივრცეში გადაადგილება და ჰაერში შეყოფნება (წვეთებისგან განსხვავებით, რომლებიც მალევე ეცემიან რაიმე ზედაპირს). დღეს გამოცემულ ოფიციალურ გზამკვლევში კი წერია: "Covid-19 ის გავრცელება შესაძლოა ჰაერის საშუალებითაც. ზოგიერთი ინფექცია ჰაერში ვრცელდება წვეთებისა და პატარა ნაწილაკების მეშვეობით და შეიძლება ჰაერში რამდენიმე საათსაც კი გაჩერდეს, ამ ვირუსს კი შეუძლია ჯანმრთელი ადამიანის დაინფიცირება მაშინაც კი, როდესაც იგი დაინფიცირებული ადამიანისგან საკმაოდ მოშორებით დგას და მას შემდეგაც, რაც დაინფიცირებული ადამიანი ოთახს ტოვებს".
გასულ თვეში CDC-მ პატარა ცვლილება შეიტანა სახელმძღვანელოში Covid-19-ის ჰაერწვეთოვანი გზით გადაცემის თაობაზე, თუმცა მოგვიანებით ეს შესწორება წაიშალა, რადგან ოფიციალური პირების თქმით, ამ მოსაზრებას ჯერ სამეცნიერო შემოწმება არ ჰქონდა გავლილი.
ერთი და იგივე ვირუსი, გარემოებების შესაბამისად, შეიძლება გადაადგილდეს ჰაერწვეთოვანი გზით და შეიძლება — არა. მაგალითად, დახურულ სივრცეში, ჰაერის კონდიცირების შედეგად შესაძლოა დაინფიცირებული ადამიანისგან ვირუსი ყველა მიმართულებით გავრცელდეს და გამოიწვიოს თუნდაც 2 მეტრზე კიდევ უფრო შორს მყოფი ჯანმრთელი ადამიანების დაინფიცირება. ზუსტად ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა სამხრეთ კორეაში, სტარბაქსში, სადაც ერთდროულად 27 ადამიანი დაინფიცირდა.
ზოგიერთი ვირუსი, მაგალითად წითელა, ზუსტად ვიცით რომ ჰაერწვეთოვანი გზით გადადის და ამიტომაც ვრცელდება მარტივად. სხვა ვირუსები (თუნდაც გრიპი) უმეტესად წვეთების გზით ვრცელდება. Covid-19-ის მსგავსი ვირუსები კი ამ ორი ტიპის ვირუსებს შორისაა და ვრცელდება როგორც წვეთების, ასევე აირის სახით. შესაბამისად, ჩვენივე უსაფრთხოებისთვის აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ექიმების რჩევები: მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს და მუდმივად ვატაროთ ნიღბები.
"ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები ვირუსები ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენს ღია სივრცეში, რადგან იგი სწრაფადვე იფანტება ჰაერის დიდი ნაკადის მიერ, დახურული სივრცეების ხშირი განიავება კი დაავადების გავრცელების რისკს საგრძნობლად შეამცირებს", ამბობს ჟურნალ "The Atlantic"-ის რეპორტიორი ზეინეფ ტუფექი. ხელების ხშირი დაბანა და სოციალური დისტანცია ისევ საჭიროა. ახალ დოკუმენტში ისევ არის აღნიშნული, რომ ზედაპირის საშუალებით კორონავირუსის გადადების შანსი დიდი არაა.
ზამთარი გვიახლოვდება, გარეთ უკვე აცივდა და ყველას გვინდა მყუდრო და თბილ სივრცეებში დროის გატარება, თუმცა დღევანდელ პირობებში, საუკეთესო ადგილი საყვარელ ადამიანებთან შესახვედრად ისევ ღია სივრცეებია, სადაც ვირუსის გავრცელების რისკი დაბალი იქნება.
კომენტარები